მიგრანტები

ქართული ძალის დეზინფორმაცია, თითქოს მიგრანტებმა საფრანგეთში კათოლიკური ეკლესია დაარბიეს

27 მარტი, 2018

20 მარტს ნაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდმა ქართული ძალა გაავრცელა News Wolrd-ის ვიდეო, რომელზეც ავტორთა მტკიცებით,  საფრანგეთში, კათოლიკურ ეკლესიაზე მესის დროს მუსლიმი მიგრანტების თავდასხმაა ასახული. გაზიარებულ ვიდეოს ქართულმა ძალამ შემდეგი კომენტარი დაურთო:

„მუსლიმი მიგრანტები არბევენ კათოლიკურ ტაძარს საფრანგეთში. არა რასიზმს არა? მეტი ტოლერანტობა და მეტი სამშობლოს გაყიდვა. ესაა თქვენი მიზანი. საქართველოც ასეთ დღეში გინდათ ჩააგდოთ. პრეზერვატივზე დახატული წმინდანების მერე ჩვენი ტაძრების დარბევა აღარავის გაუკვირდება, ისე აქვს ხალხს გრძნობები დაჩლუნგებული“.

ვიდეოს, რომელსაც 27 მარტის მონაცემებით  93 გაზიარება აქვს, სოციალური ქსელში მომხმარებლების მხრიდან ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები მოჰყვა.
"

ქართული ძალის და News World-ის მიერ გავრცელებული ვიდეო და თანდართული აღწერა მანიპულაციურია, რადგან იგი მუსლიმი მიგრანტების მიერ კათოლიკური ეკლესიის „დარბევას“ არ ასახავს. 2018 წლის 18 მარტს წმინდა დენისის ბაზილიკასთან შეკრებილმა 80 მდე ადამიანმა საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტა, რომელიც თავშესაფრის მიღების პროცედურებს ამკაცრებს. წმინდა დენისის ბაზილიკა ცნობილია მიგრანტების მიმართ შემწყნარებლობით, რის გამოც მომიტინგეებმა ის დემონსტრაციის ჩატარების ადგილად აირჩიეს, ხოლო დემონსტრაციის მიმდინარეობისას ბაზილიკაში მესა არ მიმდინარეობდა. ეკლესიის დიაკვნის თქმით, ის მომიტინგეთა პროტესტს იზიარებს.

რეალური ფაქტები

ამერიკული Fact Checking პორტალის Snopes.com-ის ინფორმაციით, News World-ის ვიდეო რეალურ  მოვლენას ასახავს, რომელსაც 2018 წლის 18 მარტს, საფრანგეთში ჰქონდა ადგილი.,თუმცა, კადრებში სულ სხვა მოვლენაა ასახული. კერძოდ, მასალა არა მუსლიმი მიგრანტების მიერ განხორციელებული თავდასხმას ასახავს, არამედ წმინდა დენისის ბაზილიკასთან 80-მდე ადამიანის პროტესტს, რომლებიც საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს თავშესაფრის მიღებას ურთულებს.

News World-მა ვიდეოს გავრცელებისას თავად გააკეთა დასკვნები მომიტინგეთა რელიგიური კუთვნილებისა და ეთნიკური წარმომავლობის, ასევე მათ მიერ ეკლესიაზე „თავდასხმის“ შესახებ.  ამასთან, დემონსტრაციის მიმდინარეობისას ეკლესიაში ღვთისმსახურება არ მიმდინარეობდა. პროტესტმა 1 საათი გასტანა და ბოლოს პოლიციის ჩარევით დასრულდა.

კათოლიკური ახალი ამბების გამოცემა La Croix-ის ცნობით, დემონსტრანტებმა ბაზილიკა აქციის ჩატარების ადგილად იმიტომ აირჩიეს, რომ ეკლესია ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს ადრეც უწევდა დახმარებას.  მაგალითად 2002 წელს ეკლესიამ 130-ზე მეტი ლტოლვილი შეიფარა. გარდა ამისა, თავად ეკლესიის დიაკონი აღნიშნავს, რომ ის იზიარებს მომიტინგეების პროტესტს, რადგან ახალი კანონპროექტი გაართულებს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობას.

ჟან ივ ლეროი, წმინდა დენისის ბაზილიკის დიაკონი: „შემოთავაზებული კანონპროექტი კიდევ უფრო გაართულებს საქმეს“.

News World -ის  ვიდეოს პოპულარული გახდა  მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებში. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა მარინ ლე პენმა, რომელიც არაერთხელ ამხილეს მიგრანტების საწინააღმდეგო დეზინფორმაციების გავრცელებაში,  ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მიგრანტებმა ბაზილიკა „წაბილწეს“.


"


მოამზადა გრიგორ აივაზიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია