მიგრანტები
ევროკავშირი

დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერაა ჩადენილი

19 ივლისი, 2017

9 ივლისს, ვებ-გვერდმა alt-info.com გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „შვედეთის გაუპატიურებების ეპიდემია“. მასალაში აღნიშნულია, რომ შვედეთში გაუპატიურებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიგრანტების დიდი რაოდენობით მიღება დაიწყო, ხოლო სტატისტიკური მონაცემებით გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერ არის ჩადენილი. გამოცემის მტკიცებით, გაუპატიურების უმეტესობა ისლამური ქვეყნების მიერ არის ჩადენილი.

alt-info.com: „სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყველა გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერ არის ჩადენილი. საინტერესოა, რომ იმ ათი ქვეყნის ჩამონათვალში, საიდანაც შვედეთში ჩასულებზე ყველაზე მეტი გაუპატიურების ფაქტი მოდის, მხოლოდ ერთი არაისლამური ქვეყანაა (ჩილე). ყველაზე მეტი გაუპატიურება ქვეყანაში ერაყელებს აქვთ ჩადენილი. შემდეგ მოდის ავღანეთი, სომალი, ერიტრეა, სირია, გამბია, ირანი, პალესტინა, ჩილე და კოსოვო. ავღანელი მიგრანტის შემთხვევაში 79-ჯერ მეტი შანსია, რომ გაუპატიურება ჩაიდინოს, ვიდრე შვედის შემთხვევაში.“

მასალის პირველწყაროდ მითითებულია ვებ-გვერდი jihadwatch.org, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა კონსერვატიულ ახალი ამბების ვებ-გვერდს www.10news.one.  სტატია 10 ივლისს სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, კერძოდ  alt-info.com-ის ფეისბუქ-გვერდზე  ალტ-ინფო, ასევე გვერდებზე ანტიპარადოქსი, ანტილიბერალური კლუბი, Geo Pepe.

"

ფოტო 1: დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში

alt-info.com-ის მასალაში მოყვანილი მტკიცება, თითქოს შვედეთში გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერაა ჩადენილი დეზინფორმაციაა. სტატისტიკა დამნაშავეთა ეთნიკური და ეროვნული წარმოშობის მიხედვით, შვედეთში 2005 წლის შემდეგ არ იწარმოება.

რეალური ფაქტები

ფაქტი #1. შვედეთის  დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს განმარტებით, დამნაშავეთა  ოფიციალური სტატისტიკა  მათი წარმოშობის ან დაბადების ადგილის მიხედვით - არ არსებობს.

მითების დეტექტორი დაუკავშირდა  შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნულ საბჭოს (The Swedish National Council for Crime Prevention (Brottsförebyggande rådet - Brå), რომელიც შვედეთის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებაა და ყველას სახის დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს. უწყების წარმომადგენლის განმარტებით,  დანაშაულის სტატისტიკა დამნაშავეთა წარმოშობის ან დაბადების ადგილის მიხედვით - არ იწარმოება. უკანასკნელი კვლევა მიგრანტებისა და დანაშაულის შესახებ 2005 წელს ჩატარდა.  შესაბამისად მტკიცება, თითქოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შვედეთში ყველა გაუპატიურების 92 % მიგრანტების მიერაა ჩადენილი- დეზინფორმაციაა.

ფაქტი #2. შვედეთში  რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა მიგრანტების დანაშაულის ზრდასთან დაკავშირება უსაფუძვლოა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვედეთისა და მისი მიგრაციის პოლიტიკის თაობაზე უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საპასუხოდ  „ფაქტები მიგრაციისა და კრიმინალის შესახებ შვედეთში“ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია რამდენიმე ფართოდ გავრცელებული უსაფუძვლო მტკიცება. ერთ-ერთი მათგანია მცდარი გზავნილი, თითქოს შვედეთში გაზრდილი დანაშაულის მიზეზი ლტოლვილები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2015 წლისთვის შვედეთის მოსახლეობის 13 %-მა მათ მიმართ მიმართული ძალადობა განიცადა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დაახლოებით იგივეა რაც 2005 წელს დაფიქსირდა.

