NATO-ში ინტეგრაცია

ინახავს თუ არა საქართველოს ბიუჯეტი NATO-ს?

20 ივლისი, 2020

2020 წლის 10 ივლისს კრემლისტური მედია გამოცემის News-front-ის  ქართულენოვან ონლაინ ვერსიაში გამოქვეყნდა News-front-ის  რედაქტორის შოთა აფხაიძის სტატია, სათაურით “ერდოღანს აქვს თურქეთის ტერიტორიების გაფართოების შანსი – საქართველოს ხარჯზე”. ავტორი საუბრობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საფრთხეებზე და ამტკიცებს, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.  აფხაიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას თავდაცვის სფეროს “ფართომასშტაბიანი” დაფინანსების შესაძლებლობა არ აქვს. ავტორი აღნიშნავს, რომ ნატოში ინტეგრაციისა და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსგან თავდაცვის სფეროში იმდენი თანხის მობილიზებას მოითხოვს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სფერო ნადგურდება. შოთა აფხაიძის  News-front-ის სტატია 11 ივლისს “საქართველო და მსოფლიომაც” უცვლელად გაავრცელა

შოთა აფხაიძე, News-front საქართველოს რედაქტორი: ”საქართველოს არ აქვს იმდენი ფული და იმდენი შესაძლებლობა, დააფინანსოს  თანხა, რომელიც უკრაინას გამოყოფს სხვა ტერიტორიების საზიანოდ. თუ საქართველოს მთავრობა დააფინანსებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამხედრო საქმეს,  მაშინ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს, განადგურდეს ეკონომიკა და სოციალური სფერო. ჩვენ უკვე გვაქვს პრობლემური ეკონომიკა და ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემები...საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები არ გვპირდება ეკონომიკურ კეთილდღეობას”. 

News-front-ის  რედაქტორის განცხადება, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა საქართველოს ეკონომიკას ანაგურებს, მცდარია. 1.ნატო-ს სტანდარტის თანახმად, თავდაცვაში დასახარჯი თანხა ქვეყნის ბიუჯეტის პროპორციულია და მშპ-ს 2%-ს წარმოადგენს, საქართველოს მიერ ამ სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება კი 2005 წლიდან დღემდე ამ პროცენტულ მაჩვენებელთან მიახლოებულია ან მას აღემატება. 2. თავად ნატო-ს ქვეყნების (აშშ-ის გარდა) თავდაცვის სფეროში დახარჯული თანხა 2%-იან სტანდარტს თითქმის არ აღემატება. 3.თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში  საქართველოს აშშ და ნატო ფინანსურად ეხმარებიან. 

1. ნატო-ს სტანდარტის თანახმად, თავდაცვაში დასახარჯი თანხა მშპ-ს 2%-ს წარმოადგენს, საქართველოს მიერ ამ სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება კი 2005 წლიდან დღემდე ამ პროცენტულ მაჩვენებელთან მიახლოებულია ან მას აღემატება. 

ნატო-ს სტანდარტის თანახმად, თავდაცვის მიზნებისათვის ქვეყანამ მშპ-ს 2% უნდა გამოყოს.

ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის  სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2004 წელს დამტკიცდა, მოცემულია ვალდებულებები, რომლებიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და კონფლიქტის მოგვარებას უკავშირდება, ასევე პირობას, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა მშპ-ს არანაკლებ 2%-ის თავდაცვის მიზნებისათვის დახარჯონ.

2005 წლიდან დღემდე საქართველოს  მიერ თავდაცვისათვის გამოყოფილი თანხები ნატო-ს სტანდარტთან მიახლოებულია, 2005-2012 წლებში კი 2%-იან სტანდარტს აღემატებოდა კიდეც. 

მსოფლიო ბანკის თანახმად, 2005 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა ნატო-ს სტანდარტთან მიახლოებულია, 2005-2012 წლებში კი აღემატებოდა კიდეც, . თავდაცვაზე საქართველომ შშპ-ს  ყველაზე დიდი წილი 2007 წელს -9.2% და 2008 წელს - 8.5%  დახარჯა, ყველაზე ნაკლები კი  2018 წელს - 1.94%.  

ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროს დაფინანსება ნატო-ს სტანდარტთან მაქსიმალურად არის დაახლოებული. მსოფლიო ბანკის-ს მონაცემების მიხედვით, თავდაცვის დაფინანსება 2015-2018 წლებში 2.14%-დან 1.94%-მდე მერყეობდა. 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტში თავდაცვისათვის გამოყოფილი თანხა 897 მლნ ლარი, მშპ-ს 2% იყო. 2020 წლის ბიუჯეტში კი თავდაცვისთვის 902 მლნ. ლარია გათვალისწინებული.

"

წყარო: მსოფლიო ბანკი 

2. აშშ-ის გარდა, ნატო-ს არც ერთი წევრი ქვეყანა არ ხარჯავს თავდაცვაში სტანდარტით გათვალისწინებულ ხარჯზე მნიშვნელოვნად მეტს. 

ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვის სფეროში დახარჯული თანხა ნატო-ს სტანდარტთან არის დაახლოებული, უმრავლესობის შემთხვევაში კი 2%-იან ზღვარს ჩამოუვარდება. ყველაზე მეტს თავდაცვის მიამრთულებით აშშ ხარჯავს (3.4%), ნატო-ს წევრი 6 ქვეყანა (საბერძნეთი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლატვია) მცირედით ცდება 2%-იან სტანდარტს. 

"
წყარო: Nato-int 

"
წყარო:  nato.int

3.თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში  საქართველოს აშშ და ნატო ფინანსურად ეხმარებიან 

“საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორის” თანახმად, 2015-2019 წლებში აშშ-ის მიერ  საქართველოსთვის გაწეულმა საგარეო სამხედრო დაფინანსებამ $302,7  მლნ შეადგინა. 2019 წელს კი აშშ-ის  მიერ გამოყოფილი თანხა  $35  მლნ-ს შეადგენდა, 2020 წელს კი - $25,2 მლნ-ს.

საქართევლოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლების მიზნით, აშშ-სა და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრე მომზადებულ მასალაში:

მტკიცება, თითქოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს კრემლის პროპაგანდის გზავნილია.

ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკური განწყობების დასათესად მტკიცებას, თითქოს ნატო-სთან დაახლოების პროცესი საქართველოს ეკონომიკას ტვირთად აწევს ან ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლებლად ქვეყანას ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს, კრემლისტური აქტორები ახმოვანებენ. “მედიის განვითარების ფონდის” მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ   2019 წელს “პატრიოტთა ალიანსის” გზავნილები თავდაცვისათვის გაღებულ თანხებს მიზანშეუწონელ ხარჯებად სახავდა და ნატო-ს მიერ მოთხოვნილ გაუმათლებელ ფინანსურ ვალდებულებად წარმოაჩენდა. 

News Front-ისა და შოთა აფხაიძის შესახებ

”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ინფორმაციას 8 ენაზე - რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად - აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის -  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. 30 აპრილს Facebook-მა News Front-ისა და მასთან დაკავშირებული  ფეისბუქ გვერდები გააუქმა. Facebook-ის განმარტებით, ეს სქემა რეგიონში არაავთენტურ საქმიანობას ეწეოდა.

News Front-ის სათაო ოფისის რედაქციაა ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლშია განთავსებული, ხოლო მის ქართულ რედაქციას News Front Georgia-ს მოსკოვში მცხოვრები შოთა აფხაიძე მართავს.

შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა. 2015 წელს აფხაიძემ "კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი"დააფუძნა. დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა.  აფხაიძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ

პროფილები: