ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

გრიპის ვირუსი მოერევა თუ კორონა?

24 ივნისი, 2020

20 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ პირებს უძღვნის. გვერდი მათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და პირბადის ტარების რეგულაციასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ამტკიცებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სეზონურ გრიპზე უფრო სუსტია და მისი სიკვდილიანობა 1.37%-ია, მაშინ, როდესაც სხვა ვირუსების ფატალური შედეგი არის 10%. გვერდის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც აღიარა. “საქართველო უპირველეს ყოვლისა” იმასაც წერს, რომ მსოფლიო კორონას აფიორაში იმყოფება და რეალური საფრთხე არა ვირუსი, არამედ 5G ტექნოლოგიაა.

გვერდი თავის პოსტში გიორგი გახარიას, სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძეს, ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს მიმართავს, თუმცა პოსტს თან ერთვის ბიძინა ივანიშვილის და სხვა პიროვნებების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების ფოტოებიც.

"

მტკიცება, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19 სეზონურ გრიპზე უფრო სუსტია და იმუნიტეტისთვის გამოწვევა არა ვირუსი, არამედ 5G ტექნოლოგიაა, სიმართლეს არ შეესაბამება. COVID-19-ის სიკვდილიანობა ამ ეტაპზე 5%-ია, სეზონური გრიპის ვირუსის კი - 0.1%. რაც შეეხება 5G ტექნოლოგიის საფრთხეებს, აღნიშნული მხოლოდ კონსპირაციის თეორიაა და პერიოდულად ვრცელდება.

  • COVID-19 სეზონური გრიპის ვირუსზე გაცილებით სახიფათოა

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსი “მოგონილი” და “ხელოვნურად შექმნილია”. სინამდვილეში ჯანმოს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, ასევე არ უთქვამს, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობა 1.37%-ია და ის სეზონურ გრიპზე გაცილებით უფრო სუსტია.

COVID-19 ახალი და მიმდინარე ვირუსია, შესაბამისად ჯანმო აცხადებს, რომ მისი ზუსტი სიკვდილიანობის დადგენა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. მარტში სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად 3.4%-ით განისაზღვრა, თუმცა არსებული მონაცემებით, ის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლუენსას ვირუსს, რომელიც სეზონური გრიპის სახით ვლინდება, მისი სიკვდილიანობა ახალი ტიპის კორონავირუსზე გაცილებით ნაკლები - 0.1%-ია, შესაბამისად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს COVID-19 გრიპის ვირუსზე ნაკლებად საფრთხისშემცველია.

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” ასევე ამტკიცებს, რომ სხვა მსგავსი ვირუსების ფატალური შედეგი 10%-ია, თუმცა არ ასახელებს, რომელ ვირუსებს გულისხმობს. ზემოთ უკვე აღინიშნა ინფლუენსას ვირუსი, რომლის სიკვდილიანობა 10% არ არის. სხვა კორონავირუსების, მაგალითისთვის SARS-ის და MERS-ის ფატალურობის მაჩვენებელი შესაბამისად 9.5% და 34.4%-ა, თუმცა ისინი COVID-19-ის მასშტაბებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. მაშინ როდესაც MERS ძირითადად საუდის არაბეთში იყო გავრცელებული და ჯამში 2 494 შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი ტიპის კორონავირუსმა, თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე 9 მილიონზე მეტ ინფიცირებულს ითვლის.

ნარატივი, თითქოს COVID-19 სხვა ვირუსებზე ნაკლებად სახიფათოა, პერიოდულად ვრცელდება. აპრილში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა “საქართველო და მსოფლიოს” გავრცელებული ტყუილი, თითქოს წითელასა და ღორის გრიპის ეპიდემიებს გაცილებით უარესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსს.

  • კორონავირუსის აფიორად გამოცხადება და მისი 5G-სთან კავშირი კონსპირაციის თეორიაა

აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ. ამის მიუხედავად, 5G-ზე სხვადასხვა სახის კონსპირაციები, მათ შორის ის, რომ ტექნოლოგია კორონავირუსს უკავშირდება, ფრინველებს ხოცავს ან ადამიანის ორგანიზმში შეუძლია შეღწევა, ხშირად ვრცელდება. 

ვრცლად 5G-ზე გავრცელებულ მითებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

  •  არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?
  •  აზიანებს თუ არა ფრინველებს 5G? “ასავალ-დასავალი” მანიპულაციურ ციტატას ავრცელებს

წყაროს შესახებ

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” 2019 წლის 23 თებერვალს შეიქმნა. ის პროპაგანდისტული და ანტილიბერალური ფეისბუქ გვერდია, რომელიც პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუასა და ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გავრცელებულ ნარატივებს აზიარებს. გვერდი ასევე ჩართული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც “მედიის განვითარების ფოდმა” 2019 წლის დეკემბერის ანგარიშში გამოავლინა