"

ფოტო: ფაქტები მიგრაციისა და კრიმინალის შესახებ შვედეთში
წყარო: Government Offices of Sweren, www.government.se

შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნულმა საბჭომ დანაშაულში ეჭვმიტანილთა შორის უცხოური წარმომავლობის მქონე პირთა წარმომადგენლობის შესახებ სულ 2 კვლევა ჩაატარა. კვლევებმა აჩვენა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილთა უმრავლესობა შვედეთში იმ ოჯახებში დაიბადა, რომლებშიც ორივე მშობელი ასევე შვედეთშია დაბადებული.  ამასთან, უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც უცხოური წარმომავლობა აქვთ - რომელიმე ტიპის დანაშაულში ეჭვმიტანილი არაა. ამასთან, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი, რაც განაპირობებს განსხვავებას მიგრანტებისა და დანარჩენი მოსახლეობის კრიმინალურ აქტივობებში  ის   სოციალური და ეკონომიკური პირობებია, რომელშიც ინდივიდი გაიზარდა.  მტკიცება, თითქოს მიგრაცია შვედეთში სექსუალურ თავდასხმის ან მკვლელობების მაჩვენებლების ზრდასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ,  უსაფუძვლოა.

ფაქტი #3. შვედეთში გაუპატიურების სტატისტიკასთან დაკავშირებით ტაბლოიდურ მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღინიშნა, შვედეთის დანაშაულის სტატისტიკასა და  მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება. ამგვარი ინფორმაციის გავრცელებაში ძირითადად ტაბლოიდური მედიასაშუალებები ან ულტრამემარჯვენე ოგანიზაციები ლიდერობენ. აღნიშნული წყაროები ხშირად აქვეყნებენ მუსლიმ ემიგრანტებთან დაკავშირებულ არასწორ მონაცემებს და მანიპულაციურ სტატიებს .

ამერიკულმა Fact-checking პორტალმა  snopes.com-მა  ტაბლოიდური მედიასაშუალებების მიერ შვედეთში გაუპატიურებების რიცხვის ზრდასთან და მიგრანტებთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებზე მასალები მოამზადა.  Snopes.com -ის მასალების თანახმად, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა  - არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, თითქოს შვედეთში ახლადჩასული მიგრანტები ქვეყანაში გაზრდილი სექსუალური დანაშაულის რიცხვთან არიან კავშირში.


მოამზადა დალი ქურდაძემ


ანტილიბერალური კლუბის, Geo Pepe-ს და ალტ-ინფოს შესახებ

ანტილიბერალური კლუბი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი გვერდია, რომელიც ძირითადად ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური კონტექსტის მქონე ფოტო, ვიდეო და ტექსტუალურ მასალას ავრცელებს. კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებულია, რომ  გვერდის მიზანია ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა და მისი უარყოფითი მხარის ჩვენება. მსგავსი მასალები ვრცელდება ასევე ფეისბუქ გვერდზე Geo Pepe, რომელსაც კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებული აქვს, რომ Geo Pepe-ს მიზანია  ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა. alt-info.com წარმოადგენს ვებ-გვერდს, რომელიც ძირითადად  ანტილიბერალური და ჰომოფობიური კონტექსტის შემცველ  მანიპულაციურ მასალებს ავრცელებს. გვერდის ფეისბუქ გვერდზე კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებულია რომ ალტ-ინფო საინფორმაციო საიტია.

ანტიპარადოქსი

ანტი-პარადოქსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი გვერდია, რომელსაც 45 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. გვერდს კატეგორიაში „ჩვენ შესახებ’’ არ აქვს მითითებული პირადი ინფორმაცია, უცნობია მისი ავტორების ვინაობაც. ანტი-პარადოქსი ძირითადად აქვეყნებს ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. გვერდი აქტიურად იყენებს სიძულვილის ენას სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. 2017 წლის 17 მაისის წინაპერიოდში ის აქვეყნებდა ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისკენ წამქეზებლურ მოწოდებებს. გვერდი  ასევე ავრცელებს ფოტო/ტექსტუალურ მანიპულაციებსა და დეზინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ანტი-პარადოქსის ფეისბუკ გვერდზე 2017 წლის 21 აპრილისთვის მოხდა ღონისძიების ორგანიზება, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გასაპროტესტებელი აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას და ორბანის პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. გამოცემა კონტრაქციაზე დასასწრებად იწვევდა “ყველა ეროვნულ, ანტილიბერალური პოზიციის მქონე ადამიანს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ უნგრეთის ეროვნულ, ანტილიბერალურ პოლიტიკას.” ანტი-პარადოქსის დაგეგმილ კონტრაქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ძირითადად იყვნენ პარტია „ქართული იდეის’’ და „თავისუფალი თაობის’’ წარმომადგენლები.