პოლიტიკა

GEWORLD.GE-ს და რუსული მედიის დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთს შეიძლება პოლიტიკური სანქციები მოუხსნან

27 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 18 ოქტომბერს ონლაინ - გამოცემა Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურითევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს შეიძლება მოუხსნან პოლიტიკური სანქციები“.  მასალის მიხედვით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას თავად რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები მოწმობს, რადგან “რეზოლუციით ეუთოს ეკრძალება რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადის გაგრძელება წევრი ქვეყნების ნებართვის გარეშე”. გამოცემის აზრით, ეს საეჭვოს ხდის ეუთოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერის შესაძლებლობას და შესაბამისად სანქციები შესაძლოა მომავალი წლის იანვარში გაუქმდეს.

"

  • Geworld.ge -ს მასალა დეზინფორმაციაა, რადგან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ევროპის საბჭოს მეოთხე სამიტის ჩატარებას ეხება  და არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ პოლიტიკურ სანქციებს.
  • რეზოლუციის ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).
  • რეზოლუციის ერთადერთი ნაწილი, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხება, ამბობს რომ 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის და წარმომადგენლობის ყოლის უფლება შეწყვეტილი  აქვს.

რეალური ფაქტები

2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით რუსეთს ასამბლეაში ხმის მიცემის და წარმომადგენლობის ყოლის უფლება შეუწყდა.  სწორედ ეს იყო ის ერთადერთი სანქცია, რომელიც რეზოლუციის ტექსტში რუსეთთან მიმართებაში  იყო მოხსენიებული.

"

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2017 წლის 30 ივნისს გაკეთებულ განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ევროპის საბჭოს ბიუჯეტში რუსეთი საწევრო გადასახადს იქამდე შეწყვეტს, სანამ საპარლამენტო ასამბლეაზე საკუთარი ფედერალური წარმომადგენლობის სრულ და უპირობო აღდგენას არ მიაღწევს.

GEWORLD.GE-ს მიხედვით “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  რეზოლუციით ეუთოს რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადის გაგრძელება ეკრძალება წევრი ქვეყნების ნებართვის გარეშე”. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია, რადგან ეუთო საერთოდ არაა ნახსენები რეზოლუციის ტექსტში და არც ამ კონკრეტულ რეზოლუციასთან აქვს რაიმე კავშირი.   

კრემლისტური მედია

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისთვის ქმნის საფუძველს, Stopfake.org-ის ცნობით კრემლისტური და ზოგიერთი უკრაინულენოვანი მედიასაშუალების მიერ 11 ოქტომბერს გავრცელდა:  Fakty, UNIAN, KomsomolskayaPravda, Podrobnosti, Pravda.ru, და სხვ.

აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ამბავი იმგვარად გააშუქეს, თითქოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის ყველა წინადადება უარყო და მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების მოხსნის საფუძველს ქმნის.

"

მომზადებულია Stopfake.org -ის მასალაზე დაყრდნობით


მოამზადა იოსებ ძამუკაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია