კრემლის აქტორების 6 გზავნილი სანდუს წინააღმდეგ

19 ნოემბერი, 2020

15 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ქვეყანაში პრო-ევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუმ, რომელიც პარტიის „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერია, ამომრჩეველთა ხმების 57,75% მოიპოვა. რაც შეეხება მის კონკურენტს, პრორუსულად განწყობილ იგორ დოდონს, მას მოსახლეობის 42,25%-მა დაუჭირა მხარი. 

მეორე ტურის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე გზავნილები 13-14 ნოემბერს ქართულ ონლაინ, მათ შორის კრემლისტურ მედიაშიც გავრცელდა: saqinform.ge, News Front Georgia, tvalsazrisi.ge, geworld.ge, mediapress.ge, Tvm.ge. აღნიშნულმა მედია საშუალებებმა გულბაათ რცხილაძის ვრცელი მიმოხილვა იდენტური სათაურით -,,დასავლეთი მოლდავეთის გაყოფას და გაქრობას უწყობს ხელს - რა დასკვნა კეთდება საქართველოსთვის?” - გამოაქვეყნეს, ხოლო News Front Georgia-მ, Geworld-მა და TVM.ge-მ იდენტური ფოტო კოლაჟით.

;;

;;

14 ნოემბერს News Front-ზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ რცხილაძე ამჟამად მოლდოვაში იმყოფება და იქიდან ,,აკვრიდება, თუ როგორ უტევენ სოროსისტული ძალები მოლდავეთის სახელმწიფოებრიობას და სურთ, ქვეყანა დაშალონ, ოღონდ კი რუსეთთან დაპირისპირება “გახურდეს”.

17 ნოემბრის crowdtangle-ის მონაცემებით, აღნიშნული მასალა 16 სხვადასხვა ანგარიშზე გაზიარდა, მათ შორის პარტიულ (საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერთა ჯგუფი), ანტილიბერალურ (ანტილიბერალური სივრცე,) პრორუსულ (კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия,  სტალინი) და სხვა.

გულბაათ რცხილაძის მიმოხილვაში საუბარია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოლდოვაში მოვლენები პროდასავლელი კანდიდატის მაია სანდუს გამარჯვების შემთხვევაში. ამასთანავე, ავტორი მაია სანდუს საქმიანობისა და დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაციას ცდილობს. რცხილაძე თავის მიმოხილვაში 6 ძირითად ნარატივს აჟღერებს:

1. სანდუ სოროსულ ლაბორატორიებშია „გამოზრდილი”

სტატიის ავტორი მაია სანდუს ,,სოროსულ ლაბორატორიებში „გამოზრდილს“ უწოდებს და მის დასავლური ორიენტაციას აკრიტიკებს. გულბაათ რცხილაძის თქმით, მოლდოველების მსგავს მორწმუნე და კონსერვატორ ხალხს შეუძლებელია ,,სოროსელი ქალბატონი” მოსწონდეს.

2. დასავლეთმა მოლდოვაში სანდუს გამარჯვება და პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის გასაძლიერება დააფინანსა 

ავტორის მტკიცებით, დასავლეთმა მოლდოვის არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებისთვის ფინანსური რესურსი ჩადო. გულბაათ რცხილაძე კვლავ ავლებს პარალელს უკრაინასა და საქართველოსთან და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მსგავსად მოლდოვაც ,,ანტირუსულ ავანტიურაში” ჩაითრევენ, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური დარტყმა იქნება. 

არჩევნების შედეგებში გარე ძალების ზემოქმედებაზე საუბრობს News Front საქართველოს რედაქტორი შოთა აფხაიძე ნიუს ფრონტის სტატიაში, სადაც აღნიშნავს, რომ დასავლეთი მეორე ტურში ფავორიტი კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას ყველა შესაძლო გზით შეეცდება.

3. მოლდოვას ტერიტორიულად გაყოფა ემუქრება და ამას ხელს დასავლეთი უწყობს

სტატიის ავტორი აპელირებს დასავლეთის მხრიდან ,,უხეშ ჩარევაზე”, რომლის შედეგადაც მოლდოვა ტერიტორიებს დაკარგავს. გულბაათ რცხილაძე პარალელს ავლებს უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს ჩამოსცილდა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხოლო უკრაინას - ყირიმი, ანალოგიური სცენარი განვითარდება მოლდოვაშიც, თუკი ქვეყანა ,,რუსულ ორბიტას მოსწყდება” და დასავლეთის ინტერესების გამტარებელი გახდება.

4. მოლდოვა რუმინეთს შეუერთდება, რის შედეგადაც მოლდოველების ცხოვრების დონე გაუარესდება

მასალაში წამოჭრილია მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების ე.წ. რუმინეთიზაციის საკითხიც, რისი მომხრეც არის თავად მაია სანდუ. ავტორის შეფასებით, რუმინეთთან მოლდოვის ინტერგრაცია ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან თავად რუმინეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევა და შესაბამისად, მას ,,შესათავაზებელიც არაფერი აქვს”. 

5. თუ არეულობა იქნება, ამას რუსეთს დააბრალებენ

მასალაში მოხმობილია სანდუს კონკურენტის, უკვე ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პოზიციაც. ის მკვეთრად ემიჯნება რუმინეთთან შეერთების პროცესს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი შედეგად სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. გულბაათ რცხილაძე არ გამორიცხავს, რომ არეულობის შემთხვევაში ყველაფერი რუსეთის ბრალეულობას მიაწერონ.

6. რუსეთის “კეთილი მიზნები”: რუსეთი სინამდვილეში მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებისთვის იღვწის

დასავლეთის ,,უხეში ჩარევის” პარალელურად, ავტორი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს რუსულ ფაქტორზეც. მისი თქმით, რუსეთს მოლდოვასთან მიმართებაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნებისთვის მოტივი ამოძრავებს.

კრემლის ინტერესები მოლდოვაში

აღსანიშნავია, რომ კრემლი მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს, შესაბამისად,  პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება რუსეთის ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მაია სანდუს მთავარი კონკურენტი, უკვე ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ყოფილი კომუნისტია, რომელისაც ღიად აქვს გაცხადებული თავისი პრორუსული ორიენტაცია. 

რუსეთთან დოდონის კავშირებზე საუბრობენ სხვა წყაროებიც, მიხეილ ხოდორკოვსკის ცენტრის „დოსიეს“ გამოძიების მიხედვით, კრემლის ადმინისტრაციაში მოლდოვის მიმართულებას საგარეო დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი კურირებს, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსია.

ნარატივი, რომ დასავლური ძალები მოლდოვის შიდა პოლიტიკაში ერევიან, რუსი პოლიტიკოსების რიტორიკისთვის არის დამახასიათებელი.  2020 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამი რუსული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვის, საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. ლავროვის შეფასებით, ამერიკელები ცდილობენ ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რათა პროდასავლურმა ძალებმა ცალსახა გამარჯვება მოიპოვონ და არ შედგეს ისეთი კოალიცია, როგორიც [პროდასავლურ] სანდუსა და [პრორუს] დოდონის პარტიებს შორის იყო.

რაც შეეხება რუმინეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარების პროცესს, ეს საკითხი ასევე არ შედის რუსეთის ინტერესების სფეროში, რისი მიზეზიც ტერიტორიების ისტორიული დავაა. რუმინეთთან გაერთიანებაზე საუბარი მოლდოვაში ჯერ კიდევ 1991 წლიდან გახდა აქტუალური. მოლდოვის ტერიტორიის დიდი ნაწილი თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ იყო კონტროლირებული, მსოფლიო ომებების პერიოდში კი ტერიტორიების დიდი ნაწილი რუმინეთის მმართველობაში გადავიდა, სანამ საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს ქვეყნის სრული ანექსია მოხდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვის ერთი ნაწილი დნესტრისპირეთი სამოქალაქო დაპირისპირების ველად იქცა, რადგან ადგილობრივი რუსულენოვანი მოქალაქეები დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდნენ. ამ დრომდე დნესტრისპირეთი ,,გაყინული კონფლიქტის” ზონად ითვლება და ადგილზე რუსი ,,მშვიდობისმყოფელები” არიან განლაგებულნი.

გულბაათ რცხილაძის შესახებ

გულბაათ რცხილაძე ,,ევრაზიული ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორი რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრია“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს.

შოთა აფხაიძე  კრემლისტური გამოცემა News Front საქართველოს რედაქტორია, აღნიშნული გამოცემის ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე ოპერირებენ, ფეისბუკმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა.


მოამზადა გვანცა დევიძემ


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია