NATO-ში ინტეგრაცია

ირმა ინაშვილის მანიპულაცია NATO-რუსეთის ურთიერთობებზე

8 მაისი, 2018

25 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო  “საქინფორმმა” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და შეხვედრებს მართავდეს - ირმა ინაშვილი”. მასალაში საუბარია პატრიოტთა ალიანსის ლიდერის განცხადებაზე რუსეთთან დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ირმა ინაშვილს მაგალითად  NATO -ს გენერალური მდივნის განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმადაც NATO  რუსეთის იზოლაციას არ აპირებს და პირიქით, მასთან მოლაპარაკებას განაგრძობს.

ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული. ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის NATO -ს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ NATO  რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, NATO  აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას".
საქინფორმი, 25 აპრილი, 2018

ირმა ინაშვილის მტკიცება, თითქოს NATO რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს მანიპულაციური და კონტექსტიდან ამოგლეჯილია. 4 აპრილს კანადაში, ოტავას  უნივერსიტეტში გამოსვლისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთთან ურთოერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ NATO -ს მოკავშირე სახელმწიფოებისა და პარტნიორების მიერ რუსი დიპლომატების გაძევება უკრაინაში და სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების, კიბერშეტევებისა და სხვა ქვეყნებში შიდა დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაზე პასუხს წარმოადგენს. გენერალურმა მდივანმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად ამისა NATO  არ აპირებს რუსეთის იზოლაციას.

რეალური ფაქტები:

4 აპრილს კანადაში , ოტავას  უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას  NATO -ს გენერალურმა   მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა   სიტყვით გამოსვლის დროს  რუსეთთან ურთოერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის პროცესში მონაწილეობა, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, კიბერშეტევებზე და სხვა ქვეყნებში შიდა დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა სალისბურის თავდასხმის საპასუხოდ  NATO -ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მწვავე რეაქციის მიზეზია. სტოლტენბერგის თქმით, NATO -ს მოკავშირე ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება რუსეთის ქმედებებზე ალიანსის ერთიან საპასუხო რეაქციაა, რადგან სალისბურის თავდასხმა რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს. გენერალური მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, NATO  არ აპირებს რუსეთის იზოლაციას, რადგან ის მეზობელი სახელმწიფოა.

"

NATO -რუსეთის ურთიერთობები

პატრიოტთა ალიანსის მიერ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელება თითქოს NATO რუსეთთან დიალოგს იწყებს პირველი შემთხვევა არაა. გზავნილების მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს  NATO  ეგუება რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას  და თავად აპირებს მასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რუსეთთან ურთიერთობის სექციაში აღნიშნულია, რომ ორ ათეულ წელზე მეტია NATO რუსეთთან საერთო ინტერესების სფეროში პარტნიორული ურთიერთობის, დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისკენ მიისწრაფის, თუმცა ალიანსსა და რუსეთს შორის ყველა სახის სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ შეჩერებულია. ალიანსის პოზიცია რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსია ან უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა - უცვლელია.

"


მოამზადა ანა ფერაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია