განათლება

​​​​​​​ისტორიის სახელმძღვანელო არ ამტკიცებს, რომ ქართული ანბანი მესროპ მაშტოცის შექმნილია

5 მარტი, 2021

1 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Lu Ka-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ გვერდს ასახავს და მასზე ხაზგასმულია შემდეგი სიტყვები: “ქართული ანბანი შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ-მაშტოცმა.” ფოტოს თან ახლავს ავტორის კომენტარი “SOS!!! SOS!!! SOS!!! ვის შეაქვს სკოლის წიგნებში აბსურდი და ყალბი ინფორმაციები რომლითაც ჩვენს სკოლებში ასწავლიან, თურმე სომეხმა მაშტოცმა შეგვიქმნა ანბანი!!!” 5 მარტის მონაცემებით Lu Ka-ს პოსტს 1 200 გაზიარება აქვს. Lu Ka-ზე დაყრდნობით პოსტი გამოაქვეყნა Levan Tavdishvil-მაც, ვისგანაც ანტივაქსარმა შორე შანიძემ პოსტი საჯარო ჯგუფში “ბედნიერი ერი” გააზიარა.

;

სოციალურ ქსელში გავრცელებული სახელმძღვანელოს ტექსტი უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად სახელმძღვანელოს ამ თავში ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ არსებული სხვადასხვა ცნობაა განხილული, მათგან ერთ-ერთი სწორედ მესროპ მაშტოცის მიერ მისი შექმნის ვერსიაა, რომელიც შემდეგ გვერდზე სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით გაკრიტიკებულია. შესაბამისად, გაკვეთილიდან ერთი ნაწილის ფრაგმენტულად ამოღების შემთხვევაში, მკითხველს ინფორმაცია უკონტექსტოდ მიეწოდება.

ფოტოზე ხაზგასმული მონაკვეთი სულაკაურის გამომცემლობის სსიპ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრიფირებული ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს 123-ე გვერდზე გვხვდება, რომელიც გაკვეთილის “ქართული კულტურა IV-X საუკუნეებში” შემადგენელი ნაწილია.

გაკვეთილის პირველი ქვეთავია “ქართული დამწერლობა.” სწორედ ამ ნაწილში ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია და წყაროა განხილული. მათგან ერთ-ერთია მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კორიუნის თხზულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული ანბანი სომეხმა მოღვაწე მესროპ-მაშტოცმა შექმნა. 

სულაკაურის გამომცემლობა, მე-9 კლასი: “V საუკუნის სომეხი ისტორიკოსისი, კორიუნის თხზულების (“მესროპ-მასშტოცის ცხოვრება”) თანახმად,  ქართული ანბანი შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ, მესროპ-მასშტოცმა (ამასთანავე სომხური და ალბანური ანბანების შემქმნელმა).”

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ხაზგასმული წინადადება სწორედ ამ მონაკვეთიდანაა და კონტექსტიდან მისი ამოღება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სახელმძღვანელო ქართული დამწერლობის წარმოშობის ამ ვერსიას ეყრდნობა.  

სახელმძღვანელოს შემდეგ გვერდზე დეტალურადაა განხილული მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ ცნობის სანდოობა. აქვე ვკითხულობთ, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული დამწერლობის წარმოშობის ეს ვერსია სათანადოდაა გაკრიტიკებული და უარყოფილი. ჩამოთვლილია ის გარემოებებიც, რომელთა გამოც მასშტოცი ვერ შექმნიდა ქართულ ანბანს, ამ გარემოებებს შორისაა სომეხი მკვლევრის ა.პერიხანიანის განმარტება იმის შესახებ, რომ მაშტოცმა ქართული ენა არ იცოდა, ასევე ზ. ალექსიძის ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ კორიუნის თხზულებაში ქართულ ანბანზე ცნობა X საუკუნეში დაამატეს და ორიგინალ ვერსიაში სულაც არ იყო. 

;
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა, ისტორია 9, 2019 წელი

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ისტორიის მეცხრე კლასის გრიფირებული სახელმძღვანელო 2012 წელსაც გამოიცა. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული მონაკვეთი 2012 წლის ვერსიაშიც გადაამოწმა, სადაც ტექსტი აბსოლუტურად იდენტურია. 

;

;

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმძღვანელოს ამ თავში ავტორები ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ არც ერთი კონკრეტულ წყაროს უტყუარ ჭეშმარიტებად არ აცხადებენ, არამედ განიხილავენ თითოეულ ვერსიას და მათთან დაკავშირებულ კრიტიკას, მათ შორის ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ და კ.კეკელიძის ვარაუდს, რომ ანტიკურ ხანაში დასავლეთ საქართველოში მწიგნობრობის ენად ბერძნულს, აღმოსავლეთში კი არამეულს იყენებდნენ. 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს გაყალბების შემთხვევა “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


არქივი - https://archive.is/WHZVP


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.