პოლიტიკა

გააკეთა თუ არა ბაიდენმა სააკაშვილზე განცხადება?

18 იანვარი, 2021

14 იანვარს ქლიქბაით გამოცემა publishers.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ვრცელდება ბაიდენის შოკისმომგვრელი განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით.” ინფორმაციაში კი სამოქალაქო აქტივისტსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ზვიად კუპრავაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება და შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოითხოვა. publishers.ge კუპრავას 10 იანვრის ფეისბუკ პოსტს ეყრდნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი განცხადება იყო.  პოსტს და სტატიას თან მიხეილ სააკაშვილის და ჯო ბაიდენის ფოტოები ერთვის. 

;;

publishers.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაიდენმა სააკაშვილთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების შესახებ ისაუბრა, მცდარია, რადგან ბაიდენის ასეთი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. მანიპულირება ხდება დემოკრატ გრეგორი მიკსიის სიტყვებით, რომელმაც  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ზოგადად საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და ამ გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პუბლიკაციაზე ბაიდენისა და სააკაშვილის ფოტოების დართვა კი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბაიდენი კონკრეტულად სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაბარებას გულისხმობდა. 

9 იანვარს "ამერიკის ხმამ" ინტერვიუ წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე გრეგორი მიკსთან ჩაწერა, საუბარი ძირითადად აშშ-ში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოკლედ მიმოიხილა და  შეკითხვაზე, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ქართველმა პოლიტიკოსებმა მიკსიმ უპასუხა: 

გრეგორი მიკსი:  "ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს."

მიკსიმ ხაზი გაუსვა ხალხის ერთად დგომის მნიშვნელობას დემოკრატიის შენებისა და დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფის პროცესში.

ზვიად კუპრავას ფეისბუკ პოსტში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი განცხადებაა, რაც მცდარია, რადგან ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრების ნომინირება მოახდინა, მაგრამ  ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად ადმინისტრაცია ვერც განცხადებას გააკეთებდა. რაც შეეხება გრეგორი მიკსის კომენტარს, ის როგორც კუპრავას, ასვეე publishers.ge-ს მიერ მანიპულაციურად ვრცელდება.


მოამზადა მარიამ დანგაძემ


არქივის ბმული - https://archive.is/FKn0N


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.