სამართალი/კრიმინალი

ECHR: Россия 24-ის ჟურნალისტების დეპორტაცია შეესაბამება ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს

24 დეკემბერი, 2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) ლიეტუვიდან გაძევებასთან დაკავშირებით 4 რუსი ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ზარუბინი და სხვები ლიეტუვას წინააღმდეგ (Zarubin and Others v Lithuania) ეხებოდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Россия 24-ის ჟურნალისტების ლიეტუვიდან დეპორტაციას, რაც ვილნიუსის კონფერენციაზე მათ ქმედებებს მოჰყვა.  

19 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო და სარჩელი დაუშვებლად სცნო. სასამართლოს თანახმად,  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) ამ შემთხვევაში დარღვეულად ვერ ჩაითვლება, რადგან ლიეტუვის მიერ გატარებული ზომები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის საჭიროებას წარმოადგენდა. კერძოდ, მოსარჩელეების ქცევა კონფერენციაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოების განმარტებით იყო აგრესიული და პროვოკაციული, ეწინააღმდეგებოდა პასუხისმგებლიანი მედიის პრინციპებს. 

რუს ჟურნალისტებს პაველ ზარუბინს, ალექსანდერ მაკაროვს, ანდრეი მელნიკოვს და ალექსეი კაზაკოვს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Россия 24-ში რეპორტიორის, ხმის ოპერატორის, ვიდეო-ოპერატორის და რედაქტორის თანამდებობები უკავიათ. 2016 წლის მარტში ისინი ვილნიუსში ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ ფორუმზე იმყოფებოდნენ, რომელიც რუსეთის საკითხებს ეხებოდა და რუსეთის ოპოზიციის აქტივისტებსაც მასპინძლობდა. 


Россия 24-ის ჟურნალისტები ფორუმზე აკრედიტაციის გარეშე შევიდნენ, რასაც გარკვეული ინციდენტები და არეულობა მოჰყვა. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მათ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალათ. ჟურნალისტებმა ლიეტუვა დატოვეს, თუმცა გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გააასაჩივრეს.