ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

Geworld H1N1-ის სტატისტიკას აყალბებს და ჩინეთს COVID-19-თან ბრძოლაში სამაგალითოდ სახავს

10 აპრილი, 2020

7 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კორონავირუსი ცვლის მსოფლიო წესრიგს”. სტატიის ავტორი გიორგი გაჩეჩილაძე წყაროდ Fondsk.ru-ს იმოწმებს და ამტკიცებს, რომ COVID-19-ის საშიშროება გაზვიადებულია, რადგან წითელას ეპიდემიას და H1N1-ს (ღორის გრიპი) გაცილებით მწვავე შედეგები ჰქონდა, თუმცა 2009 წელს ღორის გრიპის გამო პანდემია არ გამოცხადებულა და არც საყოველთაო კარანტინი დაწესებულა. ავტორის აზრით, კორონავირუსზე ხისტი ზომების გატარება პანიკის დათესვას ემსახურება. გარდა ამისა სტატიის ავტორი ხოტბს ასხამს ჩინეთის მიდგომას კორონავირუსთან ბრძოლაში და აღნიშნავს, რომ ეპიდემიის შედეგების მიხედვით ჩინეთის პოლიტიკური სისტემა ევროკავშირზე უპირატესია.

“საქართველო და მსოფლიო”: “წითელას ეპიდემიას გაცილებით საშინელი შედეგები ჰქონდა. 2009 წელს 200-მდე ქვეყანაში მძვინვარებდა ღორის გრიპი H1N1, დასნეულდა 1 632 258 ადამიანი, გარდაიცვალა _ 284 500. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 17,4% იყო… განა 2009 წელს ვინმემ გამოაცხადა პანდემია, დააწესა კარანტინი (2020 წლის მსგავსი), დათესა პანიკა? მსგავსი არაფერი მომხდარა. როცა ევროკავშირსა და ჩინეთში შექმნილ ვითარებას ეპიდემიის შედეგების მიხედვით ადარებენ, ბევრი აღიარებს ჩინეთის უპირატესობას, მათ შორის ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზებულობას… სანამ ევროკავშირში მსჯელობენ “ურთიერთდახმარებაზე” და თითოეული მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ მიიღოს სარგებელი ინფექციიდანაც კი, ჩინეთი თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელების ძალისხმევის შედეგად გაერთიანდა. იგივე “ჟენმინ ჟიბაო” წერს, რომ ჩინეთის სისტემა დაფუძნებულია “ხალხის ნებაზე, უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, ნოვატორობის სტიმულირებასა და ადამიანების სიცოცხლისუნარიანობაზე”. ბევრს შეიძლება გაახსენდეს საბჭოთა კავშირისდროინდელი “ხალხი და პარტია ერთიანია!”

“საქართველო და მსოფლიოს” სტატია შეიცავს როგორც ფაქტობრივ უზუსტობებს, ასევე მანიპულაციურია და ცდილობს ჩინეთის ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა დასავლურ დემოკრატიაზე უპირატესად წარმოაჩინოს. რეალურად 1) ამჟამინდელი მონაცემებით წითელას და ღორის გრიპის სიკვდილიანობა COVID-19-ზე დაბალია; 2)ტყუილია, თითქოს 2009 წელს H1N1 პანდემიად არ იყო გამოცხადებული; 3) კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების განზოგადებით ჩინეთის პოლიტიკური სისტემის შედარება ევროკავშირთან არარელევანტურია და სტატიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციას მალავდა.

1. 2009 წლის პანდემიის დროს ღორის გრიპის სიკვდილიანობა 0.02% იყო, ხოლო წითელას ეპიმედიის საშიშროება აცრების საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში ღორის გრიპთან დაკავშირებით არასწორი სტატისტიკური ინფორმაციაა მოყვანილი. რეალურად H1N1-ის სიკვდილიანობა იყო არა 17.4%, არამედ მხოლოდ 0.02%, რაც ბევრად ნაკლებია COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. 


