Geworld.ge-ს ტყუილი, თითქოს იუნესკოს სახელმძღვანელო სექსუალური განათლების შესახებ მშობლების უფლებებს აუქმებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

605
VIEWS

2018 წლის 17 აპრილს ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “გაერომ ხუთი წლის ბავშვების სექსუალიზაციის “ბრძანება” გასცა”, რომელშიც საუბარია სექსუალური განათლების შესახებ იუნესკოს მიერ  განახლებულ საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს შესახებ. მასალის მიხედვით, სახელმძღვანელო აუქმებს მშობლების უფლებებს, ახდენს ბავშვების დემორალიზებას და „თავს ახვევს ჰომოსექსუალების გამხრწნელ იდეოლოგიას“. გარდა ამისა, ტექსტის მიხედვით „ამერიკელების მიერ მოწონებული ყოვლისმომცველი რეკომენდაციები“ საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სკოლის მასწავლებლებს ავალდებულებს ბავშვებს “დასავლეთში ამჟამად აუცილებელი ჰომოსექსუალების გენდერული იდეოლოგია და მათი გაუკუღმართებული პრაქტიკა“ შეასწავლონ.

"
„საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა. იუნესკოს მიერ განახლებული „საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელო სექსუალური განათლების შესახებ“ არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციათა კრებულია, რომელიც ქვეყნებს ხარისხიანი სექსუალური განათლების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვისთვის უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს სთავაზობს.  სახელმძღვანელო არ აუქმებს მშობელთა უფლებებს, პირიქით, იგი მშობელთა მხრიდან მეტ ჩართულობას უსვამს ხაზს და შესაბამისობაშია ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან. Geworld.Ge-ის სტატიის პირველწყარო რუსულენოვანი პორტალები, მათ შორის e-news.su, რომელიც დონბასის ე.წ „დამოუკიდებლობას“ უჭერს მხარს.

ფაქტი #1. იუნესკოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მშობლების უფლებებს არ აუქმებს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2018 წლის 10 იანვარს გამოსცა განახლებული  „საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელო სექსუალური განათლების შესახებ“, რომელიც ქვეყნებს სექსუალური განათლების პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისთვის, უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სთავაზობს. სახელმძღვანელო  ახალგაზრდების საუკეთესო ინტერესებზეა ფოკუსირებული და მიზნად ისახავს ქვეყნების განათლებისა და ჯანდაცვისა სექტორის დახმარებას იმგვარი კურიკულუმების შემუშავებისთვის, რომელებიც ახალგაზრდობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

„საქართველო და მსოფლიო“-ს მტკიცება, თითქოს სახელმძღვანელო მშობლების უფლებებს აუქმებს, ტყუილია, რადგან დოკუმენტში პირიქით, არაერთხელაა ხაზგასმული სასწავლო გეგმის შემუშავებასა და დანერგვაში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. მაგალითად, სექსუალური განათლების პროგრამის დაგეგმვის და იმპლემენტაციის ნაწილში (ქვეთავი 6.2) აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების აღქმებსა და ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენს ოჯახი და იმ საზოგადოების ღირებულებები, სოციალური ნორმები და გარემო, სადაც ის ცხოვრობს.  შესაბამისად, საჭიროა მშობლების, ოჯახების და საზოგადოების სხვა აქტორების მხარდაჭერა და თანაშრომლობა. სახელმძღვანელოს მე-7 თავში, მოცემულია სექსუალური განათლების ეფექტიანი სასწავლო გეგმის მახასიათებლები, რომელთა მოსამზადებელი ფაზა სხვა აქტორებთან ერთად, მშობლებისა და ოჯახის წევრების ჩართულობასაც გულისხმობს.

"
ამასთან, სახელმძღვანელო სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ისეთ საერთაშორისო კონვენციებთან, როგორებიცაა ბავშვის უფლებათა კონვენცია და  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ „მშობლებს აქვთ პრიორიტეტის მინიჭების უფლება აირჩიონ რა სახის განათლება სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.“

ფაქტი #2. იუნესკოს სახელმძღვანელოს გამოყენება და მისი რეკომენდაციების განხორციელება ნებაყოფლობითია, იგი არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.

