ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

იწინასწარმეტყველეს თუ არა COVID-19 სამხრეთ კორეულ სერიალში 2018 წელს?

8 აპრილი, 2020

6 აპრილს ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “ფრაგმენტი 2018 წლის სამხრეთ კორეული სერიალიდან სათაურით: "ვიღაც ჩემს უკან" - კორონა ვირუსის დაანონსება”. როგორც პოსტიდან ჩანს, ნიკოლოზ მჟავანაძე ნაწყვეტს კორეული სერიალიდან “ტერიუსი ჩემს უკან” კორონავირუსის წინასწარმეტყვებელად მიიჩნევს.

"

ნიკოლოზ მჟავანაძის გავრცელებული ვიდეო მანიპულაციური ხასიათისაა და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს 2018 წელს კორეულ სერიალში COVID-19-ის არსებობა დააანონსეს მაშინ, როდესაც აღნიშნულ სერიალში კორონავირუსების ოჯახის სხვა დაავადებებს ახსენებენ და არა COVID-19-ს.

რომელ კორონავირუსზე ლაპარაკობდნენ კორეულ სერიალში 2018 წელს?

ნაწყვეტები კორეული სერიალიდან “ტერიუსი ჩემს უკან” გარდა ნიკოლოზ მჟავანაძისა, ტვიტერის მომხმარებლებმაც ვირუსულად გაავრცელეს. ამ თემაზე მასალა Snopes-მა და ბრიტანულმა Sun-მა მოამზადეს და ახსნეს, თუ რეალურად რომელ კორონავირუსზე იყო საუბარი სერიალში.

სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ექიმი მართლაც ახსენებს კორონავირუსს, თუმცა განმარტავს, რომ კორონავირუსების ჯგუფს ეკუთვნოდა ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებები, როგორებიცაა 2002 წლის SARS და 2012 წლის MERS. სერიალში ახალ კორონავირუსზე ანუ COVID-19-ზე საუბარი არ არის.

'

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოგონილი კორონავირუსი, რომელზეც სერიალში ლაპარაკობენ, განსხვავდება არამარტო COVID-19-სგან, არამედ არ შეესაბამება კორონავირუსების ჯგუფის არც სხვა ცნობილ დაავადებებს, რადგან სერიალის მიხედვით, აღნიშნულ სახეობას 90% სიკვდილიანობა აქვს. სცენარში განვითარებულია კონსპირაციის თეორია, თითქოს ტერორისტებმა უკვე არსებული კორონავირუსის ხელოვნური მუტაცია მოახდინეს და მისი სიკვდილიანობა გაზარდეს იმისათვის, რომ ის ბიოლოგიურ იარაღად გამოიყენონ.

რეალურად, COVID-19-ზე, რომლის სიკვდილიანობა ამ დროისათვის მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ 3.4%-ია, ხოლო სამხრეთ კორეაში კი მხოლოდ 1.8%, ჩატარდა გენეტიკური მონაცემების კვლევა და დადასტურდა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი. რაც შეეხება ზოგადად კორონავირუსებს, ისინი ათწლეულებია არსებობს, შესაბამისად COVID-19 წარმოქმნილია კორონავირუსისგან, თუმცა ყველა კორონავირუსი არ იწვევს COVID-19-ს.