სხვადასხვა

განმარტავს თუ არა Google სიტყვას “პარაზიტი” როგორც “კაპიტალისტს”

17 ოქტომბერი, 2019

Snopes.com-ის მასალის მიხედვით

14 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა ტვიტერის პოსტში გუგლი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუგლის ლექსიკონი ტერმინ “პარაზიტის” არასწორ განმარტებას გვთავაზობს. გინგრიჩი ამტკიცებს, რომ გუგლი “პარაზიტს” განმარტავს როგორც “კაპიტალისტს”.

"

აღნიშნულ პოსტში არაერთი უზუსტობაა. პირველ რიგში გუგლი არა საკუთარ, არამედ სხვა სანდო ლექსიკონებს იყენებს, როგორიცაა Oxford University Press. მეორეც, კაპიტალისტი ტერმინ “პარაზიტის” განმარტებად არაა მოცემული, ის მხოლოდ მაგალითად მოყვანილ წინადადებაშია გამოყენებული.

თუ დავგუგლავთ ტერმინ “პარაზიტის განმარტებას” (parasite definition) შემდეგ საძიებო შედეგს მივიღებთ: “ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს სხვა სახეობის ორგანიზმში (მისი მასპინძელი) და სხვის ხარჯზე საკვები ნივთიერებების მიღებით სარგებლობს.”

"
წყარო: Snopes.com

როგორც ფოტოზე ჩანს, განმარტების ქვემოთ მითითებულია From Oxford.

გუგლი ასევე გვთავაზობს ოქსფორდის ლექსიკონის მეორე განმარტებასაც, რაზეც ნიუტ გინგრიჩმა გამოთქვა უკმაყოფილება. “პიროვნება, რომელიც ეყრდნობა ან იყენებს სხვებს და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს.” ამ განმარტებას თან ახლავს ამ კონკრეტული ტერმინის წინადადებაში გამოყენების მაგალითი: “კაპიტალისტი რეალურად პარაზიტია მუშებთან მიმართებაში.”

"
წყარო: Snopes.com

გუგლის საძიებო სისტემის მეკავშირე პირმა, დენი სალივანმა, ნიუტ გინგრიჩის პოსტს უპასუხა და აღნიშნა, რომ ტერმინ “პარაზიტის” განმარტებად “კაპიტალისტი” მითითებული არაა, ხოლო ის კონკრეტული წინადადება მაგალითის სახით აღებულია Lexico.com-დან და გუგლს თავად არ შეუქმნია.

"