თვალსაზრისი
სხვადასხვა

გილიოტინის სინდრომი. დემოკრატიული თამაშები დემოკრატიის წინააღმდეგ

28 ოქტომბერი, 2019
  • ერთ წელიწადში საქართველოს ელის არჩევნები;
  • ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ყველაზე განვითარებული დემოკრატიების საარჩევნო გარემოსა და არჩევნების შედეგებზე;
  • ხერხები და პლატფორმები, რომელთაც რუსეთი არჩევნებზე ზემოქმედებისთვის იყენებს, სულ უფრო მრავლდება და იხვეწება.

რა არის დასავლური სამყაროს ყველაზე დიდი სიძლიერე? - დემოკრატია.

რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე? - დემოკრატია.

ისტორიულად არ დასტურდება, მაგრამ სახალხო ლეგენდა ექიმ ჟოზეფ გილიოტენის სიკვდილს მისსავე სახელის მატარებელ სასიკვდილო დაზგას უკავშირებს. იმედია, ისტორია არასდროს დაადასტურებს, რომ დასავლური დემოკრატია, როგორადაც დღეს ვიცნობთ მას, დემოკრატიული მეთოდებით მოიშთობა და მოკვდება. საფრთხე, გვინდა თუ არა მისი დანახვა, რეალურია და გეგმა აშკარად არსებობს.

2018 წელს „ვაშინგტონ პოსტმა“ დათვალა 27 უტყუარი შემთხვევა, როდესაც რუსეთი უცხო ქვეყნის არჩევნებში უხეშად ჩაერია. გაზეთის ქრონოლოგიით, 1991-იდან 2014 წლამდე ეს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ხდებოდა. 2014-იდან კი კრემლმა იგრძნო, რომ მასშტაბის გასაზრდელად და ამოცანის გასართულებლად მზად იყო.

ასე დაიწყო შეტევა დასავლეთისკენ. 

2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები და უკვე გვაქვს სრული უფლება, ვთქვათ, რომ წინა 27-ს 28 შემთხვევა დაემატა - გაერთიანების წევრი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით. საქმე მაინცდამაინც ის არ არის, ერთნაირი გავლენა ჰქონდა თუ არა მოსკოვს გერმანელი და მალტელი ამომრჩევლის ნებაზე. საქმე ის არის, რომ პუტინი სხვადასხვა მეთოდებით შეეცადა, თავისთვის სასურველი პოლიტიკოსები და დღის წესრიგი მოეხვია თავს გაერთიანების დღევანდელი 28 წევრი სახელმწიფოსთვის. ეს პოლიტიკოსები და დღის წესრიგი კიდევ გამოიჩენენ თავს პარლამენტის 5-წლიანი ვადის პერიოდში.

წინა 5-წლიანი ვადა ამ მხრივ შეიძლება „მოთელვად“ ჩავთვალოთ. 2015 წელს ღიად პრო-რუსულმა მარი ლე-პენმა, ვისაც კრემლთან დაკავშირებული რუსული ბიზნესი აფინანსებს, ევროპარლამენტში ჩამოაყალიბა „ერებისა და თავისუფლების ევროპის“ ფრაქცია, რომელშიც, მალე, 38 დეპუტატი გააწევრიანა. ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ულტრა-მემარჯვენეთა ამ ჯგუფის აზრი ხშირად ემთხვეოდა ულტრა-მემარცხენეებისას - ასევე პრორუსულ „ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებსა“ და ნაიჯელ ფარაჯის ევროსკეპტიკოსებს

მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით - პუტინისთვის არ აქვს მნიშვნელობა სახელებს. არც რეპუტაციას (ლე-პენის კვალად, ჯგუფის მრავალ სხვა წევრს ფინანსებთან და პრინციპებთან საეჭვო დამოკიდებულება აქვს) - თუკი ისინი თანახმანი არიან, იდეოლოგიური, მერკანტილური თუ სხვა მოსაზრებებით, ევროპის სახელით კრემლში დაწერილი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„იყენებენ პრაქტიკულად ყველა სოციალურ პლატფორმას, იყენებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, ხშირად მანიპულაციებით. თამაშობენ შიშებზე, თუნდაც კლიმატის ცვლილების გამო, რაც ევროპულ არჩევნებზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიზანი შეიძლება იყოს ზეგავლენა იმათზეც, ვინც მიდის არჩევნებზე და იმათზეც, ვინც არჩევნებზე არ მიდის. ასეთ შემთხვევაში სხვაგვარი ტექნოლოგიები მოქმედებს,”- ამბობს კაროლინ შვარცი hoaxmap.org-იდან.

"

დასავლეთის პოლიტიკურ არჩევანზე ზემოქმედების მეთოდების შერჩევისას რუსეთი ყველაზე ნაკლებს მორალზე ფიქრობს. 2016 წელს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის, ჯუკანოვიჩის განადგურებისა და სახელმწიფო  გადატრიალების ჩაშლილი გეგმის უკან რომ მოსკოვი იდგა, ეჭვი არავის ეპარება. გეგმის მიზანი იყო, გამოესწორებინა არჩევნებით ვერმიღებული შედეგი - ხელისუფლებაში მოეყვანა პრო-რუსული ძალები, რომლებიც უარს იტყოდნენ სლავური ერის ნატოში დაგეგმილ გაწევრიანებაზე.

შეთქმულება ჩავარდა. 2017 წელს მონტენეგრო, რომელსაც რუსები ისევ ჩერნოგორიად იხსენიებენ, ნატოს წევრი გახდა. 

მოსკოვი არასდროს მალავს საკუთარ ინტერესს კონკრეტული პოლიტიკური მოვლენების, კერძოდ, არჩევნების მიმართ. მით უფრო, თუ საქმე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ეხება. და ცუდად მალავს ჩარევის სურვილსა და მცდელობას. მაგრამ, სამართლიანობისთვის სჯობს, რუსულ ვერსიასაც ვიცნობდეთ. მისთვის ყველა სახის აქტიურობა, ღია თუ აშკარა, არის პასუხი დასავლეთის „თავგასულობაზე“, რომელმაც, როგორც კრემლი თვლის, მოუწყო ფერადი „ყვავილოვანი“ რევოლუციების სერია ოდესღაც სატელიტ ქვეყნებში და კვლავაც აგრძელებს მის შევიწროებას „გავლენის ტრადიციულ სფეროებში“. 2003 წლის „ვარდების“, 2004 წლის „ნარინჯის“, 2005 წლის „ტიტების“ რევოლუციებს პუტინი სწორედ რუსეთის გავლენის სფეროებზე შეტევად განიხილავს და, წლიდან წლამდე, სულ უფრო ენერგიულ, დახვეწილ და თავხედურ პასუხს სცემს.

რევოლუციურ „ყვავილებზე“ რომ ალერგია ჰქონდა, პუტინს ბევრჯერ დაუმტკიცებია. 2013 წლის ბოლოს დაწყებულ უკრაინულ მაიდანს რუსეთი მომზადებული შეხვდა. წლის დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის სტატია-ხედვა, რომელსაც მაშინვე „გერასიმოვის დოქტრინა“ უწოდეს. აქ პირველად ჩამოყალიბდა ყველა ის მეთოდი, რომელსაც რუსეთი იქამდეც იყენებდა ცივ თუ ცხელ ომებში. გერასიმოვი ამტკიცებდა, რომ ფერადი რევოლუციებისა და არაბული გაზაფხულის ტალღები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ახალი ტაქტიკა იყო, რომლის ზეგავლენამაც ტრადიციული შეიარაღების ეფექტს გადააჭარბა.

საკუთარი პროტეჟესა და ერთგული მარიონეტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გადაყენება მოსკოვმა სწორედ გერასიმოვის სახელმძღვანელოს მიხედვით „წაიკითხა“: ა) დასავლეთი გვებრძვის; ბ) დასავლეთს უნდა ვუპასუხოთ.

პასუხად იქცა დასავლეთისთვის სრულიად მოულოდნელი და თეორიულადაც კი წარმოუდგენელი ოპერაცია - ყირიმის ოკუპაცია „უცნობი“ ჯარის მიერ, შემდეგ კი ანექსიის „დაკანონება“ დემოკრატიული მეთოდით - რეფერენდუმით. 

რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა 85-გვერდიანი კვლევა,  რომელიც ეხება კრემლის ჩარევას 2016 წლის არჩევნებში და რომლის სათაურშიც საბჭოთა ტერმინი „აქტიური ღონისძიებები“ ბრჭყალების გარეშე წერია. წლებია, ეს სიტყვათშეხამება პუტინის „კაგებეშნიკური“ სახელმძღვანელოებიდან მსოფლიო ლიდერთა და მედიის ლექსიკონში გადავიდა. ისევე როგორც რუსული სიტყვა „სპუტნიკი“ 1950-იანებში ან „ტროიკა“ 1930-იანებში. კვლევაში სულ მცირედია რეტუშირებული - დაფარული უცხო თვალისთვის. 

რაც არ არის დაფარული, დამნაშავის ვინაობაა - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია. მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის კომიტეტს რესპუბლიკური პარტიის წევრები (თავმჯდომარე სენატორი რიჩარდ ბარი) ხელმძღვანელობენ, დასკვნა უარყოფს პრეზიდენტ ტრამპის ვერსიას, თითქოს ამერიკული კიბერკომპანია "Crowdstrike“ უკრაინელებთან და დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მოსკოვის ტყუილუბრალოდ დადანაშაულებას ცდილობდა.

მოხსენება ადასტურებს, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანა ნამდვილად მთელი ძალით მუშაობდა და მომართული იყო განსხვავებულ ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის:

„ინტერნეტის კვლევის სააგენტოს (IRA - რუსული „ტროლების ფაბრიკა“. - თ.გ.) რასობრივი აქცენტები გამოვლინდა ფეისბუქზე მის დასპონსორებულ კონტენტში, რომლის 66% შეიცავდა მინიშნებას რასაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალაქებში მცხოვრებ აფრო-ამერიკელებზე.“

ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქის „რასობრივმა“ პოსტებმა მოიცვა 11.2 მილიონი მომხმარებელი. საერთო ჯამში რუსულმა დეზინფორმაციამ ფეისბუქზე 126 მილიონ ამერიკელამდე მიაღწია. იგივე აქცენტი აფრო-ამერიკელებზე ჰქონდა IRA-ს ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულ ხუთ ანგარიშს. ცალკე გვერდები იყო შექმნილი რელიგიური აქცენტებით.

კიდევ ერთი აქტიური მიმართულება იყო უნდობლობის გაძლიერება ტრადიციული ამერიკული მედიის მიმართ.

სენატის დაზვერვის კომიტეტის მოხსენების თანახმად, „რუსეთის დეზინფორმაციას მიზანში სავარაუდოდ 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნები აქვს ამოღებული.“ რუსეთი „ჩართულია კამპანიებში, რომელთა მიზანი უნდა იყოს რუსული დეზინფორმაციის თანამგრძნობი ამერიკული აუდიტორიის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვება (ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონების ნომრები, საბანკო დეტალები).“

უკანასკნელ წლებში საქართველოში ძალიან გააქტიურებული რუსული სტილის წინასაარჩევნო პროპაგანდა არ ტოვებს სივრცეს ვარაუდისთვის, რომ სხვა ქვეყნებში გამოყენებულ რომელიმე მეთოდს მოსკოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას არ გამოიყენებს. რომ არ დააფინანსებს ულტრა-მემარჯვენეებს, როგორც იტალიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ავსტრიაში, არ გაავრცელებს გატეხილ იმეილებსა და ყალბ დოკუმენტებს ვიკილიქსის საშუალებით, როგორც გერმანიასა და აშშ-ში, რომ არ განახორციელებს „ფიშინგის“ შეტევებს პარტიების წინააღმდეგ, როგორც გერმანიასა და ნორვეგიაში.

„ჩვენ შევისწავლეთ 2017 წლის გერმანიის არჩევნებში ე.წ. „ფეიკ-ნიუსების“ პრაქტიკა. თითქმის ყველა შემთხვევაში, ისინი ულტრა-მემარჯვენე პოპულისტების, „გერმანიის ალტერნატივისა“ და მათთან დაკავშირებული მედიის გავრცელებულია,“ - გვიყვება სოციალური მედიის ანალიტიკოსი ლუკა ჰამერი. 

"

ჩართულოის სხვადასხვა დონით, მაგრამ რუსული წარმატებების სიას ნამდვილად უნდა მივაკუთვნოთ არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების ნაწილი, არამედ ბრექსიტიც. ასევე ბულგარეთის საპრეზიდენტო (2016 წ.) და ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნები (2017 წ.). რუსეთმა კარგად გამოიყენა და თავისთვი სასურველი მიმართულება მისცა ჰოლანდიის რეფერენდუმს, რომელმაც უარი თქვა უკრაინის ევროინტეგრაციის გაღრმავებაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა არ გაითვალისწინა შედეგი და მხარი დაუჭირა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირსა და უკრაინას შორის.

რუსული პროპაგანდისა და არჩევნებში ჩარევის შედეგად საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს მოსკოვის ფავორიტებმა საფრანგეთის საპრეზიდენტო და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში 2017 წელს. ექსპერტების საერთო აზრით, კრემლმა და მისი ტროლების ფაბრიკამ უფრო ნაკლები გავლენა მოახდინეს ჰოლანდიის (2017 წ.) და ევროპარლამენტის (2019 წ.) არჩევნებზე.

მიზეზი იყო ამ უკანასკნელთა მზადყოფნა კრემლის სხვადასხვა ტიპის აქტიურობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2019 წლის მაისის არჩევნები, რომლის მომზადებაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაცილებით უფრო ახლო კოორდინირებით მოუწიათ, ვიდრე იქამდე. რეგულარულად იმართებოდა მათი საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სამართალდამცველების შეხვედრები, რომელთა შედეგადაც, რამდენადაც დღეისათვის არის ცნობილი, გარე ძალებმა ვერ შეძლეს მონაცემთა ბაზებში შეღწევა და შედეგებზე მანიპულაციური ზემოქმედება. თუმცა, ტრადიციული გავლენის ქვეყნებში უკვე არსებული ტრადიციული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია-საშუალებები აქტიურად ატარებდნენ თავიანთ იდეოლოგიურ ხაზს - ხშირად რუსული ძალების მხარდაჭერით. 

ამომრჩეველი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს - ბულგარეთში, სადაც, რუსული დაზვერვის აქტიური მხარდაჭერით, პრომოსკოვური კანდიდატი რუმენ რადევი 2016 წელს პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ ევროპული ინტეგრაციის ქომაგი, პრემიერი ბოიკო ბორისოვი გადადგა. მაგრამ 2017 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იგი პრემიერად დაბრუნდა.

„16-დან 9 არჩევნებში მიღებული სასურველი შედეგი შეიძლება ბევრს ნიშნავდეს. მაგრამ არ არის გამოკვეთილი, რა შეცვალა საკუთრივ რუსეთმა. შედეგებზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედეს - თუნდაც გაზრდილმა იმიგრაციამ ან დამკვიდრებულმა აზრმა, რომ „რიგითი ამომრჩევლის“ მოთხოვნებს არსებული პარტიული სისტემები ვეღარ პასუხობენ,“- წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

რაინჰარდ ჰონიგჰაუსი, გერმანიაში ევროკომისიის სპიკერი, საუბრობს საფრთხეებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების არჩევნებს გაერთიანების შიგნიდან თუ გარედან ემუქრება:

„გვინახავს დამაზიანებელი ჩარევის მრავალი შემთხვევა. გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა ამომრჩევლები არ მივიდნენ ხმის მისაცემად. ან გააღრმავონ დაპირისპირება საზოგადოების შიგნით, თუნდაც მიგრაციის საკითხზე. რუსულ პროპაგანდას ნამდვილად აქვს გავლენა, თუმცა 2014 წლის შემდეგ ჩვენც მივაღწიეთ დადებით შედეგს. მაგალითად, ავამაღლეთ ამ საფრთხის ცნობადობა, ვაჩვენეთ, როგორ უნდა ამოვიცნოთ კონკრეტული ნარატივი.”

"

„რუსეთი აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ეს ჩართულობა მის წინააღმდეგ შებრუნდა. (რუსულ ჩარევაზე) საზოგადოებრივმა აღშფოთებამ ძალიან შეამცირა შანსი, რომ შეერთებული შტატები გააუქმებს სანქციებს. ასე რომ, პუტინის გააქტიურება (სხვა არჩევნებზე) ზეგავლენის გასაძლიერებლად შეიძლება არც იყოს რუსეთის ინტერესებში,“ - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

მსოფლიო მედიას ვინც ადევნებს თვალს, ყოველდღიურად ხვდება ცნობებს, როგორ აღმოაჩინეს რუსი ტროლების ჯგუფი ჩეხეთში, როგორ ამოიცნეს მოსკოვის კვალი „ირანელ ჰაკერთა“ საქმეში. ეს ყველაფერი მიმდინარე საინფორმაციო ომის ქრონიკაა, რომელიც რუსეთმა თითქმის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წამოიწყო და ფრონტის ერთ-ერთი ხაზი საქართველოზე გაატარა. ჰაკერებით, ტროლებით, ჩუმად დაფინანსებული მედიით, ღიად დაარსებული „სპუტნიკებითა“ და სხვა რესურსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ფონდებით, მარშებით, სტუდენტთა სწავლებით რუსულ უნივერსიტეტებში, კონცერტებითა და უამრავი სხვა, მათ შორის დემოკრატიული მეთოდით, რომლის დაფარვასაც დიდად არ ცდილობს.

ფრონტის ამ ხაზზე მოწინააღმდეგის აქტიურობა მუდმივად შეიმჩნევა. და, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია - ციკლურობა. რუსეთის ტყუილისა და პროპაგანდის გამწვავება მუდმივად ემთხვევა არჩევნებს, რადგან საქართველოს, ისევე, როგორც უამრავი სხვა ქვეყნის პოლიტიკაში, მოსკოვს თავისი ფავორიტები ჰყავს. მორიგი ციკლის მორიგი პიკი ახლოსაა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.


თენგო გოგოტიშვილი
“მთავარი არხის” კორესპონდენტი
სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს