ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

გამოიგონეს თუ არა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წამალი?

18 მარტი, 2020

ქართულ მედიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შესახებ ყალბი ინფორმაციები კვლავ ვრცელდება. 4 მარტს საინფორმაციო სააგენტო alia.ge-მ, ხოლო 9 მარტს tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნეს ინტერვიუები ქართველ ექიმებთან, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ COVID-19-ის ნაწინააღმდეგო წამალი დაამზადეს. 

""

ინფორმაცია ქართველი ექიმების მიერ კორონავირუსის პრეპარატის გამოგენებაზე სიცრუეა. ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი და ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, მიმდინარეობს მათი შესწავლისა და კლინიკური ცდების პროცესი. მსგავსი სტატიების გავრცელება ემსახურება 1. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას 2. ქართველი ,,ექიმების’’ მიერ ფინანსური სარგებლის მიღებას.

alia-ს სტატიაში არის გია ნადარეიშვილის დამზადებული წამლებისა და მისი ჰომეოპათიური ცენტრის ფარული რეკლამა. Tvalsazrisi.ge-ს სტატიის ბოლოს კი ზურაბ ქუმსიაშვილის ცენტრის ფეისბუქ გვერდის ბმული და მათი საკონტაქტო ინფორმაციაა მოცემული.

გავრცელებული ცნობები წამლების შესახებ სიცრუეა, რადგან შემოთავაზებული პრეპარატები არ არის გამოცდილი და არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც კორონავირუსთან გამკლავებაში მედიკამენტების ეფექტიანობას დაასაბუთებს.

რა ვიცით COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატისა და ვაქცინის შესახებ?

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ უტრეხტისა და ერასმუსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მკვლევრებმა COVID-19-ს გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, მისი საწინააღმდეგო პრეპარატის დამზადებაში გამოიყენონ. 

16 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი სიეტლში დაიწყო. ,,აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი საცდელი ვაქცინა უკვე მიიღო ერთერთმა მოხალისემ. კვლევაში, რომელიც დაახლოებით 6 კვირას გაგრძელდება, 18-55 წლის  45 ჯანმრთელი მოხალისე იღებს მონაწილეობას.


მოამზადა თამარ ხმიადაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია