ეკონომიკა

დიმიტრი ლორთქფინაძის დეზინფორმაცია, თითქოს ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის

7 თებერვალი, 2018

2017 წლის 31 იანვარს, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ლორთქფინაძიემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ სანქციენბში ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთადერთი სარკმელი რუსეთის ფედერაციაა. ამის არგუმენტად ლორთქფინაძიეს სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპორტის 67% სწორედ რუსეთზე მოდის.

დიმიტრი ლორთქფინაძიე: „მაშინ როდესაც ეკონომიკურად უკიდურესად დაუძლურებული ვართ, ხო, ეკონომიკური სტაგნაციაა ქვეყანაში და ერთადერთი სარკმელი საქართელოსთვის ექსპორტ იმპორტის კუთხით, რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. 67% ჩვენი ექსპორტისა მოდის რუსეთის ფედერაციაზე.”

ლორთქფინაძის განცხადება მცდარია, რადგან საქართველოს საგარეო ვაჭრობიდან რუსეთის ფედერაციაზე არა 67%, არამედ 14 % მოდის, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი 23, 7%-ია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ექსპორტმა ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 14 % რუსეთზე, ხოლო 23 % ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ლორთქიფანიძის განცხადება იმ შემთხვევაშიც მცდარია, თუ რუსეთს დსთ-ს ქვეყნებში გავიყვანთ და საგარეო ვაჭრობას ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით შევადარებთ. ამ შემთხვევაშიც, დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტის წილი არა 67 %, არამედ 43 %-ია.

საქართველოს ექსპორტი რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში 2010-2017 წლებში  (ათასი აშშ დოლარი)

  2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
ევროკავშირი 309 238

424 459

352 957

607 204

624 201

645 214

572 133

646 450

რუსეთი

34 706

36 610

46 805

190 653

274 753

162 885

206 366

394 712

წყარო: საქსტატი

რუსული ბაზარი - პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი

ქართული პროდუქტისთვის რუსეთის ბაზარი არასტაბილურია, რადგანაც საგარეო ვაჭრობის საკითხს კრემლი პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. მაგალითად, 2006 წელს, მაშ შემდეგ რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მოსკოვმა ქართულ პროდუქტს, კერძოდ კი ღვინოს, მინერალურ წყალს და სხვადასხვა ტიპის ხილისა და ბოსტნეულს ემბარგო გამოუცხადა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქართული ღვინის ექსპორტს. იმავე წელს, სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით რუსეთში მოლდოვური ღვინის იმპორტიც აიკრძალა, რაც რეალურად მოლდოვის ევროპულ კურსს უკავშირდებოდა.

მსგავსადვე, 2013 წელს, როდესაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, რუსეთის მომხარებელთა უფლებებისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის სამსახურმა (Роспотребнадзор) განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც პროდუქტის “დაბალი ხარისხის” გამო რუსეთში სამი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვა. ეს ფაქტი დასავლურ პრესისა და think tank-ების მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოზე სავაჭრო ომის განახლებად შეფასდა.

ვაჭრობას, როგორც პოლიტიკურ იარაღს რუსეთი საკუთარი პარტნიორიების წინააღმდეგაც იყენებს. 2009 წელს, როდესაც ბელარუსმა საკუთარი რძის პროდუქტების ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან გათანაბრება გადაწყვიტა, რუსეთმა ამ პროდუქტის იმპორტი აკრძალა, სახელისუფლებო მედიაში კი ბელარუსული რძის პროდუქტის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები გავრცელდა.

2005-2006 წლებში კრემლმა ნორვეგიული გაყინული თევზის იმპორტი აკრძალა, 2014 წელს კი 484 ნორვეგიული თევზის კომპანია რუსულ ბაზარზე არ დაუშვა. იგივე განმეორდა 2015 წელს ლატვიური და ესტონური თევზის პროდუქტების მიმართაც, რის გამოც ლატვიის ხელისუფლებამ მოსკოვი ბალტიის რეგიონზე ამ გზით პოლიტიკური წნეხის გამოყენებაში დაადანაშაულა.