ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

გრანტი თუ სესხი? “საქართველო და მსოფლიოს” მანიპულაცია ევროკავშირის დახმარებაზე

11 მაისი, 2020

6 მაისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ”  გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “აღიარება იმისა, რომ რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და შეიძლება შიმშილით დავიხოცოთ, დასავლეთის ღალატია?!”  სტატიაში ჟურნალისტი ბესო ბარბაქაძე ავითარებს აზრს, რომ ქვეყანას რუსული დახმარების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო კორონავირუსთან ბრძოლისათვის ევროკავშირის მიერ დამტკიცებული გრანტები სინამდვილეში სესხია, რომლის დაბრუნებაც ქვეყანას აუცილებლად მოუწევს. 

 

 

 

ბესო ბარბაქაძე, “საქართველო და მსოფლიო”: “აგერ, გვეხმარება ევროპა, მილიონობით დოლარს გვაძლევს ვირუსთან საბრძლველადო. ჰო, გვაძლევს, მაგრამ ვინმემ თქვა, რომ ეს ფული გვაჩუქეს? ვინმემ თქვა, რომ ეს კეთილი ნებაა, ამ თანხას მოვიხმართ და მორჩა? და ყველაზე მთავარი: ვინმემ თქვა, რა პირობებით გვაძლევენ (უფრო სწორად, დაგვპირდნენ მოცემას)? არა! და იცით, რატომ? ვალად გვადევს ეს ყველაფერი და ჩვენი გადასახდელია, ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების..."

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით თანხა სესხის სახით გადმოურიცხა მანიპულაციაა. 2020 წლის მარტი-აპრილის თვეებში პანდემიასთან გასამკლავებლად ევროკავშირისა და მისი ცალკეული ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოს ჯამში 400 მილიონი ევრო გადმოერიცხა. ამ თანხიდან 250 მილიონი არის გრანტი, რომელიც უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო 150 მილიონი შეღავათიანი სესხია.  

COVID-19-თან ბრძოლისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიზნით ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა საქართველოს  250 მილიონის ოდენობის ორი გრანტი გადმოურიცხეს:

  • პირველი გრანტი  - 30 მარტი. მისი მიზანია გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსება, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიანი დახმარება ლიკვიდურობის შენარჩუნებაში.
  • მეორე გრანტი  - 8 აპრილი. გრანტის მიზანი სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდაჭერა და ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებაა.

21 აპრილს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს სესხით სახით გამოუყოფს 150 მილიონ ევროს ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. დახამრება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად, ვკითხულობთ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართვაში

“მითების დეტექტორთან” საუბარში ევორკავშირის წარმოამდგენლობამ განმარტა, რომ ,,საქართველო და მსოფლიოს“ მოტივაცია სრულიად არ არის ამ საქმეში გარკვევა”. 

როგორც დელეგაციაში აცხადებენ, ევროკავშირის დახმარების უდიდესი ნაწილი გრანტია და ასე იყო წლების განმავლობაში. “კოვიდის კონტექსტში საქართველოსთვის დახმარების გამოყოფა დაიწყო როგორც ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ისე თითოეული წევრი ქვეყნიდან და ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებიდან – ამ ევროპულ დონორებს ერთად დაერქვა  ,,Team Europe“,- აცხადებენ  ევროკავშირის წარმომადგენლობაში. 

ამავე თემაზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას: 
რა დახმარებას უწევს საქართველოს დასავლეთი და რა გზავნილებით გვამარაგებს კრემლის მედია?