H1N1-ის სტატისტიკა
2009-2010 წწ
Geworld-ი რეალური
დაინფიცირდა 1 632 258

0.7-1.5 მილიარდი

გარდაიცვალა

284 500

151 700 - 575 400

სიკვდილიანობა

17.4%

0.02%


სტატიაში აღნიშნულია წითელას ეპიდემიაც, რომელსაც, ავტორის თქმით, COVID-19-ზე საფრთხისშემცველია. მართალია, წითელა გაცილებით მასშტაბურია ვიდრე კორონავირუსი და ღორის გრიპი, რადგან ის ყოველწლიურად იჩენს თავს, თუმცა წითელას აცრა მნიშვნელოვნად ამცირებს მის ლეტალობას, მაშინ, როდესაც COVID-19-ის ვაქცინა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიო მასშტაბით წითელას დაახლოებით 9,769,400 ქეისი დაფიქსირდა და 142,300 ლეტალურად დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა 1.4%-ია. მსხვერპლი ძირითადად აღინიშნება ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც ბავშვებში წითელას აცრა ფაქტობრივად არ ტარდება. 

 

შედარებისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 3 მარტის მონაცემებით სიკვდილიანობა დაახლოებით 3.4% დაადგინა. კორონავირუსის საფრთხეს წარმოადგენს მისი სწრაფად გავრცელება,რის საფუძველზეც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის გამოცხადებაზე და გაიცა რეკომენდაციები პანდემიური სიტუაციების მართვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 3 თვის მონაცემები და ვირუსის გავრცელება ისევ მიმდინარეობს, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ H1N1 (ღორის გრიპი) იყო ნაკლებად ლეტალური, ვიდრე COVID-19.

2. 2009-2010 წლებში H1N1 პანდემიად იყო გამოცხადებული

2009-2010 წლებში H1N1 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად იყო აღიარებული, თუმცა მისი დაბალი ლეტალობიდან გამომდინარე საყოველთაო კარანტინის ზომების მიღება აუცილებელი არ გახდა. 

3. რამდენად სანდოა ჩინეთის სტატისტიკა?

სტატიის ავტორი ჩინეთის და ევროკავშირის მდგომარეობას COVID-19-თან მიმართებით ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ ჩინეთი ვირუსთან ბრძოლაში ბევრად ეფექტიანი იყო, რადგან “ჩინეთის სისტემა დაფუძნებულია ხალხის ნებაზე, უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, ნოვატორობის სტიმულირებასა და ადამიანების სიცოცხლისუნარიანობაზე”. სტატიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ჩინეთი ვირუსთან ბრძოლაში გამჭვირვალე არ ყოფილა და გავრცელების ადრეულ სტადიაზე ინფორმაციის დამალვით საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე და ასევე მსოფლიო საფრთხის ქვეშ დააყენა. 

ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაცია 31 დეკემბერს მიაწოდა. ცნობების ოფიციალურად გასაჯაროებამდე ჩინეთში ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში SARS-ის მსგავსი ვირუსი ვრცელდებოდა, თუმცა ჩინეთის პოლიცია მათ გაჩუმებას შეეცადა და კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ინფორმაცია დამალა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ COVID-19-ის პირველი ქეისები 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. South China Morning Post-ის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა, რომელიც მოგვიანებით სამთავრობო მონაცემებით გახდა ცნობილი, 17 ნოემბერს ფიქსირდება, თუმცა, შესაძლოა არც ეს შემთხვევა ყოფილიყო ე.წ. “ნულოვანი პაციენტი”.

ჩინეთის სტატისტიკა ახლაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინეთი სრულად არ აწარმოებს დაინფიცირებულების აღრიცხვას, ვრცელდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან და მედიიდან, ასევე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშიდან.


მოამზადეს მაიკო რატიანმა და ნინო გოგმაჩაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია