სხვადასხვა

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის კიბერშეტევებს მხოლოდ ერთი წყარო ადასტურებს

26 მარტი, 2019

2019 წლის 20 მარტს “საქართველო და მსოფლიომ” გამოქვეყნდა  სტატია სათაურით “აშშ-ის ინოვაციები ინფორმაციული ომის სფეროში.” სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ამერიკული მედიისთვის რუსეთის კიბერთავდასხმებზე და ჰიბრიდულ ომზე საუბრისას ერთადერთი წყარო ატლანტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი ალპეროვიჩია.

საქართველო და მსოფლიო: "[ამერიკული IT-ფირმა] Crowdstrire ცნობილია იმით, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ატლანტიკური საბჭოს წევრი და სსრკ-ის ყოფილი მოქალაქე დიმიტრი ალპეროვიჩი ამერიკული მედიისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი წყაროა, რომელიც ჟურნალისტებს უყვება “რუს ჰაკერებსა და ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც კრემლი აწარმოებს მსოფლიოს წინააღმდეგ”.

“საქართველოს და მსოფლიოს” სტატია დეზინფორმაციულია, ვინაიდან დიმიტრი ალპეროვიჩისა და ატლანტიკური საბჭოს გარდა რუსეთის კიბერაქტივობებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, მათ  შორის დემოკრატიის დაცვის ალიანსი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი და ციურიხის უსაფრთხოების კვლევების ცენტრი. ჩამოთვლილი ორგანიზაციების გამოცემებსა და ანგარიშებში ასახულია კიბერთავდასხმები და საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც რუსეთმა მსოფლიოს მრვალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წინააღმდეგ განახორციელა.

დემოკრატიის დაცვის ალიანსის (Alliance For Securing Democracy) მონაცემებით, რუსეთის კიბერაქტივობები  2007-2018 წლებში 26 სახელმწიფოში განხორციელებულ 85 კიბერთავდასხმას ითვლის. თავდასხმები განხორციელდა როგორც განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებზე, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე - ესტონეთი, საქართველო და უკრაინა.

რუსეთის კიბერშეტევები საქართველოზე

დემოკრატიის დაცვის ალიანსის ცნობით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული 6 კიბერშეტევიდან ერთ-ერთი 2008 წლის 18-20 ივლისს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.  ბოტნეტების მეშვეობით განხორციელებული შეტევის შედეგად საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ერთი დღით გაითიშა. შეტევისთვის გამოყენებული ბოტნეტის ტიპი და რეგისტრაციის სერვერი რუსეთს უკავშირდებოდა.  

კიბერშეტევები საქართველოზე 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურადაც გაგრძელდა. აგვისტოში, რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ, კიბერშეტევები განხორციელდა საქართველოს მედია, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიების წინააღმდეგ,  ხოლო სახელმწიფო უწყებების ვებ-საიტებზე მე-20 საუკუნის დიქტატორების ფოტოები გამოჩნდა.

ამერიკელი უსაფრთხოების მკვლევრების ჯგუფებმა თავდასხმების ორგანიზატორებად სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული ჰაკერული დაჯგუფება Russian Business Network (R.B.N.) დაასახელეს, რომელიც წარსულშიც მსგავსი მეთოდებით მოქმედებდა.

2008 წლის ომიდან ერთი წლის თავზე რუსმა ჰაკერებმა საქართველოში ფეისბუქი და ტვიტერი გათიშეს.

რუსეთის კიბერშეტევა ესტონეთზე

კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის (Carnegie Endowment for International Peace) მკვლევრის სტივენ ბლანკის ცნობილი წიგნის “Understanding Cyber Conflicts”-ს  (“კიბერკონფლიქტების გააზრება”) თანახმად,  პირველი მასშტაბური კიბერთავდასხმა რუსეთმა 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ განახორციელა, მას შემდეგ, რაც ესტონეთის მთავრობამ საბჭოთა მემორიალი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა. რამდნიმე კვირის განმავლობაში  ესტონური მედიის ვებგვერდები, ბანკები, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სამთავრობო უწყებები რუსი ჰაკერების სისტემატიური შეტევის ქვეშ იმყოფებოდნენ.

რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული “კიბერბერკუტის” კიბერშეტევა უკრაინაზე

ციურიხის უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (Zurich's Center for Security Studies) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  2014 წლის 18 მარტს ჰაკერების ჯგუფი კიბერბერკუტი (CyberBerkut)  დასავლეთ უკრაინაში ტელეკომპანია რივნეს (Rivne TV) ვებ-გვერდს დაესხა თავს. ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კიბერბერკუტი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპერატისტებს  უჭერს მხარს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ჰაკერული დაჯგუფება კიბერბერკუტი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (გრუ) კავშირში მყოფ ჰაკერთა ჯგუფ Fancy Bear-თან არის დაკავშირებული.

რუსეთის კიბერშეტევა გერმანიაზე

რუსული კიბერშეტევების მსხვერპლი უკანასკნელ წლებში გერმანია რამდენჯერმე გახდა. ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევა კი 2017 წლის 13 ივნისს მოხდა, როდესაც  გერმანიის ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით,  რუსმა ჰაკერებმა  გერმანული ენერგო პროვაიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ თავდასხმაში რუსული კვალი აღმოაჩინა.

რუსეთის კიბერშეტევა საფრანგეთზე

2017 წლის 5 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ჰაკერებმა ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ათიათასობით დოკუმენტი და ელ ფოსტის წერილი გამოაქვეყნეს. კიბერუსაფრთხოების კვლევითმა კომპანიებმა Trend Micro-მ და Flashpoin-მა დაადგინეს, რომ კიბერშეტევა გრუსთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის, Fancy Bear-ის მიერ იყო ორგანიზებული.


„საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.


მოამზადა გიორგი ლოლაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია