იდენტობა

Изве́стия-ს და Geworld- ის დეზინფორმაცია ლატვიაში მცხოვრებ რუსულენოვან უმცირესობათა შესახებ

13 ივლისი, 2017

2017 წლის 28 ივნისს “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ევროპის უუფლებო ადამიანი”, რომელშიც საუბარია ბალტიის ქვეყნებში მხოვრებ რუსულენოვან უმცირესობათა დისკრიმინირებულ მდგომარეობაზე. მაგალითად მოყვანილია ლატვიაში არსებული მდგომარეობა, ხოლო პირველწყაროდ რუსულენოვანი გაზეთი „იზვესტიაა“ მითითებული.

Изве́стия/Geworld.ge: „დღეს ლატვიაში დაახლოებით 330 ათასი ე.წ. არამოქალაქე ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14 პროცენტია. ამასთანავე, აქ მოქმედებს “არამოქალაქეების” უფლებების 79 სახის შეზღუდვა: მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები, იყვნენ მოსამართლეები, პროკურორები, იმსახურონ არმიაში და ა.შ. უფლება არ აქვთ, განახორციელონ გარიგება უძრავი ქონების გასხვისებაზე ოფიციალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე”.

„იზვესტიას“ და “საქართველო და მსოფლიოს” ლატვიის შესახებ მომზადებულ მასალაში მითითებული სტატისტიკური მონაცემები და მტკიცებები - არარეალურია, რაზეც შემდეგი ფაქტები მეტყველებს:

ფაქტი #1 - ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს 2016 წლის მონაცემებით, ლატვიაში არამოქალაქეთა რაოდენობა 232 143-ია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 11,79%-ია.   Geworld.ge -ს  მიერ მითითებული მონაცემი,  თითქოს ლატვიაში 330 ათასი მოქალაქეობის არმქონე პირი ცხოვრობს და მოსახლეობის 14%-ს შეადგენს  - არასწორია.

  • ლატვიაში არამოქალაქეთა რიცხვი ყოველ წელს იკლებს და ამისათვის სახელმწიფო სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს, რაც ნატურალიზაციის პროცესის გამარტივებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს. ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2016 წელს ლატვიაში არამოქალაქეთა პროცენტული წილი  11,79 % იყო, რაც რაოდენობრივად  232 143 მოქალაქეს შეადგენს. ეს კი Geworld.ge -ს სტატიაში მითითებულ რიცხვზე 100 ათასით ნაკლებია. 
"

წყარო: ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიურო

ფაქტი # 2 -მტკიცება, თითქოს  ლატვიაში არამოქალაქეთა ბავშვებს ავტომატურად მოქალაქეობას არ ანიჭებენ,  სიცრუეა.

ლატვიის სახელმწიფო ატარებს განსაკუთრებულ ღონისძიებებს არა მოქალაქეებისათვის, რათა მათაც ისარგებლონ მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი პრივილეგიებით.    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლატვიაში მოქალაქეობა სწორედ დაბადებით ენიჭებათ, მათ შორის იმ ბავშვებსაც, რომელთა მშობლები არამოქალაქეები არიან. ამასთან, 2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ლატვიაში ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭება დაბადებით, მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობითაც არის შესაძლებელი.

ფაქტი # 3 - მტკიცება, რომ ლატვიის ხელისუფლება მხარს უჭერს ან ახალისებს ფაშისტურ და ნეონაცისტურ მსვლელობებს, ხოლო საზოგადოებაში ანტისემიტიზმი და რასიზმი იმატებს, უსაფუძვლოა.

  • ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე   მითითებულია, რომ ლატვიის ხელისუფლება არ მართავს რაიმე მსვლელობას რომელიმე ტოტალიტარული იდეოლოგიის მხარდასაჭერად. ნაცისტური უნიფორმები, სიმბოლოები ან სლოგანები, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს, ლატვიაში არის კანონით აკრძალული.ლატვიელები მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე ნაცისტური გერმანიის მხარეს. სხვადასხვა ჯგუფები, საკუთარი ინიციატივით პატივს მიაგებენ  დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას, რაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყოველგვარ იდეოლოგიურ კონტექსტსაა მოკლებული.  ლატვიის მთავრობა პასუხისმგებლობას არ იღებს რომელიმე კერძო ჯგუფის მიერ მოწყობილ შეკრებაზე და არ მონაწილეობს მასში. 2010 წელს ლატვიის პოლიციამ  აღკვეთა ნაცისტთა იუბილეს გამართვის  მცდელობა, რომელიც ჰიტლერის ჯარების ლატვიაში შემოჭრის 69-ე წლისთავს ეძღვნებოდა.
  • ლატვიის მთავრობის წარმომადგენლები ებრაულ თემთან ერთად პატივს მიაგებენ გენოციდის მსხვერპლ  ებრაელთა ხსოვნას. თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ 2016 წელს წარმოთქმულ ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის  სიტყვებს :

„მიუხედავად საშინელი დახვრეტებისა და დანაკარგისა, ებრაული თემი ლატვიაში ფერფლიდან აღსდგა და ახლა მე ვხედავ მათ კომუნალურ, რელიგიიურ და კულტურულ განვითარებას. ეს აძლიერებს ლატვიას.“

ფაქტი # 4  - მტკიცება, თითქოს ეთნიკური რუსები ლატვიაში მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ, დეზინფორმაციაა.

ლატვიაში დღეს მოქმედებს  75 ორენოვანი სკოლა, სადაც სწავლება ლატვიურის გარდა რუსულ, პოლონურ, ბელარუსულ, უკრაინულ, ესტონურ, ლიტვურ და ებრაულ ენებზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ლატვიაში დღესდღეობით 5 ნაციონალური, 30 რეგიონალური რუსულენოვანი გაზეთი გამოიცემა და 34 კერძო რადიო არხი  არსებობს.

ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი რუსულ ენაზე მოსაუბრეა და როგორც თავად  აცხადებს, ეს მას ხელს არ უშლის იყოს თავისი ქვეყნის, ლატვიის პატრიოტი.

"

წყარო: Minority Rights Group International

აღსანიშნავია, რომ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში ლატვიის ინტეგრაციის პოლიტიკა წარმატებულად არის შეფასებული. ლატვიაში ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა გაფართოვდა, ნატურალიზაციის პროცესი კი გამარტივდა.


მოამზადა სოფო შუბითიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია