იდენტობა

Ipress-ის დეზინფორმაცია, თითქოს სალონიკის მერს ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო სცემეს

24 მაისი, 2018

2018 წლის 22 მაისს  საინფორმაციო პორტალმა “Ipress”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალონიკის მერს იანის ბუტარისს გეი-აღლუმის ჩატარების ნებართვის გაცემის გამო ფიზიკურად თავს დაესხნენ.

Ipress: “გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის მიზეზი პოლიტიკოსის საქციელი გახდა, როდესაც მან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, გენოციდის დღეს, გეი-აღლუმის ჩატარების ნება დართო.”

"

Ipress-ის ინფორმაცია დეზინფორმაციაა. მასში გაყალბებულია ფაქტები, რადგანაც სალონიკის მერზე ფიზიკურ თავდასხმას ლგბტ თემატიკასთან კავშირი არ ჰქონია. ბერძენი ულტრა-ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმის მიზეზი გენოციდთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მერის დასწრება იყო. Ipress-ის მასალა მკითხველის შეცდომაში შეყვანას ახდენს, თითქოს ლგბტ თემის მიმართ პოლიტიკოსების მხარდაჭერას  დასავლური საზოგადოება ძალადობით პასუხობს.

რეალური ფაქტები

რეალურად, სალონიკის 75 წლის მერს ფიზიკურად 19 მაისის შეკრებაზე გაუსწორდნენ, რომელიც 1913-1922 წლებში ბერძენთა გენოციდის ხსოვნას ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე ბუტარისის გამოჩენამ ბერძენი ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები გააღიზიანა, რადგანაც ბუტარისი მაკედონიასა და თურქეთის შერიგების, თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის ქებისა და სხვა ანტი-ნაციონალისტური დღის წესრიგით გამოირჩევა. გენოციდის ხსოვნის ღონისძიებაზე ანტი-ნაციონალისტი მერის გამოჩენა გახდა ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ძალადობის მიზეზი და მას ლგბტ თემის მხარდაჭერასთან კავშირი არ აქვს.

"

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, თავდამსხმელები საბერძნეთის ნეო-ფაშისტურ პოლიტიკურ პარტიასთან “ოქროს განთიადი” არის დაკავშირებულები. “ოქროს განთიადი” ქვეყანაში მესამე ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიაა.  მას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ნეო-ნაცისტურ ჯგუფთან "Русский Образ", რომელსაც, თავის მხრივ, ფარული კავშირები აქვს რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან და პუტინის პოლიტკურ პარტიასთან "ერთიან რუსეთთან". რუსეთის მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი "ოქროს განთიადს" ღიად უჭერდა მხარს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და სხვა პოლიტიკოსებმა სალონიკის მერზე თავდასხმა დაგმეს და ის “დემოკრატიასა და საზოგადოებაზე პირდაპირ საფრთხედ” შეაფასეს.


მოამზადა მარიამ ლაღუნდარიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია