მედია

ქანთარიას “ნოსტალგიური გახსენებები” ORT და Россия – Культура-ზე და კრემლის მიერ კულტურისა და გასართობი გადაცემების “იარაღად გამოყენება”

17 აპრილი, 2018

2018 წლის 29 მარტს, TV ობიექტის ეთერში  “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა ნუკრი ქანთარიამ რუსული არხების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული კულტურა, როგორც ემოციურად ზემოქმედების დიპლომატიური საშუალება - რუსეთთან ურთიერთობისას არასათანადოდაა გამოყენებული. ადგილი აქვს იმ ადამიანებისა და ჯგუფების კრიტიკას, რომლებიც რუსეთში კულტურული ღონისძიებების ფარგლებში მიემგზავრებიან.  პარლამენტარის თქმით, რუსეთთან არსებული კულტურული ძაფების დემონსტრირებაა ისიც, რომ რუსულენოვან არხებზე ORT და Россия – Культура ძალიან ხშირად ქართული ფილმები და გადაცემები გადის, სადაც ქართული კულტურის წამომადგენლები მონაწილეობენ. ნუკრი ქანთარიას შეფასებით, დისკუსია რუსული არხების გათიშვის შესახებ არასწორია.

ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: „[რუსულ არხებზე] ზოგი ამბობს „ეს უნდა გავთიშოთ“, რას ქვია, 21-ე საუკუნეში რამე გათიშო შენ და არ გქონდეს ის. ძალიან ხშირად მიდის ხოლმე იგივე კულტურაზე, „რასია კულტურა“ რომელიც არის და ქართული ფილმები, ქართული სერიები, იგივე „ORT“-ზეც შეხვედრები სწორედ და ნოსტალგიური გახსენებები ... ეს ყველაფერი ხო არი და შემდგომშიც ხო, ნუ ეს კულტურა, იგივე თეატრებს შორის ურთიერთობები, ჩადიოდნენ, თამშობდნენ ფილმეშიც ვიცით და მათი დღევანდელი, ეხლაც ჩამოდის რობერტ სტურუას დადგმული აქვს [რევიზორი] და ჩამოდის... აი ეს არის ის ძაფები, რომლისგანაც კულტურული ძაფები, იგივე სპორტული ძაფები, სპორტი ვიძახი, საიდანაც უნდა დაიწყოს. ასევე შეგვიძლია მეთქი სულ ვამბობ, რომ ჩვენი კულტურა არ არი გამოყენებული როგორც ემოციურად ზემოქმედების დიპლომატიური საშუალება. ვერ ვიყენებთ ამას ჩვენ უკვე ამ ხნის განმავლობაში, ან ვლანძღავთ ვიღაცებს, ვინც იქ დავუშვათ წავა და ღალატის იარლიყი არი და ისიც და არავითარი მისიით იმას არც ვუშვებთ, რომ პირიქით რო რაღაც წავიდნენ და რაღაც გარკვეული ხიდები გაიბას ხალხებს შორის, თუ ეს მოხდება, მაშინ ბუნებრივია, პოლიტიკაც ეგ არი არა?“   TV ობიექტივი, ღამის სტუდია, 29 მარტი, 2018
 

რუსეთი თავად იყენებს კულტურულ კავშირებს და მედიას, როგორც პოლიტიკური გავლენის საშუალებას, რისთვისაც რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ორგანიზაციებს და ფონდებს,  ასევე კვლევითი დაწესებულებებსა და კულტურულ-სამეცნიერო ღონისძიებებს აფინანსებს. NATO- ს სტრატკომის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსული მედია პროპაგანდისტულ გზავნილებს გასართობ და იუმორისტულ გადაცემებშიც აქტიურად ახმოვანებს. უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული აგრესიის პარალელურად, რუსული მედია გამოგონილ და არარსებულ ამბებს რეალობად ასაღებდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის და საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსის, ჯოზეფ ნაის თანახმად, ქვეყნები საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს სასურველი შედეგის მისაღწევად ხშირად „რბილ ძალას“ იყენებენ, რომელიც „ხისტი ძალისგან“ განსხვავებით, სასურველი პოლიტიკური შედეგის მისაღწევად იძულებასა და ზეწოლის ნაცვლად, თანამშრომლობისა და მიმზიდველობის მექანიზმებს ეყრდნობა.

ნაის განმარტებით, „რბილი ძალა“ წარმოადგენს უნარს, მიაღწიო შედეგს არა ძალდატანების, არამედ დარწმუნებისა და მიმზიდველობის მეშვეობით. რბილი ძალის შემადგენელი ელემენტებია: კულტურა, საჯარო დიპლომატია, მედია, ასევე მათი გონივრული გამოყენება.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია CNA-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში რუსული მედიის როლს  სწავლობდა, ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს კულტურული გავლენა საზღვარგარეთ, რისთვისაც სხვადასხვა აქტორებს იყენებს:  

  • რუსულენოვანი საზოგადოება და კულტურული ინსტიტუტები - სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურები და ფონდები, როგორებიცაა „როსსოტრუდნიჩესტვო“ და „რუსკი მირ“ (რუსული სამყარო)  მიზნად ისახავენ რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და ასევე „ ეთნიკური რუსების კონსოლიდაციას კრემლისადმი ლოიალობის საფუძველზე“. რუსული სამყაროს კონცეფციის გლობალური მასშტაბით დამკვიდრებასა და ხელშეწყობაზე კრემლი დიდი რაოდენობის დროსა და ფულად რესურსს ხარჯავს.
  • აკადემიური წრეები, კვლევითი დაწესებულებები, ღონისძიებები- ევროპულ ქვეყნებში რუსული საგარეო პოლიტიკის პოზიტიურად წარმოჩენის მიზნით აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ასოციაციები და კვლევითი დაწესებულები.  მაგ. „ფრანკო რუსული დიალოგი“ და „პეტერბურგის დიალოგები“ არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ფუნქციონირებენ, თუმცა პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთის ხელისუფლებისგან. ორივე ორგანიზაცია ევროპულ დედაქალაქებში კრემლის მსოფლმხედველობის და პოლიტიკის ადვოკატირებას ეწევა.
  • რუსული მართლმადიდებლური ეკლესია - რუსეთის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს  ეთნო-კულტურული რუსული სახელმწიფოს იდეის ქვეშ აერთიანებს. ეკლესია ხშირად გამოიყენება კრემლის ევროსკეპტიკური მიდგომების გავრცელებისთვის, მაშინ როდესაც დასავლური ლიბერალური დემოკრატია რუსული იდენტობისა და უსაფრთხოებისთვის მიუღებლადაა მიჩნეული

რუსეთის გავლენა საზღვარგარეთ: კულტურა და საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი დაწესებულებები, ინსტიტუციები

ასოციაციები და ღონისძიებები

რელიგიური და კულტურული ორგანიზაციები

ინსტიტუტი დემოკრატიისა და თანამშრომლობისთვის (საფრანგეთი)

პეტერბურგის დიალოგები (გერმანია)

ე.წ „Moskow House”- ები ბალტიის ქვეყნებში

რუსსკი მირ (რუსული სამყარო)

გერმანულ-რუსული

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია

ვალდაის სადისკუსიო კლუბი

ფრანკო-რუსული დიალოგი

როსსოტრუდნიჩესტვო

 

ცივილიზაციათა დიალოგის კვლევის ინსტიტუტი (გერმანია)

 

წყარო: CNA

საფრანგეთი Case Study: რუსული მედია, როგორც „კულტურული დიპლომატიის“ იარაღი

კარნეგის ცენტრის 2018 წლის კვლევაში „ რუსული რბილი ძალა საფრანგეთში: მოსკოვის კულტურული და ბიზნეს პარადიპლომატია“ აღნიშნულია, რომ  მოსკოვი კულტურული და ბიზნეს კავშირების განვითარება-გამყარებისთვის საფრანგეთში ბეჭდურ მედიას იყენებდა. ძირითადად სამგვარი მიდგომა გამოიკვეთა:  

  1. პარტნიორობის დამყარება სანდო და ავტორიტეტულ ფრანგულენოვან გამოცემებთან - Le Figaro, ბევრი ევროპული ყოველდღიური გაზეთის მსგავსად აქვეყნებდა ყოველთვიურ რუსულ დანართს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი გაზეთ „ Российская Газета“-სთან პარტნიორობით. 2017 წლიდან, რუსულენოვანი დანამატი აქვს ასევე ყოველკვირეულ Valeurs actuelles-ს, რომელიც პოლიტიკურად და სოციალურად კონსერვატიულ, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ლიბერალურ ხაზს ატარებს და მემარჯვენე პრესის წარმატებული მაგალითია. ფრანგული ყოველკვარტალური გამოცემა „კონფლიქტები“, რომელიც გეოპოლიტიკაზე სპეციალიზირდება  - ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ ხაზს ატარებს .
  2. ალტერნატიულ პრესასთან კავშირები - რუსულ და ფრანგულ დომეინებზე, ასევე  ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან პარტნიორობით მრავალრიცხოვანი ონლაინ გამოცემები იქმნება , რომელთა აუდიტორიაც უმეტესწილად მცირეა და მოიცავს ფრანგული ელექტორატის იმ ნაწილს, რომელიც მეინსტრიმულ მედიასაშუალებებს სკეპტიკურად უყურებს.
  3. ეროვნულ კონტექსტზე მორგებული მედიაპროდუქტის შექმნა - ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა RT და „სპუტნიკი“  ძირითადად საფრანგეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის ირგვლივ მიკერძოებული შეხედულებების გავრცელებასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების გაშუქებაზე ორიენტირდებიან. მათი გავლენა კი სოციალური ქსელების მეშვეობით და ონლაინ საძიებო სისტემებზე კარგად მორგებული ვებ-პლატფორმების ხარჯზე იზრდება. (ტვიტერი: RT – 78,000 გამომწერი, სპუტნიკი - 46 000)

NATO- ს სტრატკომის კვლევა: როგორ იყენებენ რუსული მედიაპლატფორმები გასართობ და იუმორისტულ გადაცემებს

კრემლის სტრატეგიულ კომუნიკაციაში რუსული მედია საშუალებებიის მიერ გასართობი და იუმორისტული გადაცემების გამოყენება დეტალურადაა გაანალიზებული 2017 წელს ნატოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  

გასართობ და იუმორისტულ გადაცემებში, რუსეთის საზღვრებს მიღმა არსებული  მსოფლიო მტრულ სამყაროდაა წარმოდგენილი. აღნიშნული გზავნილის იუმორისტულ ჭრილში წარმოჩენა რუსულ კომედიურ შოუებში განსაკუთრებით იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში თავდაცვითი სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა პროტესტს.

აქცენტი ასევე კეთდებოდა რუსული კულტურის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე. ხაზი ესმეოდა „იდუმალ რუსულ სულს“ (мистическая русская душа )  და „მოწინავე რუსულ კულტურას“, როგორც „რუსული სამყაროს“ გამამთლიანებელ ფაქტორს. ამ ჭრილში ხშირად გამოიყენებოდა მაყურებლისთვის, „საერთო ისტორიული წარსულის“ შეხსენება, რომელიც ყველა რუსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანს აერთიანებს. მაგ. 2016 წლის 30 მაისს გასართობ-იუმორისტულ გადაცემა „ვეჩერნი უგრანტში“ ცნობილი საბჭოთა მსახიობი ვენიამინ სმეხოვი ამბობდა, რომ რუსეთი  „არა მხოლოდ ივანე მრისხანეს და ნიკოლოზ I-ის, არამედ  პუშნიკის, ბროდსკის ქვეყანაცაა“.

კიდევ ერთი მიმართულებაა დასავლური მედიის დისკრედიტაცია. კერძოდ, რუსოფობიაში დადანაშაულება და ჰომოფობიური ხასიათის პაროდიული კონტენტის გავრცელება.
"
RT: უყურეთ როგორ იქმნება ბოროტი რუსული პროპაგანდა

"
КВН, 2015: ამერიკელები LGBT საკითხების პროპაგანდას ეწევიან

არარსებული პერსონაჟები და გამოგონილი ამბები

უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობის პარალელურად, რუსული ტელევიზიები აშუქებდნენ „ამბებს“, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. 2015 წელს რუსეთის „პირველმა არხმა“ გაუშვა სიუჟეტი,  სადაც ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პატარა სლავიანსკელი ბიჭი ჯვარს აცვეს.

"მათ სამი წლის ბავშვი, შორტებიანი და მაისურიანი პატარა ბიჭი განცხადებების დაფაზე ჯვარს აცვეს როგორც იესო. ამის შემდეგ დედამისი მიაბეს ტანკს და მოედანზე სამი წრე მოატარეს".

მოგვიანებით, "პირველმა არხმა" აღიარა, რომ ჟურნალისტს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა ისტორიის უტყუარობის დასადასტურებლად. თუმცა არხს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ოფიციალური ბოდიში არ მოუხდია.

2015 წლის აპრილში რუსულ არხებზე გავიდა სიუჟეტი 10 წლის გოგონას შესახებ, რომელიც  დონეცკში, უკრაინელების მიერ წარმოებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა. რესპოდენტები, რომელიც  რუსულმა ტელევიზებმა ჩაწერეს შეძრძულნი იყვნენ გოგონას სიკვდილით და კიევის მთავრობას ტერმინით "ფაშისტური ხუნტა", მოიხსენიებდნენ. „ბიბისი“-ს მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში,  რუსული ტელევიზიის ერთ-ერთმა რეპორტიორმა კამერის წინ განაცხადა, რომ ბავშვი არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. მათ გადასცეს სიუჟეტი, რადგან "ასე უნდა მოქცეულიყვნენ".

 

RT: 2008 წლის ომის გაშუქება

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაშუქებისას, რუსული ტელევიზიები ავრცელებდნენ ნარატივს, რომ ქართველებმა ოსი ხალხის გენოციდი მოაწყვეს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. მოგვიანებით, Russia Today-ს რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში  განაცხადა, რომ როდესაც 2008 წელს „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოსთან ომს აწარმოებდა“  Russia Today „აწარმოებდა საინფორმაციო ომს მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“.


მოამზადეს დალი ქურდაძემ და მიშო ყორშიამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია