სხვადასხვა

Fake news-ის თანმხლებ ფოტოზე სასტუმროდან გადმოვარდნილი თურქეთის მოქალაქეა

30 ოქტომბერი, 2017

28 ოქტომბერს,  “ქართველთა მარშთან” დაკავშირებულმა პირმა ლევან ხიდიშელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტო, რომელზეც მისი მტკიცებით, თურქეთში ქურთუკის ქურდობის გამო ცემით მოკლული ქართველი ახალგაზრდა იყო ასახული.  პოსტს თან ერთვოდა თურქოფობიული მოწოდებებუ ჰაშთაგით “თურქეთი ჩვენი მტერია”.

როგორც გამოქვეყნებული ფოტოების ფონიდან ჩანს, ის სტამბოლში, ზეინაბ ქამილის ქუჩაზე, სასტუმრო Ozsa-ს წინ არის გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” სასტუმრო Ozsa-ს და მის მიმდებარე სასტუმრო Berlin-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. “ბერლინის” ადმინისტრაციამ ფოტოს შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული აღწერილობა უარყო და აღნიშნა, რომ მასზე სინამდვილეში თურქეთის მოქალაქეა გამოსახული, რომელიც სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. სასტუმრო Ozsa-ში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე არ უსაუბრიათ, თუმცა მათი სასტუმროს წინ ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.

სასტუმრო “ბერლინის” ადმინისტრაცია: “ვიცით, რა მოვლენაზეც არის საუბარი. ამ დროს ჩვენთან ქართველი ქალბატონი ისვენებდა, რომელმაც გვითხრა, საქართველოში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ქართველი იყო გარდაცვლილი. მაგრამ ეს პიროვნება ეთნიკურად თურქი, თურქეთის მოქალაქე იყო. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სასტუმრო “ოზსას” მესამე სართულიდან გადმოხტა.”

სასტუმრო “ოზსას” ადმინისტრაცია: “არ უცემიათ ქართველი. გვიყვარს ქართველი ხალხი და ჩვენს სასტუმროშიც ხშირად გვყავს ქართველი სტუმრები.”

გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორთან” საქართველოში თურქეთის საელჩომაც უარყო, რომელმაც წერილობით კომენტარში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია დაგმო, ამასთანავე გამოთქვა სურვილი, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მსგავსი მასალის გამოქვეყნებამდე ინფორმაცია საქართველოში თურქეთის საელჩოსთან ან ანკარაში საქართველოს საელჩოსთან გადაამოწმონ.

იმავე თემასთან დაკავშირებით 28 ოქტომბერს, თურქეთში მცხოვრები მომხმარებლის, ვეისელ მინიგოლის ფეისბუკ პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ სტამბოლში ზეინაბ ქამილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოხტა. მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ლოკაცია ლევან ხიდიშელისა და ქართული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების ლოკაციას ემთხვევა.

"

Fake news-ის გავრცელების სქემა

ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით სოციალურ ქსელებს სხვდასხვა დაინტერესებული პირები ხშირად იყენებენ. აღნიშნულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ერთი მხრივ, facebook-ში თურქოფობიული განწყობების გაღვივება მოჰყვა, მეორე მხრივ, აღნიშნული სტატუსი გადამოწმების გარეშე სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოებმა გამოაქვეყნეს, რითაც მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს.

"

1. თავდაპირველად ყალი ცნობა ქართველთა მარშთან დაკავშირებულმა პირმა ლევან ხიდიშელმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

"

2.  მოგვიანებით ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ხიდიშელმა აღნიშნული ფოტო საკუთარი გვერდიდან წაშალა, თუმცა პოსტი სოციალურ ქსელში მომხმარებლის უკმაყოფილებისა  და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წყაროდ იქცა.

"

3. აღნიშნული პოსტი გადამოწმების გარეშე 28 ოქტომბერს  შემდეგმა მედიასაშუალებებმა digest.pia.gealia.ge, geonews.ge, geomediapress.ge, cyc.ge  გამოაქვეყნეს, 29 ოქტომბერს npa.ge -მ, რითაც დაუდასტურებელი ცნობის ლეგიტიმაცია მოახდინეს. ერთადერთი გამოცემა, რომელმაც 30 ოქტომბერს გავრცელებული ყალბი ცნობის უარყოფა მოახდინა “ალია”  იყო, თუმცა ძველი მასალა ინტერნეტში ისევ იძებნება.

""


მოამზადეს სოფო გელავამ და დალი ქურდაძემ