ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კორონავირუსის შესახებ მითებმა TikTok-ზე გადაინაცვლეს

12 ივნისი, 2020

buzfeednews.com-ის მიხედვით

მას შემდეგ რაც Facebook-მა, Twitter-მა და სხვა პლატფორმებმა  კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება  შეზღუდეს, ყალბი ინფორმაციისა და კონსპირაციის თეორიის გამავრცელებლებმა TikTok-ზე გადაინაცვლეს. 

Plandemic” - დოკუმენტური ჟანრის ვიდეოა, რომელიც შეიცავს დიდი ხნის წინ გამოვლენილ და გადამოწმებულ კონსპირაციებსა და დეზინფორმაციას კოვიდ-19-ზე. სხვა პლატფორმებმა უზრუნველყვეს მოცემული ვიდეოს წაშლა, თუმცა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ვიდეორგოლი ახალ გზას უკვე TikTok-ზე იკვალავს. 

First Draft-ის მიერ შეგროვებული მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები და ვიდეოები თანდართული ჰეშთეგით #plandemic  TikTok-ზე დიდი სისწრაფით გავრცელდა და 12 მაისის მდგომარეობით მათმა რაოდენობამ 62-ს მიაღწია. ვიდეოები მოიცავს ყალბ კონსპირაციებს და კორონავირუსს ბილ გეთსსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკავშირებს. ამას გარდა,  ვირუსის არსებობაც ეჭვქვეშაა დაყენებული.

“ეს ყოველთვის ასე მოხდება. როცა ერთი პლატფორმა ზღუდავს მსგავს ვიდეოებს, ისინი სხვა პლატფორმებზე ინაცვლებენ” - განაცხადა First Draft-ის ტრენინგებისა და მხარდაჭერის მენეჯერმა ლაურა გარსიამ. 

თავდაპირველად მოხდა #plandemic ჰეშთეგიანი 326 TikTok ვიდეოს შესწავლა და დადგინდა, რომ ამ ვიდეოებს ჯამში 537 168 ინტერაქცია ჰქონდა. მათდან 10 ვიდეოს ჰქონდა ჯამში 210 433 ინტერაქცია, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამხელა აუდიტორია ჰყავს ვიდეოების მცირე რაოდენობას აღნიშნულ პლატფორმაზე. 

“TikTok პლატფორმის მთავარი მიზანია თავად ეს პლატფორმა სუპერ გაზიარებადი გახდეს. მთავარია არა ის, რაც TikTok-ზე იქმნება, არამედ ის, თუ რამდენად შორს შეუძლია მას “მოგზაურობა” - ამბობს გარსია. 

TikTok-ზე ადამიანთა ჯგუფებს შორის დაკავშირების უფრო სხვა, უნიკალური საშუალებები არსებობს, ვიდრე ჰეშთეგები. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ვიდეოებისთვის კონკრეტული ხმა და სპეციალური ეფექტი შეარჩიონ, რაც კიდევ უფრო ართულებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის თვალის მიდევნებას. 

“აქ არ არის მხოლოდ ვიდეო და ის, რასაც მომხმარებლები ამბობენ, არამედ სხვისი წარმოებული მასალის მწვანე ფონად გამოყენების შესაძლებლობაცაა, რომელსაც შეუძლიათ დრამატული ხმა ან მუსიკა დაადონ, ამბობენ  First Draft-ში. 

TikTok ზოგიერთ ვიდეომასალას შლის. First Draft-ის ანგარიშში მოცემული რამდენიმე #plandemic-ჰეშთეგიანი ვიდეო უკვე წაშლილია, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ იძებება. 

“ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით მომხმარებლები უსაფრთხოდ და ინფორმირებულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ზომები კორონავირუსთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის პოტენციური გავრცელების შესაზღუდად - განუცხადა BuzzFeed News-ს TikTok-ის პრესსპიკერმა. 

მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, რამდენად აგრესიულად მიუდგა TikTok დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.  First Draft-მა ახლახან დაიწყო აპლიკაციაზე დაკვირვება და აქამდე ამ საკითხს სიღრმისეულად არავინ იკვლევდა. 

პლატფორმაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია კონსპირაციული ვიდეოების პოვნა, მათ შორის 5G სიგნალის შესახებ.