ისტორიის გაყალბება: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს სტალინმა მიუერთა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გგ
2.6k
VIEWS

2018 წლის 25 მაისს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალპერინის სტრასბურგში გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. გალპერინის თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს ოსების ნების უგულვებელყოფის ხარჯზე იოსებ სტალინმა მიუერთა. მისივე განცხადებით, 1991-სა და 2008 წელს საქართველო სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა.

მიხეილ გალპერინი, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე: “სულ რაღაც 95 წლის წინ, 1922 წლის დეკემბერში, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიას იოსებ სტალინმა მიუერთა. სტალინი კი, როგორც მოგეხსენებათ, იყო ქართველი, ის გორში დაიბადა. ამ დროს არავინ ჰკითხა ოსებს, სურთ თუ არა, იყვნენ ქართველები. ამ გადაწყვეტილებიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ გადაწყვიტა, ეს აღესრულებინა, შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. იგივე მცდელობა მათ 2008 წლის აგვისტოშიც ჰქონდათ”

საქინფორმის მიერ გამოქვეყნებული რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინტერვიუ ისტორიულ უზუსტობებს შეიცავს. რეალურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის გარეთ არასდროს ყოფილა. 1920 წლის 7 მაისის “მოსკოვის ხელშეკრულებით” რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ხელშეკრულებით, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, შესაბამისად, 1922 წელს სტალინი საქართველოს დამატებით ახალ ტერიტორიას ვერ შეუერთებდა.

1. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის გარეთ არასდროს ყოფილა

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (1918-1921) ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა, რაც ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, მათ შორის მეფის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის დროსაც. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში მუდმივად ხდებოდა წაქეზება “სამხრეთ ოსეთის” ნაციონალური საბჭოსი, რათა იქ გაძლიერებულიყო სეპარატისტული მისწრაფებები. ოსი ბოლშევიკები მუდმივად წინააღდმეგობას უწევდნენ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას. ერთ-ერთი ძლიერი შეტაკება 1920 წლის მაისს მოხდა, რომელსაც სარდალი ვალიკო ჯუღელი თავის მემუარულ ნაშრომში “მძიმე ჯვარი” აღწერს.

2. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა

1920 წლის “მოსკოვის ხელშეკრულებით”, საბჭოთა რუსეთმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ხელშეკრულების თანამხად, რუსეთმა საქართველოს საზღვრების შემადგენლობაში აღიარა ტფილისის, ქუთაისის და ბათუმის გუბერნიები ყველა შემადგენელი მაზრითა და ოკრუგით. ასევე საქართველოს შემადგნელობაში ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგები აღიარა.

ცხინვალის რეგიონი, რომელზეც გალპერინი ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიას სტალინმა მიუერთა, მეფის რუსეთის დროს გორის მაზრის ნაწილი იყო. გორის მაზრა კი, თავის მხრივ, ტფილისის გუბერნიას ეკუთვნოდა. 1920 წლის ხელშეკრულებით, ტფილისის გუბერნია სხვა გუბერნიებთან ერთად რუსეთმა საქართველოს შემადგენელ ნაწილად სცნო, შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაც, როგორც ტფილისის გუბერნიის ნაწილი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიად იქნა აღიარებული. შესაბამისად, ჯერ კიდევ 1920 წელს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებულ ტერიტორიას, 1922 წელს სტალინი საქართველოს ვერ მიუერთებდა.

"
3. 1922 წლის 20 აპრილს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა დღევანდელი კონფლიქტის წყაროა.

1920 წლის 28 მარტს “სამხრეთ ოსეთის ნაციონალურმა საბჭომ” შექმნა „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი“, რომელიც რუსი ბოლშევიკებისგან “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიის შექმნას ითხოვდა. აღნიშნული საკითხი ბოლშევიკებმა საქართველოს ოკუპაციის შემდგომ მართლაც განიხილეს. ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ 1921 წლის 31 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთს მიენიჭა ავტონომიური ოლქის უფლებები, ხოლო საქართველოს საქართველოს რევკომს მოეთხოვა სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელ კომიტეტთან ერთად ავტონომიის საზღვრების განსაზღვრა. საბოლოოდ იურიდიულად ტერმინები „სამხრეთ ოსეთი“ და „ჩრდილოეთ ოსეთი“ 1922-24 წლებში დაკანონდა, როდესაც ჯერ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ (აპრილი, 1922), ორი წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ (ივლისი, 1924) შეიქმნა.

"
დეკრეტი N2, მიღებული სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ, ეხება სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის საკითხს.

აღნიშნული დადგენილება ცხინვალის რეგიონის ქართველი მოსახლეობის უგულვებელყოფის ხარჯზე მიიღეს. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ოსები მხოლოდ მე-4 ადგილზე იყვნენ. კერძოდ, ცხინვალში 1651 ებრაელი, 1436 ქართველი, 765 სომეხი, 613 ოსი და 64 რუსი ცხოვრობდა. ავტონომიური ოლქის შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ოსი ბოლშევიკების “ღვაწლის” დაფასებას წარმოადგენდა.

ოლქის არსებობა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებოდა. 1922 წელს სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის შექმნა შეგვიძლია დღეს არსებული კონფლიქტის წყაროდ მივიჩნიოთ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist