მიგრანტები

გაიზარდა თუ არა იმიგრანტების ხარჯზე საქართველოს მოსახლეობა?

4 მაისი, 2020

30 აპრილს ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა პოსტი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. “კარდჰუს” მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა ემიგრაციის გამო 100 000-ით შემცირდა, ამჟამად რაოდენობა უცვლელია და ისევ 3.7 მილიონს შეადგენს. “კარდჰუ” ამის მიზეზად  საქართველოში შემოსული იმიგრანტების რაოდენობას ასახელებს და წყაროდ საქსტატს უთითებს. პოსტს მანიპულაციურად ასევე თან ერთვის ნიქაბით შემოსილი მუსლიმი ქალების ფოტო.

~

“კარდჰუს” მტკიცება, თითქოს საქართველოში 2014 წლის შემდგომ 100 000 იმიგრანტი შემოვიდა მანიპულაციაა. პოსტში დართული ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იმიგრანტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ მუსლიმები არიან. “კარდჰუ” მკითხველს არ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქსტატის 2019 წლის მონაცემებით 96 864 იმიგრანტიდან 54 478 საქართველოს მოქალაქეა.

  • საქართველოში აღრიცხული იმიგრანტების ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა

საქსტატის მონაცემებით, რომელიც მოქალაქეობის მიხედვით იმიგრანტებისა და ემიგრანტების რაოდენობას ეხება, 2019 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 96 864-ს, ხოლო ემიგრანტების 105 107-ს შეადგენს. “კარდჰუ” არ ცდება ინფორმაციის იმ ნაწილში, რომ იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხვი დაახლოებით თანაბარია, თუმცა არ განმარტავს, თუ როგორი თანაფარდობაა იმიგრანტებში მოქალაქეობის მიხედვით და არ ითვალისწინებს უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს. 96 864 იმიგრანტიდან 54 478 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჯამური რაოდენობა 42 386-ს, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირია 69-ს შეადგენს.

 

წყარო: საქსტატი

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტებიდან უმრავლესობა - 11 515 რუსეთის მოქალაქეა. რაოდენობით მეორე ადგილზე არიან ირანის მოქალაქე იმიგრანტები და მათი რაოდენობა 5 664 ადამიანს შეადგენს.

“კარდჰუს” ფოტომანიპულაცია

“კარდჰუ” საქართველოში მყოფი იმიგრანტების ვიზუალურ “მტკიცებულებად” იყენებს მუსლიმი ქალების ფოტოს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთიდან (ნიქაბის გათვალისწინებით) შემოსული იმიგრანტების ხარჯზეა უცვლელი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ზემოთ უკვე განიმარტა თუ რეალურად რამდენი იმიგრანტია უცხო ქვეყნის, მათ შორის ირანის მოქალაქე. რაც შეეხება თავად ფოტოს, ის 2014 წელს სხვადასხვა გამოცემის მიერ არის გამოყენებული და საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოების მიერ ლიბანში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებას უკავშირდება.

~

პროფილები: