თავდაცვა/უსაფრთხოება

Geworld-ის დეზინფორმაცია თითქოს სტინგერები და ჯაველინები უვარგისია

4 ივლისი, 2018

2018 წლის 28 ივნისს,  პორტალმა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „გაჯაველინებული საქართველოს გამოსტინგერება“, რომელშიც სტატიის  ავტორი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას მიერ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას,  ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს.

ავტორი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჯაველინისა და სტინგერის „ულტრათანამედროვეობას“ და მათ მოძველებულს უწოდებს. მისი თქმით, აშშ-ს ზედმეტად ძვირი უჯდება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობის განახლება ან განადგურება და მარტივ გამოსავალს უვარგისი იარაღის საქართველოსთვის მიყიდვაში პოულობს.

ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: "ჩვენს “უანგარო” სამხედრო პარტნიორს რაც შეეხება, მას ეს “ჯაველინები” და “სტინგერები” ისედაც უქმად უცდება საწყობებში. სხვათა შორის, “ძაან პატრიოტებს” მინდა შევახსენო, რომ არსებობს ასეთ ტერმინი _ “უტილიზაცია”, რაც ჩამოწერილი, უვარგისი ან ვადაგასული სამხედრო ტექნიკის განადგურებას გულისხმობს. ეს “უტილიზაცია”, რომ იცოდეთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მართლაც, რატომ უნდა დახარჯო ფული ამ მოძველებული სამხედრო სისტემების განადგურებაში, თუკი რომელიმე დაგოიმებული “პარტნიორის” ხარჯზე ამით ფულის გაკეთება შეგიძლია?! რა თქმა უნდა, ცალკე სალაპარაკოა, რამდენად ულტრათანამედროვეა თავისთავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “სტინგერი”, რომელსაც ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა ავიაციის წინააღმდეგ იყენებდნენ 1980-იან წლებში და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში 70-იანი წლებიდან გამოჩნდა".
საქართველო და მსოფლიო,
28 ივნისი, 2018

მტკიცება, თითქოს ანტისატანკო სისტემა ჯაველინები და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა სტინგერები მოძველებული და უვარგისია, უსაფუძვლოა. აშშ როგორც სამხედრო, ისე საწვრთნელ ოპერაციებში სტინგერებსა და ჯაველინებს აქტიურად იყენებს და პერიოდულად ახდენს ამ შეიარაღების განახლებას, რაშიც დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება.

ფაქტი N1: ბოლო 15 წლის განმავლობაში სტინგერის ნაკლები პოპულარობა აშშ-ის სამხედრო ძალების ტაქტიკის ცვლილებამ განაპირობა და არა იმან, რომ სტინგერევბი “ჩამოწერილი, უვარგისი ან გამოუსადეგარია”. 2018 წელს აშშ-ის არმიამ საწვრთნელ ოპერაციებში, ახალი სტრატეგიული ინიციატივების ფარგლებში, სტინგერის ინტენსიური გამოყენება დაიწყო.

აღნიშნულს ადასტურებს 2018 წლის იანვარში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებ -გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის გაერთიანებული მრავალეროვნული საბრძოლო მომზადების ცენტრი დაიწყებს ჯარისკაცების წვრთნას და ვარჯიშს გადასატანი, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის - FIM-92 სტინგერის გამოყენებით . 2018 წლის 10 იანვარს, ჰოჰენფელსის საწვრთნელ ბაზაზე სტინგერის სისტემასთან დაკავშირებით გამართულ ტრეინინგს დაახლოებით 50 დამკვირვებელი და მწვრთნელი დაესწრო

აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული ოფისის წვრთნებისა და დოქტრინის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი აარონ ფელტერი აცხადებს, რომ დღეს ანტისჰაერო სისტემა სტინგერს არმიის აღჭურვილობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფელტერის თქმით, წვრთნების მიზანს წარმოადგენს  ოპერატიული ძალების გაძლიერება სტინგერით აღჭურვილი 62 ჯგუფით.  

"
ფოტო: The National Interest

მართალია FIM-92 Stinger აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველად 1981 წელს ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გამოიყენეს, თუმცა ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ საქართველოს მიერ აშშ-ისგან შეძენილი შეიარაღების ულტრათანამედროვეობა ეჭვქვეშ დავაყენოთ და მას მოძველებული ვუწოდოთ. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სტინგერმა პირველადი საბაზისო მოდელიდან დღემდე განვითარების მრავალი ფაზა განვლო. FIM-92A-დან FIM-92-K მოდელამდე გაიზარდა დაბრკოლებებისადმი რეზისტენტულობა, მიზანში ამოღების სიზუსტე, დრონების წინააღმდეგ ეფექტურობა და იარაღის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“. სტინგერის ახალ მოდელებს NATO-ის თითქმის ყველა წევრი და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები იყენებენ.

ფაქტი N2. სტინგერები  და ჯაველინები აშშ-ის საწყობებში უქმად არცდება”.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე  განთავსებული ფოტომასალის თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სტინგერი 2018 წლის მარტში, ალასკაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნა Arctic Edge -ის დროს საზღვაო ქვეითების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა.

"
უადგილოა ჯაველინების „უქმად ცვეთის“ შესახებ განცხადებაც, ვინაიდან აშშ-ის არმიამ და სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა 2003 წელს ერაყში სამხედრო ოპერაციის დროს, ასევე ავღანეთში, თალიბანის წინააღმდეგ COIN სტრატეგიით ბრძოლისას წარმატებით გამოიყენა.

ჯაველინების მნიშვნელობას აშშ-ის თანამედროვე სამხედრო წვრთნებში ასევე ადასტურებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფოტოგალერეა.

"
ფოტო. საზღვაო ქვეითები სამხედრო წვრთნა  Platinum Lion-ის დროს, ბულგარეთი, 2016 წ. წვრთნა აერთიანებდა NATO-ს მოკავშირე ქვეყანას და პატრნიორ ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და რეგიონული თავდაცვის გაძლიერების მიზნით.

"
ფოტო: Grafenwoehr Training Area, გერმანია,, 2016 წლის 24 თებერვალი.  

"
ფოტო. ჯაველინის გასროლა Rock Sokol ვარჯიშის ფარგლებში, სლოვენია, 2016 წლის 9 მარტი.

ფაქტი N3: 2018 წლის ფისკალური წლისთვის აშშ სტინგერის მოდიფიკაციისა და ნაწარმის დახვეწის პროგრამის კვლევისთვის თანხას გამოყოფს. 2017 წლის ივლისში ჯაველინის მწარმოებელმა კომპანიებმა რეითეონმა და ლოკჰიდ მარტინმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემის განახლებისთვის 10 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში, თავდაცვის დეპარტამენტის ბრიფინგზე, რომელიც 2018 წლის ფისკალური წლისთვის არმიის თავდაცვის ბიუჯეტს შეეხებოდა, გაჟღერდა სტინგერის ნაწარმის სრულყოფის პროგრამაში ინვესტიციის შესახებ. შედეგად, თავდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 2018 წლის ფისკალური წლისთვის ფონდების გადანაწილების ცვლილებას შეეხება, ვიხილეთ ჩანაწერი სტინგერის მოდიფიკაციისა და ნაწარმის დახვეწის პროგრამის კვლევისთვის თანხის გამოყოფაზე.სამხედრო ტექნიკის განახლებაზე აშშ ფულს არ ზოგავს ჯაველინების თვალსაზრისითაც, ვინაიდან 2017 წლის ივლისში ჯაველინის მწარმოებელმა კომპანიებმა, რეითეონმა და ლოკჰიდ მარტინმა 10 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიიღო ტანკსაწინააღმდეგო სისტემის განახლებისთვის.

შესაბამისად, მტკიცება, თითქოს სამხედრო სისტემების განახლება აშშ-სთვის ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა და ამის სანაცვლოდ ის ძველ შეიარაღებას საკუთარ პარტნიორებზე ყიდის, რეალობას არ შეესაბამება.


მოამზადა სოფო ექსეულიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია