პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურიას მანიპულაცია, თითქოს აშშ ახალ რუს დიპლომატებს მიიღებს

11 აპრილი, 2018

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2018 წლის 2-8 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ინტერვიუ, რომელშიც ის აშშ-დან და რუსეთიდან დიპლომატების გაძევების საკითხს აფასებს. ბაღათურიას თქმით, ამერიკამ “პოზიციები შეარბილა”, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ გაძევებულ რუს დიპლომატებს ახალი დიპლომატებით ჩაანაცვლებს, ხოლო რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს აღარ მიიღებს.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „არადა, ჩვენი მედია მალავს იმას, რომ ამერიკელებმა შეარბილეს თავიანთი პოზიცია. მათ განაცხადეს - მართლია, 60 რუს დიპლომატს ვაძევებთ, მაგრამ ეს როტაციის შესაძლებლოაბს იძლევა და მოსკოვს შეუძლია, 60 ახალი დიპლომატი გამოგზავნოს ამერიკაშიო! რუსეთმა კი 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მათ არავითრი ახალი ამერიკელი დიპლომატებით აღარ ჩაანაცვლებინებს შეერთებულ შტატებს!“

ჯონდი ბაღათურიას განცხადება მანიპულაციურია და მიზნად რუსეთის წინააღმდეგ სკრიპალის მოწამვლის გამო აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების დისკრედიტაციას და  რუსეთის, როგორც უფრო ძლიერ და პრინციპულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ისახავს. დიპლომატიაში არსებული პრაქტიკის თანახმად, გაძევებული დიპლომატების ჩანაცვლება როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს შეუძლია, თუმცა თუ რუსეთი ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე უარს იტყვის, შესაბამისად რუსეთის ახალ დიპლომატებს არც აშშ მიიღებს.

რეალურად, დიპლომატების ჩანაცვლების პრინციპით სარგებლობა ეხება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთს. CNN-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს არ შეუმცირებია ორმხრივი მისიისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობა, შესაბამისად აშშ-ის მხრიდან რუსეთიდან ახალი დიპლომატიური პერსონალის მოთხოვნა შესაძლებელია.

“როგორც ყოველთვის/როგორც ეს მსგავსი ინციდენტების დროს წარსულშიც მომხდარა, რუსეთის ხელისუფლებას ორმხრივ მისიაში ვაკანტურ პოზიციებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეუძლია. დიპლომატიური აკრედიტაციის ნებისმიერ მოთხოვნა განხილული იქნება დეტალურად, თითოეული საქმის შესწავლის საფუძველზე,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპის ქვეყნებმა, კანადამ და აშშ-მა რუსი დიპლომატები გააძევეს. ამერიკამ რუსეთის 60 დიპლომატი გააძევა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატების გაძევება სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ერთი ნაწილია. ამერიკამ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რასაც უკვე მოჰყვა რუსეთის საფონდო ბირჟების ჩამოშლა.


მოამზადა გრიგორ აივაზიშვილმა,
მითების დეტექტორის ლაბორატორია