მიგრანტები

ინფორმაცია, თითქოს მერკელმა საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღება მოსთხოვა, ტყუილია

11 სექტემბერი, 2018

2018 წლის 4 სექტემბერს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, გადაცემა ,,სპექტრში” პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა საქართველოში 22 აგვისტოს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ესკინის მტკიცებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა.

ავიგდორ ესკინი,პოლიტოლოგი: ,, და ამიტომ უნდა მიიღოთ ეხლა სირიელი ლტოლვილები? მან [ანგრალ მერკელმა] ხომ თქვა ეს? თქვა! ’’

ესკინის მტკიცება, რომ მერკემა თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს მიერ სირიელი ლტოლვილების მიღების ვალდებულებაზე ისაუბრა, ტყუილია. აღნიშნული დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება და მიზნად იმ აზრის დამკვიდრებას ისახავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი დევნილების მიღების ვალდებულებას აკისრებს, რასაც ულტრამემარჯვენე ძალები ანტიმიგრანტული განწყობების გასაღვივებლად იყენებენ.

22 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელმა მიგრაციის შესახებ ნამდვილად ისაუბრა, თუმცა საკითხი არა სირიელი ლტოლვილების მიღებას, არამედ საქართველოდან გერმანიაში წასულ თავშესაფრის მაძიებლებს შეეხო. მერკელის თქმით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისივე თქმით, გერმანია საქართველოს მიგრანტთა უკან დასაბრუნებლად უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადებს.

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს წლებია ვრცელდება. მაგალითისთვის 2016 წელს “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი იყო და ახლა ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრს ხელმძღვანელობს, ამტკიცებდა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ე.წ. რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოს სირიელი ლტოლვილების ნაკადის მიღებას ავალდებულებს.

არც ვიზა-ლიბერალიზაცია, არც ასოცირების შეთანხმება და არც რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოს სირიიდან ლტოლვილების მიღებას არ ავალდებულებს.

ავიგდორ ესკინის შესახებ

ავიგდორ ესკინი რუსი-ისრაელელი კოსერვატორი პოლიტოლოგია. ესკინი რუსულ მედიაში ანტი-ქართული და ანტი-უკრაინული განცხადებებით გამოირჩევა და მხარს რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას უჭერს.  ესკინი საქართველოში რუსულ ოკუპაციაზე საუბარს მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებულ "აგრესიულ აგიტაციას" უწოდებს და "პატრიოტთა ალიანსის" სახით საქართველოში პრო-რუსული ფრაქციის არსებობას დადებითად აფასებს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას კი ესკინი რუსეთის “სულიერ ამაღლებას” უწოდებს, რომელსაც “25 წლის მანძილზე ამცირებდნენ.” გარდა ამისა, ესკინი ევრაზიონიზმისა და რუსეთის, როგორც მესამე რომის იდეის აქტიური მხარდაჭერია. ამასთან, ესკინი ალექსანდრ დუგინის ახლო მეგობარია.

"


მოამზადა თათია შურღაიამ,
მითების დეტექტორის ლაბორატორია