NGO

“ქართული ოცნების” არითმეტიკა საარჩევნო აქტივობას ეფუძნება, NDI-ის კვლევა - მთლიანი მოსახლეობიდან გამოითვლება 

23 იანვარი, 2020

16 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, რეიტინგმა აპრილის შემდგომ კვლავ დაიწია. აღნიშნული კვლევის შედეგებს სახელისუფლებო და პრორუსულ ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან NDI-ის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. მადისკრედიტირებელი განცხადებების თანახმად, NDI კვლევის შედეგებს აყალბებს და მათ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვები არჩევნების რეალურ შედეგებს არ შეესაბამება. 

17 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პლატფორმამ “მედიაკრიტიკა” NDI-ის კვლევაზე POSTV-ის ჟურნალისტის გური სულთანიშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც NDI-ის მეთოდოლოგია ეჭვქვეშაა დაყენებული. გური სულთანიშვილის განმარტებით, NDI-ს კვლევებსა და 2012-2018 წლებში არჩევნების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც კვლევის საქმიანობის სანდოობაზე კითხვებს აჩენს. “მედიაკრიტიკის” განმარტებაში მოყვანილია სტატისტიკა, რომელშიც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროცენტული მაჩვენებლები არჩევნებზე პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი წევრების მიერ მიღებული ხმების რაოდენობასთანაა შედარებული. აღნიშნული შედარების გრაფიკი 17 იანვარს გაავრცელა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური მოთვალთვალე”, რომელსაც პოსტი დასპონსორებული ჰქონდა.

"

იდენტური ნარატივის სტატისტიკური შედარება 19 იანვარს “ქართული მარშის” წევრმა ბექა ვარდოსანიძემ და მედია-კავშირი “ობიექტივის” პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამაც გამოაქვეყნეს. ილია ჩაჩიბაია, რომლის ფეისბუქ პოსტს NDI-ის კვლევებზე კრემლისტურმა გამოცემამ News Front Georgia-მ სტატია მიუძღვნა, NDI-ის და IRI-ის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

21 იანვარს კი NDI-ს გამოკითხვები ცესკო-ს შედეგებს ტვ იმედზე გადაცემა “არენას” ეთერში შეადარეს. გადაცემის წამყვანებმა ვალერიან გორგილაძემ და ნუცა შელიამ სხვა სახელისუფლებო აქტორებთან ერთად NDI-ის კვლევები გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია პოლიტიკური განწყობების ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

NDI-ის გამოკითხვების შედარება 2012-2018 წლებში ჩატარებული არჩევნების ცესკო-ს მიერ წარმოდგენილ შედეგებთან არარელევანტურია. 1) ცესკო არჩევნების შედეგებს არა მთლიანი მოსახლეობიდან, არამედ საარჩევნო აქტივობიდან ითვლის; 2) NDI-ის კვლევებში მნიშვნელოვანი მაჩვენებელია “გადაუწყვეტელი” რესპონდენტების რაოდენობა, რომელიც არჩევნების საბოლოო სურათს ქმნის; 3) NDI, ისევე როგორც სხვა კვლევითი ორგანიზაციები თვლიან არა არჩევნების შედეგეს, არამედ სწავლობენ საზოგადოებრივ განწყობებს მოსახლეობაში, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების გამო (მაგალითად, ციხის სკანდალი, ამომრჩეველთა მოსყიდვა) შეიძლება არჩევნების პროცესში შეიცვალოს. 

  • ცესკო არჩევნების შედეგებს არა მთლიანი მოსახლეობიდან, არამედ საარჩევნო აქტივობიდან ითვლის

NDI-ის გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია საქართველოს მთლიანი მოსახლეობიდან, ხოლო ცესკო საარჩევნო შედეგების პროცენტულ წილს საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის მიხედვით ითვლის. 

მაგალითისთვის, 2012 წელს “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმები შეადგენდა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 55%-ს, ხოლო NDI-ის გამოკითხვის 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი - 12 % წარმოდგენილია საქართველოს მთლიანი მოსახლეობიდან.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა იყო 61%, შესაბამისად რეგისტრირებული ამომრჩევლების 61%-ის 55%-მა მისცა ხმა პარტია “ქართულ ოცნებას”, რაც არჩევნებზე რეგისტრირებული მოსახლეობის 33%-ს შეადგენს. 

ანალოგიურად შეიძლება გამოვთვალოთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62% მიიღო. აქტივობა არჩევნებზე ამ შემთხვევაში 46% იყო, შესაბამისად მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის მთლიანად რეგისტრირებული ამომრჩევლების 29%-ს აქვს ხმა მიცემული. NDI-ის წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 39%-ს შეადგენდა.

 
  • “გადაუწყვეტელი” მოსახლეობის რაოდენობა არჩევნების საბოლოო შედეგზე აისახება

NDI-ის კვლევებში მნიშვნელოვანი მაჩვენებელია “გადაუწყვეტელი” რესპონდენტების რაოდენობა, რომელიც არჩევნების საბოლოო სურათს ქმნის. NDI-ის კვლევებში “გადაუწყვეტელი” რესპონდენტების რაოდენობა 2012-2018 წლებში წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით საკმაოდ მაღალი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 47%, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო  და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 57% დაფიქსირდა. “გადაუწყვეტელ” რესპონდენტებში ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე დაჯამებულია პასუხები “არ ვიცი”, “არც ერთი პარტია” და “უარი პასუხზე”.

"
განმარტება: 2014 თბილისის მერის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დამუშავებულია I ტურის მიხედვით

გრაფიკზე მოცემულია 2012-2018 წლებში არჩევნების შედეგების სტატისტიკა. პირველ სვეტში წარმოდგენილია არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ცესკო-ს მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობიდან. მეორე და მესამე სვეტში კი მოცემულია NDI-ის გამოკითხვის შედეგები: “ქართული ოცნების” მხარდაჭერა და გადაუწყვეტელი მოსახლეობა.

როგორც გრაფიკზე ჩანს, 2012-2018 წლებში რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან გამოთვლილი რაოდენობა და NDI-ის წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები ახლოსაა ერთმანეთთან და ზოგიერთ შემთხვევაში NDI-ის კვლევის მიხედვით პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატების რეიტინგი აჭარბებს კიდეც არჩევნებზე დამდგარ შედეგს. აღნიშნული სურათი პირდაპირ უარყოფს სახელისუფლებო ნარატივებს, თითქოს NDI პარტია ენმ-სთან არის აფილირებული და კვლევებს მათ სასარგებლოდ აყალბებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არჩევნების შედეგებსა და NDI-ის წინასაარჩევნო კვლევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა. გამოკითხვებში 47%-ს შეადგენდა გადაუწყვეტელი რესპონდენტები, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს არჩევნების საბოლოო შედეგზე და მათი გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევა ჩატარდა 2012 წლის აგვისტოში, ხოლო სექტემბერში გავრცელდა ციხის სკანდალური კადრები, რამაც მნიშვნელოვნად დაწია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი. დასავლური მედიის განმარტებით, ციხის კადრების გავრცელება შესაძლოა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყოფილიყო. 2012 წელს NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ნაწილი, ვისაც ბოლომდე გადაწყვეტილი არ ჰქონდა კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა, არჩევანი სწორედ ციხის სკანდალის შემდგომ გააკეთა.

  • NDI-ი საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობს და არ ითვლის არჩევნების შედეგებს, რომელზეც ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა

NDI-ის გამოკითხვების მიზანია ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა  და მოსახლეობაში არსებული შეხედულებების ძირითადი ტენდენციების ჩვენება, რათა დაეხმაროს პოლიტიკურ პარტიებს, გაიგონ ელექტორატის განწყობები და საკუთარი საარჩევნო კამპანიები შესაბამისად დაგეგმონ. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა და მათი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ მოვლენებზე. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებზე საზოგადოების განწყობებზე გავლენა ციხეში პატიმრების მიმართ არადამიანური და სასტიკი მოპყრობის კადრების გავრცელებამ მოახდინა, რის შემდეგაც იმ დროინდელი მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა Forsa-ს გამოკითხვით მკვეთრად დაეცა.

“რომელ პარტიას მისცემდით ხმას არჩევნები რომ შემდეგ კვირაში ტარდებოდეს?” ამ კითხვით ორგანიზაცია Forsa-მ გამოკითხვა ციხის კადრების გავრცელებამდე 17-30 აგვისტოს და კადრების გავრცელების შემდეგ 20-26 სექტემბერს ჩაატარა. შედეგად, პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 16 ნიშნულით მოიმატა (65%), ხოლო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა კი 18 ნიშნულით (25%) დაიწია. 

"
წყარო: ESOMAR; WAPOR; Kathleen A. Frankovic

გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ადმინსტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება (სამსახურიდან დათხოვნა) ან ამომრჩეველთა მოსყიდვა (კრედიტების ჩამოწერა) და სხვა, რაზეც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები 2018 წლის არჩევნებზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და წინასაარჩევნო აგიტაციისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების მიხედვით იკრძალება.

ამომრჩევლის მოსყიდვა

ეუთო: “მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ 600,000 ადამიანისთვის კრედიტების ჩამოწერა (სულ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობით), რომელსაც „ქართული ოცნების თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი დააფინანსებდა, ისევე როგორც ნაციონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული სხვა ინიციატივები, რომლებიც მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დახმარების გაწევას გულისხმობდა, ხმების ყიდვის ნაირსახეობას წარმოადგენდა, რაც საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულია.”

ISFED: “მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის სახე აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ. აღნიშნული პროგრამის გარდა, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხმების შეთავაზების ფაქტები.”

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 

ეუთო:  “სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების არეალში მოექცა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები. ამას გარდა, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში ყოველთვის არ შეესაბამებოდა არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც ბუნდოვანს ხდიდა ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის.”