სხვადასხვა

გამოგონილი ამბავი, თითქოს ნოტრ-დამის აღსადგენად 91 წლის მონაზონი ქალიშვილობას ყიდის

8 მაისი, 2019

2019 წლის 7 მაისს ვებ-გვერდებმა Droni.ge, news.coa.ge, itar.ge და საინფორმაციო სააგენტო Prime Time- მა  გამოქვეყნეს იდენტური ინფორმაცია, რომ 91 წლის მონაზონი ანტუანეტა დე-ბასილი ქალიშვილობას აქუციონზე ყიდის, მიღებულ თანხას კი ნოტრ-დამის აღდგენას შესწირავს. ინფორმაციის წყაროდ ინგლისურენოვანი გამოცემა World News Daily Report არის მითითებული.

 

""

""

91 წლის მონაზვნის მიერ აუქციონზე ქალიშვილობის გაყიდვის ამბავი გამოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება. World News Daily Report, რომელიც პრაიმტაიმის და სხვა ქართული ვებ-გვერდების მასალაში არის მითითებული, სატირული გამოცემაა. მათი პუბლიკაციების არც ტექსტში, არც სათაურში მკაფიოდ არ ჩანს, რომ ამბავი სატირულია, რაც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია. ამასთან, სტატიის თანმხლებ ფოტოზე არა ფრანგი მონაზონი, ანტუანეტა დე-ბასილი, არამედ 2018  წელს გარდაცვლილი პოლონელი მონაზონი სესილია როზაკია (Cecylia Roszak) გამოსახული.

   1. სტატიის წყარო World News Daily Report სატირული გამოცემაა, რომელიც გამოგონილ ისტორიებს აქვეყნებს

World News Daily Report, რომელსაც ქართული საიტები წყაროდ ასახელებენ, სატირული გამოცემაა.  როგორც პორტალის მისიის განაცხადშია აღნიშნული:

" ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

   2. ფოტოზე გამოსახული ადამიანი პოლონელი მონაზონი სესილია როზაკია

ფოტო, რომელიც გამოგონილ ისტორიას ერთვის, არა ფრანგ ანტუანეტა დე-ბასილის, არამედ, პოლონელ მონაზონ სესილია როზაკს ( Cecylia Roszak) ეკუთვნის. ის მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური რეჟიმისგან ებრაელებს იცავდა და 2018 წლის ნოემბერში 110 წლის ასაკში გარდაიცვლა.  

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.

  •  დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
  •  Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
  •  Geworld-ი მიგრანტის გაუპატიურებულ თხაზე პეტერბურგის “ტროლების ქარხნის” დეზინფორმაციას აქვეყნებს.

მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი