სხვადასხვა

Google ფოტოების ფაქტჩეკინგს იწყებს

23 ივნისი, 2020

იმისათვის, რათა თავის პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელება შეაჩეროს, Google-მა ორშაბათს განაცხადა, რომ Google ფოტოების ძიების შედეგების გადამოწმებას დაიწყებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტექსტზე დაფუძნებული მისინფორმაციის საფრთხე შესაძლოა დაჩრდილოს შეცდომაში შემყვანმა, მანიპულაციურმა და ყალბმა ფოტოებმა/ვიდეოებმა, მათ შორის დამაჯერებელმა deepfake-ებმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის გენერირებული. 

დეტალები: ორშაბათიდან Google ფოტოებზე მსოფლიო მასშტაბით Google ინფორმაციას გადაამოწმებს ისე, როგორც ამას აკეთებს რეგულარული ძიებისა და სიახლეების შედეგების შემთხვევაში. როდესაც მომხმარებლები ფოტოსურათებს Google ფოტოებში მოძებნიან, ისინი ფოტოს შემცირებული გამოსახულების ქვეშ (thumbnails) დაინახავენ ფაქტჩეკინგის ნიშანს. გადამოწმება შესაძლოა შეეხოს თავად ფოტოს ან ვებ-საიტს, რომელზეც ის არის განთავსებული.

Google აღნიშნავს, რომ ფაქტჩეკინგი ფოტოების საძიებო სისტემაში მათ რეიტინგებზე (ranking) არ იმოქმედებს, ისევე, როგორც ფაქტჩეკინგი არ მოქმედებს Google-ის ძიებისა და სიახლეების რიგითობაზე.