იდენტობა

ეკუთვნის თუ არა კისინჯერს სიტყვები: “ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული"?

18 სექტემბერი, 2020

15 სექტემბერს ონლაინ გამოცემა gnn.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “საბჭოთა ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა – ჰენრი კისინჯერი”. სტატიაში აღნიშნულია, რომ წლების შემდეგ ბევრი ადამიანი მისტირის საბჭოთა კავშირის სიკეთეებს, უფასო განათლებას, სამედიცინო მომსახურებას და სხვა, ამის საილუსტრაციოდ კი სტატიის ავტორს მოჰყავს ციტატა, რომელსაც ამერიკელ დიპლომატ ჰენრი კისინჯერს მიაწერს. 

gnn.ge: “აი რა განაცხადა ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, დიპლომატმა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა: ‘ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ფული, მათ ჰქონდათ გულწრფელი ადამიანური მადლიერება და ასე იყო ყველაფერში. მე ვერავინ მიწოდებს სოციალიზმის თაყვანისმცემელს, მე დასავლელი ადამიანი ვარ დასავლური აზროვნებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში მართლაც იბადებოდა ახალი ადამიანი, შეიძლება ითქვას, _ Homo Soveticus-ი. ეს ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ დავანგრიეთ ეს ნაკრძალი. შესაძლოა, ეს ჩვენი უდიდესი დანაშაულია’”.

gnn.ge-ს სტატიის ბოლოს წყაროდ მითითებული აქვს geworld.ge, რომელმაც იდენტური სტატია 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. თავის მხრივ, Geworld წერს, რომ სტატია ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მომზადდა, თუმცა კონკრეტულ წყაროს არ უთითებს. მასალა ასევე გააზიარა ფეისბუკ გვერდმა სტალინი.

;;

ჰენრი კისინჯერის აღნიშნული ციტატა სინამდვილეში გამოგონილია და ის პირველად რუსულმა სატირულმა გამოცემა panorama.pub-მა გამოაქვეყნა. პირველწყარო gnn.ge-სა და  geworld.ge-ს მითითებული არ აქვთ და სატირული გამოცემის მიერ გამოგონილ ციტატას ავთენტურად წარმოაჩენენ.

სად და როდის გამოქვეყნდა კისინჯერის გამოგონილი ციტატა?

ციტატა ამოღებულია panorama.pub-ის 2018 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს: “ჰენრი კისინჯერი კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია და სსრკ-ის დაშლას ამერიკის უდიდესი დანაშაული უწოდა”. კისინჯერის განცხადებები აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შედარებაზე, რაც სტატიაშია მოყვანილი, მთლიანად რუსული სატირული გამოცემის ფანტაზიის ნაყოფია. 

panorama-ის როგორც სტატიის ბოლოს, ასევე გამოცემის შესახებ ინფორმაციის სექციაში მითითებული აქვს, რომ საიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა სატირულია და ნამდვილ ინფორმაციას არ შეიცავს.

;

“მითების დეტექტორი” ჰენრი კისინჯერის გამოგონილი ციტატის შესახებ ადრეც წერდა, როდესაც ონლაინ გამოცემა progressnews-მა 2019 წლის 18 ოქტომბერს იდენტური გამოგონილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. progressnews წყაროდ panorama-ს უთითებდა, თუმცა არ ჰქონდა აღნიშნული, რომ ის სატირული გამოცემაა.

;

Gnn.ge-ს შესახებ

gnn.ge-ს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საინფორმაციო სააგენტო Georgian national news 2016 წლის ივლისში შეიქმნა. საიტზე ასევე მითითებულია საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტა. 

registrator.ge-ს ინფორმაციით, gnn.ge 2018 წლის 29 ოქტომბერს დარეგისტრირდა, მფლობელი არის შპს მინიონები, ხოლო ტექნიკური პირი აკაკი წოწონავა. აკაკი წოწონავა ბიზნეს რეესტრშიც იძებნება და მას 2015 წელს სუბიექტის რეგისტრაციაში ელ.ფოსტის მისამართად gn.news@mail.ru აქვს მითითებული.

;

აკაკი წოწონავას ფეისბუქის პროფილზე აღნიშნულია, რომ ის GNN-ის დამფუძნებელია. ასევე, მისი რეზიუმე განთავსებულია თავად გამოცემის ვებ-გვერდზეც, სადაც ვკითხულობთ, რომ აკაკი წოწონავა საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესის” და “ინფო9”-ს ჟურნალისტიც იყო.

სატირული მასალების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. panorama.pub ქართულენოვანი გამოცემებისთვის არაერთხელ გამხდარა ყალბი ამბების წყარო. იხილეთ “მითების დეტექტორის” გადამოწმებული მასალები, რომლებიც panorama.pub-ზე დაყრდნობით გავრცელდა:

იხილეთ სხვა სატირულ-იუმორისტული შინაარსის საიტების გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ასევე რეალურ ამბად გავრცელდა: