ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

Geworld.ge -ს დეზინფორმაცია უკრაინისა და საქართველოს ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიებზე

2 აგვისტო, 2017

26 ივლისს ონლაინ პორტალ Geworld.ge- ზე სტრატეგიული კულტურის ფონდის (Фонд стратегической культуры ) 5 ივლისის სტატია  „რატომ გარდაქმნის აშშ უკრაინას ბიოლოგიურ ბომბად“  გამოქვეყნდა. მასალაში განვითარებულია მოსაზრება, რომ უკრაინაში არსებული ბიო-ლაბორატორიები პენტაგონის კონტროლს დაქვემდებარებული ქსელია, რომელიც ადამიანებზე, ცხოველებსა თუ მცენარეებზე  ვირუსების ზემოქმედებას  შეისწავლის და პათოგენების გამოყენებით  ლოკალურ და ტოტალურ ეპიდემიებს მართავს. სტატიაში უკრაინა განხილულია, როგორც რუსეთის, ბელარუსისა და დნესტრისპირეთის ასაფეთქებლად გამზადებულ ბიოლოგიური ბომბი, ხოლო Geworld.ge - ს სარედაქციო კომენტარის თანახმად, ამგვარი ლაბორატორიები მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც  “დაყოვნებული მოქმედების ბომბებს” წარმოადგენენ.

ბრალდებები, თითქოს უკრაინის ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიები ჩვენი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უსაფუძვლოა, რადგან მათი რეალური მიზანი სწორედ ეპიდემიების საფრთხისგან რეგიონის დაცვა და ბიოლოგიური უსაფრთხოების გაზრდაა. 

რეალური ფაქტები

უკრაინაში არსებული სამეცნიერო-ბიოლოგიური ლაბორატორიები უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახურის, ასევე აგრაგულ მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტებია. ლაბორატორიები  2005 წელს ინიცირებული „ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის“ ფარგლებში, უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდგომ აშენდა. პროგრამის ძირითადი მიზნებია:

  1. გაზრდილი ზედამხედველობა დაავადებებზე;
  2. განსაკუთრებით საშიში პათოგენების კონსოლიდაცია მესამე დონის ბიოუსაფრთხოების დაწესებულებებში;
  3. ერთობლივი ბიოლოგიური კვლევითი პროექტების განხორციელება.

საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პრიორიტეტებია:

  • სურსათის უვნებლობა - ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან - აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება - რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში.
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება - ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა. 2013 წელს ის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა აიღებს. ლაბორატორიაში ქართველი სპეციალისტები არიან დასაქმებული.

უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიები ამ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სფეროსა და ეპიდემიოლოგიის კუთხით საფრთხეების შემცირებისთვისაა მნიშვნელოვანი.

უკრაინა - ვეტერინარული ლაბორატორიის სასწავლო ცენტრი კიევში

საქართველო -  რიჩარდ ლუგარის ახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

მიკოლა მანდრიჰა, უკრაინის სოფლის მეურნეობის აკადემიის მდივანი:


“ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეს ლაბორატორია გაცილებით მაღალი ხარისხის ტრეინინგისა და ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, რაც უკრაინის ვეტერინარულ მედიცინისთვის უზარმაზარი დახმარებაა

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

შეიძლება ძალიან მოკლე დროში დადგინდეს ძალიან ბევრი ინფექციური დაავადების გამომწვევი მიზეზი, მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციებისა , რომელთა დეტექციის უნარი საქართველოში ან რეგიონში სხვა ლაბორატორიებს არ აქვთ.“

რუსეთის ფედერაცია უკრაინასა და საქართველოში ბიოუსაფრთხოების წინააღმდეგ

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადებები საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ბიოლოგიური ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც რეგიონში ეპიდემიური საფრთხეების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.  ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითს ასახავს.
იხ. ინფოგრაფიკა

"

მოამზადა დალი ქურდაძემ


მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალები

  • განმეორებითი  შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
  • "გლობალური კვლევების ცენტრის"  დეზინფორმაცია "ალიაში" ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
  •  მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, საფუძველს მოკლებულია
  •  სიუჟეტი ლუგარის ლაბორატორიის და მის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