მიგრანტები

“ქართული ძალა”-ს ვიდეომანიპულაცია, თითქოს ავღანელი მიგრანტი გერმანელ ქალს კიბეებიდან აგორებს

1 მარტი, 2018

2018 წლის 27 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “ქართული ძალა” გაავრცელა  ვიდეო, რომელშიც მეტროს კიბეებზე ჩამავალ ქალს მამაკაცი წიხლს კრავს და კიბიდან აგორებს, შემდგომ კი სამ თანამგზავრთან ერთად შემთხვევის ადგილს ტოვებს. ვიდეოს თანდართული ჰქონდა ტექსტი: “ავღანელი მიგრანტი გართობის მიზნით წიხლს კრავს და კიბიდან აგორებს გერმანელ ქალს. გაგებით მოვეკიდოთ, ტოლერანტობა და რამე”.

გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც 1 მარტის მონაცემებით,   12 ათასი ნახვა და 255 გაზიარება აქვს, სოციალური ქსელში მომხმარებლის ქსენოფობიური და ანტიდასავლური კომენტარები მოჰყვა.

"

“ქართული ძალის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან იგი ასახავს ბერლინის მეტროში 2016 წლის 27 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც არა ავღანელი მიგრანტი, არამედ წარსულში ნასამართლევი, 27 წლის სვეტოსლავ სტოიკოვი მონაწილეობდა ბულგარეთიდან.

რეალური ფაქტები

ვიდეოს კადრების Google-ს საძიებო სისტემაში გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ ინციდენტი ბერლინში 2016 წლის 27 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევა მეტროსადგურში დამონტაჟებულმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემამ აღბეჭდა, რის საფუძველზეც ბერლინის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ვიდეო 2016 წლის დეკემბერში გავრცელდა და ფართო გამოხმაურება ჰპოვა. მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავშესაფრის მაძიებელი იყო, რაც სოციალურ მედიაში გერმანიაში მიგრანტების მიღების მიმართ კრიტიკისთვის იქნა გამოყენებული.

2016 წლის 17 დეკემბერს, გერმანულენოვანი “Deutsche Welle”-ს თანახმად, ბერლინის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. მასალაში ბულგარულ გაზეთ “Nova”-ზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ თავდასხმელი ბულგარეთის ქალაქ ვარნადან იყო და ბერლინში მშენებლობაზე მუშაობდა. ამასთან, ის წარსულში ქურდობაზე, ძარცვასა და ხულიგნობაზე იყო ნასამართლევი.

The Guardian-ის ცნობით, თავდამსხმელი 27 წლის სვეტოსლავ სტოიკოვია, რომელიც ბერლინში ავტოსადგურზე დააკავეს. მამაკაცს ჩადენილი ქმედებისთვს  2 წელი და 11 თვე მიუსაჯეს.

"

ქართული ძალის მიერ გავრცელებული ვიდეომანიპულაცია ცდილობს მიგრანტები მოძალადეებად წარმოაჩინოს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სიძულვილის და ქსენოფობიური განწყობების დანერგვას. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური Facebook გვერდების მხრიდან ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გერმანიაზე კეთდება, როგორც ქვეყანაზე სადაც თავშესაფრის მაძიებლები გერმანელთა იდენტობას უქმნიან საფრთხეს.  2017 წლის 29 ივნისს, მსგავსი გზავნილის მატარებელი ვიდეო Facebook გვერდმა Antiliberal Channel -მაც გამოაქვეყნა, რომელიც სინამდვილეში 13 სხვადასხვა ეპიზოდის ფაბრიკაციას წარმოადგენდა და უმრავლესობას გერმანიასთან შეხება საერთოდ არ ჰქონდა.  


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია