ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

დეზინფორმაცია, თითქოს ფაროსანას წინააღმდეგ “მკვლელი მწერის” შემოყვანა იგეგმება

1 თებერვალი, 2018

სოციალურ ქსელ Facebook-ში ისევ აქტუალურია პორტალ bulvar.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა, სათაურით „ფაროსანასთან მებრძოლი მწერი, ადამიანის სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია“, რომელსაც  3000-ზე მეტი გაზიარება აქვს. მასში აღნიშნულია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე საშიში შხამიანი მწერი killer insect შემოიყვანოს, რომელიც ინდოეთსა და აშშ-ში ბინადრობს და სხეულზე მრავლობითი რგოლების გაჩენას იწვევს.  

Bulvar.ge: “მსოფლიოს ყველაზე საშიში შხამიანი მწერი, სახელად Killer Insect (მკვლელი მწერი) ინდოეთსა და შეერთებულ შტატებში ბინადრობს, რომელიც ადამიანს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. თუკი მწერს ადამიანი შიშველი ხელით შეეხება, რამდენიმე წუთში ის ავადდება და შესაძლოა გარდაიცვალოს კიდეც. მწერი იწვევს ტრიპოფობიას, რაც სხეულზე მრავლობითი რგოლის გაჩენით იწყება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა, ქვეყანაში მწერის ბიოლოგიური მტერი killer insect შემოიყვანონ. ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს. 
 

Facebook-ში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რაიმე სახის მწერის შემოყვანას არ გეგმავს. სტატიაში მითითებული მწერი killer insect ფიზიკურად არ არსებობს, ხოლო Bulvar.ge-ს მიერ მასალაში გამოყენებული ვიდეო, რომელშიც თითქოს killer insect-ის მიერ დასნებოვნებული ადამიანის ხელია ნაჩვენები, - ფაბრიკაციაა. აღნიშნულ ვიდეოში სპეციალური გრიმის შედეგად მიღებული ეფექტებია ნაჩვენები. 
 
 
ფაქტი #1: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ბიოლოგიური მტრის  შემოყვანას არ გეგმავს. 
 
მითების დეტექტორი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის, ზურაბ ხიდაშელის განმარტებით, ინფორმაცია ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით მწერ Killer insect-ის შემოყვანის შესახებ აბსურდულია და არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს.  ამასთან,  ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიოლოგიური მტრის შემოყვანა წინასწარი მოკვლევის და შესწავლის გარეშე, ამჟამად არ იგეგმება. 
 
 
ფაქტი #2. მკვლელი მწერი (killer insect) არ არსებობს. ფოტოსა და ვიდეოში „გიგანტური წყლის ბაღლინჯოა“ გამოსახული, რომელიც ადამიანისთვის უვნებელია
 
ამერიკული Fact-chenking პორტალ Snopes.com -ის ცნობით, ცრუ ინფორმაცია ახალი მკვლელი მწერის (new killer insect) შესახებ, რომელიც შეხებისას ადამიანის კანს ვირუსით აავადებს, სოციალურ მედიაში პირველად 2016 წლის იანვარში გავრცელდა. დეზინფორმაციას „მკვლელი მწერის“ შესახებ თან ახლდა ფოტოები, თითქოს მასზე მწერი და მისი შეხების შემდგომ დავირუსებული ადამიანის ხელია გამოსახული.  სინამდვილეში ფოტოებზე გამოსახული იყო მწერი „გიგანტური წყლის ბაღლინჯო“ ზურგზე განთავსებული კვერცხებით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში ბინადრობს და ადამიანებისთვის უვნებელია. 

 r
 
ფაქტი #3. ვიდეო, რომელზეც თითქოს მკვლელი მწერის მიერ დასნებოვნებული ადამიანის ხელია ნაჩვენები ფაბრიკაციაა. 
 
Bulvar.ge-ს მასალის თანმხლებ ვიდეოში ნაჩვენები ფოტოები, რომლებზეც თითქოს “მკვლელი მწერის” შეხების შედეგად დასნებოვნებული ხელია ნაჩვენები, სინამდვილეში სპეციალური გრიმის ზემოქმედების  შედეგს ასახავს, . გრიმს Youtube-ს მომხმარებლები „ტრიპოფობების გასაღიზიანებლად“  იკეთებენ.

uu
ფოტო Bulvar.ge-ს მასალის თანხმლები ვიდეოდან

y

ფოტოები Youtube-ზე ატვირთული ვიდეოებიდან. 

ფაქტი #4. „ტრიპოფობია“ მწერის მიერ გამოწვეული დაავადება არაა. 
 
Bulvar.ge-ს მასალაში ნათქვამია, რომ მწერი ტრიპოფობიას იწვევს, რაც სხეულზე მრავლობითი რგოლის გაჩენით იწყება. სინამდვილეში, ტერმინი ტრიპოფობია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ტრიპო“, რომელიც ხვრეტას ნიშნავს და გამოიყენება მომცრო ზომის ხვრელების მიმართ ირაციონალური შიშის აღწერის მიზნით. ტრიპოფობია სამედიცინო საზოგადოების მიერ ფობიად არაა აღიარებული და არაა მითითებული არც ერთ ლექსიკონსა და სახელმძღვანელოში.


მოამზადა დალი ქურდაძემ