სხვადასხვა

კრემლი ორუელზე ორუელისეულად

17 ივლისი, 2020

წყარო - EUvsDisinfo

ნიუსპიკი, როგორც კრემლის სარედაქციო პოლიტიკა.

ახლახანს, სტრატეგიული კულტურის ფონდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანს 1984-ს ეხებოდა. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, როცა კრემლისტური მედიასაშუალება ამტკიცებს, თითქოს თავად იყოს მამაცი წინააღმდეგობა “აზრის პოლიციის”, “დიდი ძმისა” და სხვა ორუელისეული მახასიათებლების წინააღმდეგ.

სტატიის ავტორის თანახმად, გონების კონტროლის საშიში, ავბედითი მეთოდების გამოყენება ხდება, რომლითაც ყველას აიძულებენ ბრმად მიიღონ სიცრუე და ილუზია რუსეთი შესახებ. მხოლოდ ის და მისი მკითხველი არის იმუნური ამ მეთოდების წინააღმდეგ და შეუძლია, გაარჩიოს სიმართლე. 

ეს ორუელის რომანის ძალიან ორუელისეული გამოყენებაა. რომანში უმთავრესი კონცეფცია არის ე.წ. ნიუსპიკი, ენა,რომელიც ხალხში აზრთა სხვაობის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. თუმცა, როგორც ორუელი წერს, არცერთი სიტყვა ამ ენაში არ იყო ნეიტრალური. სინამდვილეში სიტყვები საკუთარი მნიშვნელობის საპირისპიროს გამოხატავდა. მაგალითად მშვიდობის სამინისტრო რეალურად ომის სამინისტროს ერქვა. 

სწორედ მსგავსად შეიძლება დავინახოთ სტრატეგიული კულტურის ფონდის მისიაც:

“სტრატეგიული კულტურის ფონდი უზრუნველყოფს პლატფორმას ექსკლუზიური ანალიზისთვის, კვლევისა და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისათვის ევრაზიულ და გლობალურ თემებზე. ჩვენ ვფარავთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების საკითხებს მთელს მსოფლიოში. 2005 წლიდან, ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულია ათასობით ანალიტიკური ჩანაწერი და კომენტარი, დამოუკიდებელი ავტორების უნიკალური პერსპექტივით. SCF მუშაობს საექსპერტო დისკუსიის გაფართოებისა და დივერსიფიკაციისთვის, საერთაშორისო პოლიტიკის ფარული ასპექტების და არასტანდარტული აზროვნების აქცენტირებით. ინტერნეტის გაფართოებული შესაძლებლობებისგან სარგებლობით, ჩვენ ვმუშაობთ სანდო ინფორმაციის, კრიტიკული აზრისა და პროგრესული იდეების გასავრცელებლად.”

ზემოაღნიშნული რომ ნიუსპიკის ორუელისეული განმარტებით განვიხილოთ:

“ექსკლუზიური ანალიზი” - კრემლის გზავნილები

“საექსპერტო დისკუსიის გაფართოება და დივერსიფიკაცია” - პარტიული ნარატივის გამყარება

“არასტანდარტული აზროვნება” - კრემლის გზავნილების გამეორება

“სანდო ინფორმაცია” - დეზინორმაცია

“კრიტიკული აზრი” - ბრმა ლოიალობა

“პროგრესული იდეები” - ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის მხარდაჭერა

სტრატეგიული კულტურის ფონდი რუსეთში დაფუძნებული ვებგვერდია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დახასიათებულია როგორც “პარტნიორი”. ვებგვერდი მთლიანად კრემლისტური პარტიული პოლიტიკის გამტარებელია და აჟღერებს იმავე გზავნილებს სკრიპალების საქმეზე, MH17-ზე, პერსონალურად რუსეთის პრეზიდენტზეც კი და მხარს უჭერს რუსულ იმპერიალიზმს სირიასა და უკრაინაში. 

კრემლისტური ნიუსპიკის სლოგანები ასეთი შეიძლება იყოს: დეზინფორმაცია არის სიმართლე. იმპერიალიზმი არის თავისუფლება. დიქტატურა არის პროგრესული.

სტრატეგიული კულტურის ფონდი მიიჩნევს, რომ 1984 რეალურად ბრიტანეთის იმპერიას აღწერს. სტატიის ავტორის თქმით, ორუელს განზრახული ჰქონდა, რომ “დიდი ძმა” ბრიტანეთის იმპერიის სიმბოლო ყოფილიყო. თუმცა სინამდვილეში ჯორჯ ორუელი ბრიტანეთის, აშშ-ის და რუსეთის იმპერიალიზმის კრიტიკოსი იყო და სტრატეგიული კულტურის ფონდისგან განსხვავებით იმპერიალიზმის ყველა გამოვლინების წინააღმდეგი იყო. 

ვიღაცამ უნდა ურჩიოს ამ 200-ზე მეტი სტატიის ავტორებს, რომლებიც ორუელს ახსენებენ, რეალურად წაიკითხონ რას წერდა ორუელი, თუნდაც ცხოველთა ფერმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამოცემის წინასიტყვაობა, რომელშიც მწერალი რუსულ პროპაგადაზე საუბრობს.

კრემლის ეკოსისტემაში სიტყვა “ორუელისეულს” ჯორჯ ორუელის რომანთან საერთო არაფერი აქვს. კრემლის სამყაროში რუსული პოლიტიკის კრიტიკა არის ორუელისეული.

ან როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა: “ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია, როგორც ორუელის “1982-ში”!

არც ორუელის რომანის მთავარმა გმირმა, უინსტონ სმიტმა იცოდა, რა წელი იყო იმ დროს.