სხვადასხვა

ECHR: კონტრდემონსტაციამ არ შეიძლება შეაფერხოს დემონსტრაციის უფლების განხორციელება

28 ივნისი, 2021

21 ივნისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღირსების მარშზე საუბრისას თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, თუ შეკრების თავისუფლება თემატურად საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალს ეწინააღმდეგება, ხელისუფლებას მისი შეზღუდვის უფლება აქვს.

ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორია: “მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, რომელიც ამბობს ცალსახად, რომ თუ შეკრების თავისუფლება თემატურად ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალს, ხელისუფლებას უფლება აქვს ის შეზღუდოს... აღნიშნული პრაიდი წელს არ უნდა ჩატარდეს”.

ირაკლი გოგავას ინტერპრეტაცია მცდარია. შეკრების თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეეხება, რომლის განმარტებით ნაწილში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ვრცელდება სექსუალურ უმცირესობებზეც და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება აკისრია, უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობა. ამას ეფუძნება 2015 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილი განაჩენიც.

  • რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეკრების თავისუფლებაზე და როგორ განიმარტება მე-11 მუხლი?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე. დაუშვებელია ამ უფლებათა განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონით არის გათვალისწინებული და დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის ან კრიმინალის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად არის აუცილებელი.

ევროპის საბჭოს მიერ მე-11 მუხლზე გამოქვეყნებული განმარტებების მიხედვით, მშვიდობიანი შეკრების უფლება მოიცავს როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებებს სახელმწიფოს მხრიდან. პოზიტიური ვალდებულებები მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ იმ პირებმა, რომლებსაც აქვთ არაპოპულარული შეხედულებები ან ვინც უმცირესობას მიეკუთვნებიან, შეsძლონ ამ უფლებით სარგებლობა. განმარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, იმ შემთხვევებში, რომლებიც სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად ორგანიზებულ ღონისძიებებს ეხებოდა დაასკვნა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და შეზღუდოს ჰომოფობიური სიტყვიერი თავდასხმა და ფიზიკური ზეწოლა კონტრ-აქციის მონაწილეთა მხრიდან.

განმარტების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ლგბტ პირთათვის შეკრების უფლებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მათი შეკრება შესაძლოა გახდეს აგრესიის სამიზნე იმ პირთა მხირდან, ვინც გმობს ჰომოსექსუალობას, კონვენციის მე-11 მუხლს არღვევს. სასამართლომ ეს 2019 წელს საქმეზე “ჟდანოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” დაადგინა. სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ვალდებული იყო, მიეღო შესაფერისი ზომები, რათა მსურველებს შეძლებოდათ, ჩაეტარებინათ შეკრება ფიზიკური ძალადობის შიშის გარეშე. სასამართლოს მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას შეეძლო არაერთი ზომის მიღება ამის უზრუნველსაყოფად, მან არჩია გაექრო დაძაბულობის მიზეზი და შეეზღუდა შეკრების თავისუფლება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შეკრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა, რადგან სახეზე იყო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია.

განმარტების მიხედვით, უმცირესობის კულტურის შენარჩუნება და განვითარება ვერ ჩაითვლება საფრთხედ დემოკრატიული საზოგადოებისათვის, მიუხედავად იმისა, ქმნის თუ არა ეს დაძაბულობას:

“დაძაბულობის წარმოშობა პლურალიზმის ერთ-ერთი შედეგია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ, პლურალიზმი კი ემყარება განსხვავებულობის და ეთნიკური და კულტურული იდენტობების დინამიკის პატივისცემას. ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში არის არა დაძაბულობის მიზეზის თავიდან მოშორება პლურალიზმის გაქრობით, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ კონკურენტი ჯგუფები ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულები იყვნენ.”

განმარტებაში ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია საქმე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”

საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2015 წელს გამოიტანა. საქმე შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისს გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს კერძო პირების მხრიდან ძალადობას და პოლიციის მხრიდან არასაკმარის დაცვას. დავა მიდიოდა მათ შორის მე-11 მუხლის დარღვევაზე.

სასამართლომ დაასკვნა, რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი მშვიდობიანი მარშის ჩაშლა წარმოადგენდა მე-11 მუხლში ჩარევას, ვინაიდან კონვენცია იცავს გამოხატვის საჯარო ფორმებს, მათ შორის მშვიდობიან შეკრებას და შეხედულებების გამოხატვას სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ცნობიერების ასამაღლებლად და მათ მხარდასაჭერად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 17 მაისის მარშში მონაწილეთა დაცვა დისკრიმინაციით მოტივირებული ძალადობისაგან:

“სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, ან მათ უნდა სცოდნოდათ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები, რომლებიც დაკავშირებული იყო მომჩივანი ორგანიზაციის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გარე მსვლელობასთან. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.”

სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ დემოკრატიაში კონტრდემონსტაცია არ შეიძლება გადაიზარდოს დემონსტრაციის უფლებების განხორციელების შეფერხებაში.

შედეგად, სასამართლომ მომჩივნები დაზარალებულად ცნო და სახელმწიფოს მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებაში ასევე მოყვანილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ევროპის საბჭოს რეკომენდაცია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და უზრუნველყონ მე-11 მუხლის თანახმად მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ლგბტ პირების უფლებების მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეთა დაცვა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაში ხელის შეშლის უკანონო მცდელობების აღკვეთა. რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯაროდ უნდა დაგმონ გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლებებში ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევა, განსაკუთრებით ლგბტ პირების უფლებებთან მიმართებით.

შესაბამისად, ირაკლი გოგავას ინტერპრეტაცია, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ პრაიდი ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის გამონაკლის შემთხვევებში და სახელმწიფოს მისი შეზღუდვის უფლება აქვს, მცდარია. როგორც მე-11 მუხლის განმარტებით ნაწილში, ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განმარტებულია, რომ მე-11 მუხლით განსაზღვრული მშვიდობიანი შეკრების უფლება ვრცელდება უმცირესობებზე, მათ შორის სექსუალურ უმცირესობებზე, მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებაში ამაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს ამ ჯგუფებისათვის შეკრების უფლებით სარგებლობა.


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.