ისტორია

ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანთან ზაქათალაზე დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის, მცდარია

9 თებერვალი, 2021

6 თებერვალს ფეისბუკ მომხმარებელმა ლალი კიკნაველიძემ ჯგუფებში "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" მხარდამჭერთა ჯგუფი,  ,,2012" ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!! გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ ხელშეკრულებას ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემის შესახებ ვადა გასდის. პოსტი ასევე შეიცავს მოწოდებას, რომ ამ მიწებზე ხმაა ამოსაღები. აღსანიშნავია, რომ ლალი კიკნაველიძის მიერ 2021 წელს გავრცელებული პოსტის ტექსტი სიტყვასიტყვით იმეორებს 2018 წლის 26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდის „დადუმებული ქართველობა” მიერ გაზიარებული პოსტის შინაარსს: 

“2021 წლის 15 ნოემბერს 100 წელი შესრულდება ისტორიული ჰერეთის იჯარის წეით გაცემიდან
2021 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდის
გააზიარეთ
ამ მიწებზე ხმა არის ამოსაღები”.

1

2
ქართული მარშის ჯგუფში მოგვიანებით პოსტი წაიშალა.

ინფორმაცია 2021 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ, რის შედეგადაც თითქოს საქართველოს იჯარის წესით გაცემული ისტორიული ჰერეთის დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა,  სიმართლეს არ შეესაბამება.   1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  დადებული შეთანხმების საფუძველზე ზაქათალა აზერბაიჯანის ნაწილად ოფიციალურად გამოცხადდა, ხელშეკრულებაში კი მოქმედების ვადა მითითითებული არ არის. 

იდენტური კონსპირაციები თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებში ვადის გასვლის შესახებ, რომელიც ტერიტორიული კუთვნილების საკითხის გადახედვას ითვალისწინებდა, ადრე ყარსის ხელშეკრულებასთან მიმართებითაც ვრცელდებოდა.

1918-21 წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიას ზაქათალას ოლქი, იგივე საინგილო წარმოადგენდა.   1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მუხტარ გაჯი ზადემ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის თაობაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.   ხელშეკრულების მესამე მუხლის მიხედვით, ზაქათალის საკითხი 1921 წლის 5 ივლისის დადგენილების მეოთხე პარაგრაფით გადაწყდებოდა.

4

ზაქათალის ოლქის მიკუთვნებულობის საკითხი 1920-1921 წლებში

1920 წლის 7 მაისის  ხელშეკრულებით რუსეთმა ზაქათალა საქართველოს ნაწილად აღიარა, თუმცა ამავე წლის 12 მაისის „დამატებითი შეთანხმების“ ფარგლებში,  7 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლებში ცვლილებები განხორციელდა (გვ338). ახალი შეთანხმების მიხედვით, ზაქათალის ოლქი კვლავ სადავო ტერიტორიად გამოცხადდა, მისი მიკუთვნებულობა კი უკვე კომისიას უნდა გადაეწყვიტა, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა.

მითითებული შეთანხმების მეორე მუხლის თანახმად, საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს ზაქათალის ოლქში დამატებითი ჯარის შეყვანა ეკრძალებოდათ, თავად რსფსრ-ის ჯარი კი ზაქათალაში 1921 წლის თებერვალში რუსეთის მიერ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე დარჩა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება დაარღვია და საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა.

1921 წლის ივლისში თბილისში გამართულ ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციაზე, რომელიც საშინაო საზღვრების რეგულირებას ეძღვნებოდა, ფილიპე მახარაძისა და ნარიმან ნარიმანოვის ხელმოწერილი დადგენილების მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველო ოფიციალურად ამბობდა უარს (გვ13) ზაქათალის ოლქზე.

სწორედ ამ დადგენილებას ითვალისწინებდა 1921 წლის 15 ნოემბრის აზერბაიჯანსა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მიერ ხელმოწერილი სასაზღვრო ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც ზაქათალა აზერბაიჯანის ნაწილი ოფიციალურად იქცა. 

პოსტის გავრცელება სხვადასხვა წლებში

ფეისბუკში ინფორმაცია 2021 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ პირველად  2018 წლის 2 ივლისს ფეისბუკის მომხმარებელმა დანიელ ყულოშვილმა   გამოაქვეყნა   (ამჟამად ინფორმაცია წაშლილია).

3

ყულოშვილის პოსტი გააზიარეს  შემდეგმა გვერდებმა: იბერია, კავკასიელს არასოდეს ერქმევა ევროპელი.

4

იმავე დღეს  ყულოშვილის ტექსტი  intermedia.ge-ზეც გავრცელდა.

2019 წლის 21 აპრილს, როცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს,  ულტრანაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდებმა ყალბი ცნობების გავრცელება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის ნოემბერში აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა, ისევ განაახლეს

5
6

ფეისბუკ გვერდმა “ფაქტები საქართველოდან” 2020 წლის სექტემბერში 2019 წლის პოსტი ხელახლა გააზიარა.

7


მოამზადა ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.