„საქართველო და მსოფლიო“-ს მტკიცება, თითქოს სახელმძღვანელო საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სკოლის მასწავლებლებს ბავშვებისთვის „ჰომოსექსუალების გენდერული იდეოლოგიის“ სწავლას ავალდებულებს, უსაფუძვლოა. სახელმძღვანელო არ ატარებს სავალდებულო ხასიათს, იგი მთლიანად ნებაყოფლობითია და წარმოადგენს არა დეტალურად გაწერილ რეკომენდაციათა პაკეტს, არამედ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობილ ჩარჩოს, რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ხარისხიანი სექსუალური განათლების პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში. რაც შეეხება „ჰომოსექსუალების გენდერულ იდეოლოგიას“, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება სულ 8 თემას მოიცავს, მათ შორის  გენდერთან დაკავშირებულ საკითხებსაც. სკოლებში გენდერის სწავლება ამ შემთხვევაში გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. გენდერის სოციალური კონსტრუქცია და გენდერული ნორმები
  2. გენდერული თანასწორობა და სტერეოტიპები
  3. გენდერული ნიშნით ძალადობა

""
გენდერთან დაკავშირებული საკითხების სწავლება არანაირ კავშირში არაა ჰომოსექსუალობასთან. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ  ტერმინების „ჰომოსექსუალების გენდერული იდეოლოგიისა“ და „მათი გაუკუღმართებული პრაქტიკის“ გამოყენება ემსახურება ნეგატიური განწყობების გაღვივებას დასავლეთის მიმართ.

ფაქტი #3. სახელმძღვანელო  არ ახდენს ბავშვების „დემორალიზებას“ და არ ახვევს მათ „ჰომოსექსუალების გამხრწნელ იდეოლოგიას“.

საქართველო და მსოფლიოს მიერ იმის მტკიცება, რომ იუნესკოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო ბავშვებს „ჰომოსექსუალების გამხრწნელ იდეოლოგიას“ ახვევს თავს, მანიპულაციურია. ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება თავად სახელმძღვანელოშივე განმარტებულია, როგორც „სექსუალობის კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესწავლა და სწავლება.“

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიზანს არ წარმოადგენს „ბავშვების დემორალიზება“. მისი მიზანია „ბავშვებსა და ახალგაზრდებს მისცეს ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომლებიც მათ დაეხმარება უკეთ გაანალიზონ საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, განავითარონ სოციალური და სექსუალური ტიპის ურთიერთობები და გაიაზრონ თუ რა გავლენას მოახდენს მათი გადაწყვეტილებები როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრებაზე“.

  • სექსუალური განათლება ეხმარება ახალგაზრდებს  გაზრდილი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. იგი აუცილებელია იძულებითი ქორწინების შედეგად გოგონების სასკოლო განათლების პროცესისგან იზოლირების, მოზარდებში ორსულობის, ასევე სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლის   თვალსაზრისით.
  • სექსუალური განათლების საჭიროება განპირობებულია სტატისტიკური მაჩვენებლებით, რომლებიც ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში 3 დან 2 გოგონას არ აქვს ცოდნა მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, ასევე მშობიარობის შესაძლო გართულებების შესახებ, რაც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება. სექსუალური განათლება არ ზრდის სექსუალურ აქტივობას და რისკისშემცველ ქმედებებს, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდსის ინფიცირების მაჩვენებლებს.
  • სახელმძღვანელოში მოცემულია არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ სექსუალური განათლების პროგრამების არარსებობა ვერ ახდენს ადრეული სექსუალური ცხოვრების დაწყების, სქესობრივი აქტების სიხშირის ან მრავალრიცხოვანი პარტნიორების პრევენციას ახალგაზრდებში.

“საქართველოს და მსოფლიოს“ მასალის რუსულენოვანი პირველწყაროები

Geworld.Ge-ის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის იდენტური მასალა  10 აპრილს რუსულენოვან პორტალზე e-news.su გამოქვეყნდა. E-news.su-ს  ლოგოზე დართულია ჰეშთეგი „გადაარჩინე დონბასელი ხალხი კიევის ნაცისტური არმიისგან“.  თავის მხრივ, e-news.su-ს პირველწყარო იანდექსის  პლატფორმა Zen.Yandex.Ru-ზე ეკონომისტ ევგენი სატანოვსკის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული სტატიაა. მანამდე, 23 მარტს  ანალოგიური მასალა ვებ-გვერდებმა kramola.info და russianmothers.ru გაავრცელეს.

"


პროპაგანდის მეთოდი

პროპაგანდისტული პლატფორმები დეზინფორმაციის გავრცელებისას დეფლექციურ ანუ წყაროს არიდების მოდელს ხშირად იყენებენ. დეფლექციური მოდელი გულისხმობს პირველწყაროს დამალვას, რის შედეგადაც გზავნილის მიმღები ინფორმაციას პირდაპირ იმ მედიუმისგან მიღებულად აღიქვამს, სადაც ეცნობა გზავნილს და არ აკავშირებს მას თავდაპირველ წყაროსთან. მიზანი არის დაიმალოს გზავნილის თავდაპირველი წყარო, შექმნას მაღალი ხარისხის ნდობა როგორც გზავნილის, ასევე იმ წყაროს მიმართ, რომლითაც ვრცელდება ინფორმაცია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNESCO
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist