პოლიტიკა

კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა

22 ოქტომბერი, 2019

18 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა progressnews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “საბჭოთა კავშირის დანგრევა აშშ-ის უდიდესი დანაშაულია – ჰენრი კისინჯერი კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია”. სტატიის მიხედვით, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ საბჭოთა ადამიანი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა და დასავლეთზე ერთი საფეხურით ზემოთ იდგა. Progressnews-ს სტატიის წყაროდ რუსულენოვანი panorama.pub-ი აქვს მითითებული.

 

progressnews.ge: საბჭოთა ადამიანს ისეთი უბრალო რამ აბედნიერებდა, როგორიცაა ჯინსის შარვალი, ტუალეტის ქაღალდი და შებოლილი ძეხვი და ის სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩვენ ისინი გავრყვენით და კარი გავუღეთ სამყაროში, სადაც ბრჭყვიალა ცდუნების მიღმა კაპიტალიზმის სასტიკი კანონები იმალება… ჩვენ მხოლოდ სექსი გვქონდა, მათ კი ნამდვილი სიყვარული. ჩვენ მხოლოდ ფული გვქონდა, მათ კი ნამდვილი ადამიანური მადლიერება და ყველაფერში ასე იყო. რა თქმა უნდა, სოციალიზმის თაყვანისმცემელს ვერავინ მიწოდებს, რადგან დასავლელი ადამიანი ვარ დასავლური აზროვნებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში ნამდვილად ახალი ადამიანი იბადებოდა. შეიძლება ითქვას – homo soveticus. ეს ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენ ეს ნაკრძალი დავანგრიეთ. შესაძლოა, ეს ჩვენი უდიდესი დანაშაულია“ – განაცხადა დიპლომატმა.”

მოგვიანებით progressnews-მა სტატიაში ჩასწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ ჰენრი კისინჯერის ინტერვიუ სავარაუდოდ რუსულ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა. თუმცა ონლაინ გამოცემას არ ჩაუსწორებია არც სტატიის სათაური (“საბჭოთა კავშირის დანგრევა აშშ-ის უდიდესი დანაშაულია- ჰენრი კისინჯერი კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია”) და არც Facebook-ზე გაზიარებულ პოსტში განუმარტავს, რომ ინტერვიუ ყალბია. პოსტის აღწერაში მითითებულია ამონარიდი სტატიიდან “საბჭოთა ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენ ეს ნაკრძალი დავანგრიეთ”. აღნიშნული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კისინჯერის ინტერვიუ ნამდვილია.

"

პროგრესნიუსის  პირველწყარო panorama.pub სინამდვილეში სატირული გამოცემაა, რაც მასალაში მკაფიოდ მითითებული არ არის. რუსული იუმორისტული მედიის იდენტური სათაურით (“საბჭოთა კავშირის დანგრევა აშშ-ის უდიდესი დანაშაულია – ჰენრი კისინჯერი კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია”)  მასალის გავრცელება კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კისინჯერის შეფასება რეალურია, რასაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი.  

ინფორმაციას ავტორი არ ჰყავს და ის რედაქციის სახელით ვრცელდება, რის ნიშნადაც მასალის ბოლოს მითითებულია “პროგრესნიუსი”, რომელზეც მიბმულია panorama.pub-ის ვებ-გვერდის ბმული. აღნიშნულ ბმულს რუსულენოვან პირველწყაროზე გადავყავართ, სადაც იდენტური მასალაა 2018 წლის 15 ოქტომბრით არის დათარიღებული.. 

"

ვებ-გვერდის ბოლოს გამოცემის შესახებ ინფორმაციის სექციის გვერდით არის გაფრთხილების (Предупреждение)  სექცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა სატირულია და გამოგონილია. და რომ ნებისმიერი თანხვედრა რეალურ პიროვნებასთან ან მოვლენასთან მიზნად არ ისახავს ვინმეს შეურაცხყოფას ან რეპუტაციის ხელყოფას, რამდენადაც მასალები სატირული ხასიათისაა. 

"

შესაბამისად, panorama.pub-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს.

  • პროგრესნიუსის შესახებ

პროგრესნიუსი 2019 წლის 26 თებერვალს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დარეჯან მეფარიშვილია. ვებსაიტზე განთავსებული აღწერის თანახმად ანალიტიკური სააგენტო progressnews.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პროფესიონალურად და მიუკერძოებლად აშუქებს. 

“მითების დეტექტორი” პროგრესნიუსის მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციებზე ადრეც წერდა. ყალბი ამბები ეხებოდა კარფურში რუსეთის მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფას, კონჩიტა ვურსტის საქართველოში ვიზიტსა და ფოტომანიპულაციას ჰომოსექსუალთა ჯგუფის შესახებ. პროგრესნიუსი სიახლეების გაშუქებისას არასანდო წყაროებს ეყრდნობა.

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.

  •  დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
  •  Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
  •  გამოგონილი ამბავი ფლორიდელი მამაკაცის მიერ თევზის გაუპატიურების შესახებ

დანართი:  progressnews-ის სტატიის თავდაპირველი ვერსია

"