II მსოფლიო ომის პროკლამაციები

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

202
VIEWS

ისტორიულად პროპაგანდის ერთ-ერთი ეფექტიანი და გავრცელებული მეთოდი პროკლამაციებისა და საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება იყო. ინტერენეტის არარსებობის ეპოქაში, სახელმწიფოები საჰაერო თუ სახმელეთო გზებით საკუთარ თუ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფორმაცია გაევრცელებას სწორედ პროკლამაციების მეშვეობით ცდილობდნენ.

პროკლამაციები მილიონობით იბეჭდებოდა და ის უმეტესწილად საჰაერო გზით სხვადასხვა ტერიტორიაზე იყრებოდა.

პროკლამაციები შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენებოდა:

  • მოსახლეობისა და სახელმწიფოს დაშინება შესაძლო შედეგების წარმოჩენის გზით;
  • დეზერტირობის პროვოცირება და იმისი ახსნა, თუ რა გზით შეიძლება მტერს დანებდე;
  • დეზინფორმაციის ან კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება;
  • მტერი სახელმწიფოს მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება;
  • ჰუმანიტარული დახმარება.

პროკლამაციების გზით პროპაგანდა კიდევ უფრო აქტიური სახელმწიფოების დაპირისპირების პერიოდში ხდებოდ. ამის ნათელ მაგალითს მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს.  ამ პერიოდში ბუკლეტების საჰაერო გავრცელების მეთოდს როგორც ნაცისტური გერმანია, ისე მისი მოწინააღმდეგე მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი იყენებდნენ. პროპაგანდის ამ გზით, სახელმწიფოები სხვადასხვა გავლენის მოპოვებას და მოსახლეობაში სპეციფიკური განწყობების გაღვივებას ცდილობდნენ. პროკლამაციებს სხვადასხვა ინდივიდები არასაჰაერო გზითაც ავრცელდებდნენ.

  • დიდი ბრიტანეთი და მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული პროკლამაციები

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში პროკლამაციები გამოიყენა. ჯერ კიდევ 1938 წელს დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ მიმართვებს ომის გამოცხადების შემდგომ და მოწინააღდმეგის დაბომბვის წინ კონკრეტულ ტერიტორიებზე ჩამოაგდება. 1938 წელს სპეციალური პროკლამაცია, სახელწოდებით “შეტყობინება გერმანელი ხალხისთვის ბრიტანელი ხალხისგან” შეიქმნა. პირველი ინგლისურენოვანი ბროშურა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენა, გამაფრთხილებელი ხასიათის იყო, სახელწოდებით “Warnung – გაფრთხილება”. თავდაპირველ ეტაპზე დიდმა ბრიტანეთმა საშუალოდ 6 მილიონი პროკლამაცია ჰამბურგში, ბრემენში, კილში, რურსა და სხვა ისეთ ქალაქებში ჩამოყარა, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა იყო.

სურათზე აღბეჭდილი ორი ადამიანი პროკლამაციებით ტვირთავს შესაბამის იარაღს

როგორც უკვე აღინიშნა, პროკლამაციები სხვადასხვა მიზანს ემსახურება და პროპაგანდისტული ხასიათისაა. ასე იყო ბრიტანეთის შემთხვევაში. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

  1. “ევროპის ციხესიმაგრეს ჭერი არ აქვს”

პროკლამაცია “ევროპის ციხესიმაგრეს ჭერი არ აქვს” გერმანულ ენაზე

აღნიშნული პროკლამაცია დიდმა ბრიტანეთმა ნაცისტურ გერმანიაში 1943 წელს ჩამოყარა. ბროშურის გზავნილი ბრიტანეთის უპირატესობის ჩვენება იყო. მიმართვა ამტკიცებდა, რომ დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები გერმანიისა და იტალიის ერთად აღებულ საჰაერო ძალებზე ძლიერი იყო.

ზუსტად იმავე გზავნილით იმ პერიოდის სხვა ბროშურასაც ვხვდებითმ სადა წერია:

”1943 წლის 23 და 24 მაისს ღამით RAF–მა (დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები) ორჯერ მეტი ბომბი ჩამოაგდო დორტმუნდში, ვიდრე Luftwaffe–მ (ნაცისტური გერმანიის საჰაერო ძალები) მთელ ინგლისში 1943 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, ექვსი თვის განმავლობაში.”

ამასთანავე დიდმა ბრიტანეთმა მიმართვები განსხვავებული გზავნილებითაც შექმნა, თუმცა უცნობია ისინი გერმანიაში საჰაერო გზით გავრცელდა თუ სხვა მეთოდებით.

  1. “ფიურერისთვის და სამშობლოსთვის – რატომ?”

აღნიშნული ბროშურა ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მასში აღნიშნულია, რომ ჰიტლერი ვეღარ მოიგებდა ომს, მაგრამ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა, ახალი მსხვერპლი სჭირდებოდა.

ამასთანავე ხშირად დიდი ბრიტანეთი მოწინააღმდეგე სახელმწიფოში (ნაცისტური გერმანია) მცხოვრები ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა.

  1. “შავი სიები შავი სკანდალისთვის”

აღნიშნული პროკლამაცია ხალხს არწმუნებდა, რომ მოკავშირეთა გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გერმანელ ხალხზე შურს არ იძიებდნენ.

  • ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონიის წინააღმდეგ გამოყენებული პროკლამაციები

აშშ ომში ჩართვის პერიოდიდან მოყოლებული ამ მეთოდს აქტიურად იყენებდა, თუმცა აღსანიშნავია მის მიერ 1945 წელს იაპონიის წინააღმდეგ გამოყენებული პროკლამაციები.

აშშ-ის შემთხვევაში ხშირი იყო მიმართვები, რომლებიც მოსახლეობას სავარაუდო დაბომბვის შესახებ აფრთხილებდა. ამ გზით აშშ ერიდებოდა უდანაშაულო მოსახლეობის მსხვერპლს და სხვადასხვა ქალაქში შესაბამის ინფორმაციას ავრცელებდა.

ზუსტად ამ მიზეზით შესაბამისი გზავნილები იაპონიაში 1945 წელს გავრცელდა. სპეციალური ბროშურები ხალხს ამცნობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტული ქალაქების დაბომბვას აპირებდა, სადაც მოწინააღმდეგე მხარეს სამხედრო ინსტალაციები ჰქონდა და ვინაიდან და რადგანაც “ბომბებს თვალები არ ჰქონდათ” მოსახლეობას მოუწოდებდა, ქალაქები დაეტოვებინათ:

“ყურადღებით წაიკითხეთ ეს, რადგან ამან შეიძლება გადაარჩინოს თქვენი ან ახლობლის ან მეგობრის სიცოცხლე. მომდევნო რამდენიმე დღეში, უკანა მხარეს დასახელებული ზოგიერთი ან ყველა ქალაქი განადგურდება ამერიკული ბომბებით…”

გაფრთხილებასთან ერთად ხშირად იყო ევაკუაციის მოწოდება, რათა მინიმუმამდე დასულიყო უდანაშაულო ადამიანთა დაზიანების რისკი:

“ამერიკის ჰუმანიტარული პოლიტიკის შესაბამისად, ამერიკის საჰაერო ძალები, რომელსაც არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, ახლა გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ ევაკუაცია დასახელებული ქალაქებიდან და ამ ნაბიჯით საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა”.


იაპონიაში გამოყენებული პროკლამაციები

პროკლამაციით აშშ ასევე ცდილობდა, იაპონელთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ტექსტში სპეციალურად იყო აღნიშნული, რომ აშშ-ის მტერი არა იაპონელები, არამედ იაპონიაა, რომელმაც ასევე დაიმონა იაპონელი ხალხი.

დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მხრიდან ასევე ხშირად იყო მოსახლეობის გამამხნევებელი გზავნილები, რომ ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას, ან რომ ისინი უნდა გამაგრდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ ან რომ ისინი არ უნდა დაეხმარონ დამპყრობელს და ბოროტ ძალას. ქვემოთ მოცემული მიმართვები, რომლებიც საფრანგეთსა და ბელგიაში გავრცელდა, სწორედ ამ მოწოდებებს შეიცავს.

ამერიკელები და ბრიტანელები ასევე იხსნებენ, რომ მათ პროკლამაციების შექმნისას მოუწოდებდნენ, რომ ფსიქოლოგიური მანიპულაციის ყველა ხერხი გამოეყენებინათ. ასევე ხშირად ცდილობდნენ, რომ პროკლამაციებზე არა ყალბი, არამედ რეალური ამბავი გამოეტანათ, რათა ნდობა არ დაგარგულიყო იმ მოსახლეობაში, სადაც პროკლამაციები უნდა ჩამოეყარათ.

  • საბჭოთა კავშირის  პროკლამაციები მე-2 მსოფლიო ომში

ისევე როგორც სხვა მოკავშირეები, პროკლამაციებს სხვადასხვა მიზნის მისაღწევად საბჭოთა კავშირიც აქტიურად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში პროპაგანდის ეს მეთოდი ყველა სხვა მიმართულებითაც გამოიყენებოდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირი პროკლამაციებს საკუთარი ჯარისკაცებისთვისაც იყენებდა. ერთ-ერთ მიმართვაში ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს სახელმწიფო ჯარისკაცებს, რომ ლენინის ნაშრომები წაიკითხონ.


ვხვდებით ასევე მიმართვებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სხვა სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართ გამოსცემდა. გერმანიისთვის განკუთვნილ ბუკლეტში ასევე შეტანილია დატყვევებულ ადამიანთა რაოდენობები, რაც კონკრეტულ ადრესატზე კიდევ უფრო დიდ ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს.

;

  • ნაცისტური გერმანიის პროკლამაციები მე-2 მსოფლიო ომში

გერმანია პროკლამაციების გამოყენებასთან ერთად ასევე აქტიურად დევნიდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მოწინააღდმეგე სახელმწიფოს პროკლამაციას აღმოუჩენდნენ. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჰოლოკოსტს გადარჩენილი იხსენებს, რომ მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს პროკლამაციები დაურიგა, რომლებიც შეეძლოთ, რომ სახლში წაეღოთ. ამ დროს გერმანელი ჯარისკაცები მოვიდნენ, მასწავლებელმა კი მოსწავლეებს სთხოვა, რომ ბროშურები ეჭამათ, რათა გერმანელებს არ აღმოეჩინათ. საბოლოოდ, მასწავლებელმა კლასს მადლობა გადაუხადა, რომ ის გერმანელ ჯარისკაცთა რისხვისგან იხსნეს.

გერმანია აქტიურად იყენებდა საბჭოთა არმიისთვის ან სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობისთვის განკუთვნილ პროკლამაციებს იმავე მიზნით, რითიც აშშ და ბრიტანეთი მოქმედებდნენ, თუმცა შეგვიძლია მაინც გამოვყოთ სამი სპეციფიკური ბუკლეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილია როგორ ექცეოდა ნაცისტური გერმანია სხვადასხვა უმცირესობებს, მათ ბუკლეტებში ეს ასე არ ჩანდა. 1944 წელს შექმნილ მიმართვაში ნაცისტური გერმანია აფრიკელ-ამერიკელ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნავდა, რომ მათ გერმანიაში უფრო უკეთ მოეპყრობიან, ვიდრე ამერიკაში.

მიმართვის ერთ ნაწილში ამერიკაში მომხდარი რასისტული შემთხვევაა აღწერილი, საბოლოოდ კი შესაბამისი შეკითხვაა დასმული: “არ არის ამერიკა თავისუფალი სახელმწიფო?”. პროკლამაციის მეორე ნაწილი კი აფრიკელ-ამერიკელ ჯარისკაცებს უზრუნველ და ჯანსაღ ცხოვრებას ჰპირდებოდა, სადაც ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება, შეზღუდული არ იქნებოდა.

ასევე საკმაოდ ხშირი იყო გერმანელების მხრიდან პროკლამაციების მომზადება ამერიკელი ჯარისკაცებისთვის. ეს მიმართვები ამერიკელ ჯარისკაცებს აქეზებდა, რომ აშშ-ში დაბრუნებულიყვნენ. გერმანელები ამერიკელებს ახსენებდნენ, თუ რა კარგი იყო მათი ცხოვრება მათსავე სამშობლოში, როცა ერთობოდნენ და დროს კარგად და ბედნიერად ატარებდნენ, ახლა კი ომში ყოფნადა ბედნიერ დღეებთან გამომშვიდობება  უწევთ .


“ბედნიერი დღეები წავიდა”

გერმანელები ასევე მანიპულირებდნენ ამერიკელ ჯარისკაცთა ცოლებითა და შეყვარებულებით. ისინი პროკლამაციებზე ხატავდნენ სევდიან ქალებს და ამერიკელ ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, თუ რას გრძნობდნენ მათი ცოლები აშშ-ში მარტო მათ გარეშე.


“ამაოდ ელოდება”

იხილეთ გერმანელთა სხვა პროკლამაციები, რომლებიც სიყვარულის თემით მანიპულირებენ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროკლამაციების, რომლებიც მე-2 მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. როგორც იხილეთ, პროკლამაციები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება, თუმცა ყველა მათგანს ერთი მიზანი ჰქონდა, რომ საზოგადოებაში ერთი კონკრეტული აზრი დაენერგა, ასევე მტრის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება მოეხდინა.


თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist