სხვადასხვა

Geworld-ის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია სადამ ჰუსეინის შვილიშვილის შესახებ

20 სექტემბერი, 2019

2019 წლის 18 სექტემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ბავშვი სპეცრაზმის წინააღმდეგ”. სტატიაში საუბარია სადამ ჰუსეინის შვილიშვილ მუსტაფა ჰუსეინის შესახებ, რომელიც გამოცემის მტკიცებით, ამერიკული გაზეთის The New York Times-ის ჟურნალისტის რობერტ ეისკის მიერ დაწერილ სტატიაში მუსტაფა 21-ე საუკუნის ყველაზე უშიშარ ბავშვად იქნა აღიარებული. 

 

“საქართველო და მსოფლიო”: “ამერიკულმა გაზეთმა New York Times-მა “XXI საუკუნის ყველაზე მამაცი და უშიშარი ბიჭი” დაასახელა. გასაკვირია, მაგრამ თვით ამერიკელებიც კი აღიარებენ, რომ ეს ბიჭი ნამდვილი გმირია, რომელიც მარტო დაუპირისპირდა ამერიკულ სპეცრაზმს. ეს ბიჭია მუსტაფა სადამ ჰუსეინი”.

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული ამბავი ყალბია, არც ერთი სანდო წყაროთი არ დასტურდება, ხოლო  The New York Times-ის ჟურნალისტი რობერტ ეისკი ბუნებაში არ არსებობს. ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ რუსულენოვან და საეჭვო ონლაინ გამოცემებში. ასევე, სტატიის საილუსტრაციოდ გამოყენებულ ფოტოზე არა მუსტაფა ჰუსეინი არამედ, ავღანელი ბიჭია გამოსახული. 

The New York Times-ს მუსტაფა ჰუსეინი “XXI საუკუნის ყველაზე მამაც და უშიშარი ბიჭად” არ დაუსახელებია.

სადამ ჰუსეინის შვილიშვილი მუსტაფა მამასთან და ბიძასთან ერთად 2003 წლის 22 ივლისს ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა, როდესაც აშშ-ს სპეცრაზმმა სახლზე შეტევა დაიწყო. მამისა და ბიძის სიკვდილის შემდეგ 14 წლის მუსტაფამ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა და ის უკანასკნელი იყო, ვინც ამ ოპერაციის დროს დაიღუპა.  

მუსტაფას სიკვდილის შესახებ ინფორმაცია The New York Times-მა პირველად 2003 წლის 23 ივლისს გამოაქვეყნა, მეორედ 2003 წლის აგვისტოში და ბოლოს 2007 წლის სტატიაში მოიხსენია. არც ჩამოთვლილ და არც ამერიკული გამოცემის სხვა სტატიებში მუსტაფა ჰუსეინი XXI საუკუნის ყველაზე მამაც და უშიშარი ბიჭად დასახელებული არ ყოფილა. 

New York Times-ს ჟურნალისტი რობერტ ეისკი ბუნებაში არ არსებობს

“საქართველოს და მსოფლიოს”  და კრემლის მედიების მიერ გამოგონილი ჟურნალისტი რობერტ ეისკი სინამდვილეში ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობილი კორესპონდენტი რობერტ ფისკია (Robert Fisk), რომელიც 40 წელი ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს აშუქებდა, მათ შორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს. 2003 წელს მან The Independent-ში აშშ-ს სპეცრაზმის მიერ ქალაქ მოსულში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და სადამ ჰუსეინის ოჯახის წევრების დაკრძალვაზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა, სადაც მუსტაფას სიკვდილსაც შეეხო. სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი მაცხოვრებლის ფელაჰ შემარის კომენტარი, სადაც ის გარდაცვლილ ბავშვს გმირად და წამებულად მოიხსენიებს. 

"

“საქართველო და მსოფლიომ” კრემლისტურური მედიის დეზინფორმაცია გაიმეორა

იგივე სტატია  იდენტური ფოტოთი მრავლად მოიპოვება რუსულ მედია სივრცეში. ერთ-ერთი ასეთი ონლაინ გამოცემაა კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო Новостной Фронт, რომელიც “მითების დეტექტორმა” დეზინფორმაციასა და რუსეთის ხელისუფლების გზავნილების გახმოვანებაში არაერთხელ ამხილა

"

"

სტატიაში გამოყენებულ ფოტოზე ავღანელი ბიჭუნაა გამოსახული

“საქართველო და მსოფლიო”  და კრემლისტური გამოცემები სტატიის საილუსტრაციოდ იყენებენ ფოტოს, რომელზეც არა მუსტაფა ჰუსეინი არამედ ავღანელი ბიჭია გამოსახული.  ფოტოს მეტამონაცემების მიხედვით, ის 1992 წელს ყანდაღარშია გადაღებული და საავტორო უფლება ცნობილ ამერიკელი ფოტოგრაფს სტივ მაკკურის ეკუთვნის

კრემლისტური მედიის დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ Facebook გვერდებზე 

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმავე დღეს, 1 წუთის ინტერვალით 12:29 საათსა და 12:30 საათზე, წყაროს მითითების გარეშე გააზიარეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა Facebook გევრდებმა “INFO ინფო”-მ და “Public Opinion საზოგადოებრივი აზრი”-მ. ორივე გვერდი 2018 წლის თებერვლაშია შექმნილი და თითქმის იდენტურ მასალებს აზიარებს.

""


მასალა მოამზადეს ლია დეკანაძემ და ნანა რაფავამ
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი