სხვადასხვა

დეზინფორმაცია, თითქოს ნორვეგიამ თევზის ექსპორტის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე უარი თქვა

23 ივლისი, 2019

2019 წლის 17 ივლისს, ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ქვეყანაში სოციალური აფეთქების გამოწვევა - “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მიზანი“. სტატიაში საუბარია, თუ როგორ დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება და მოყვანილია ნორვეგიის მაგალითი, რომელიც, ავტორის აზრით, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მიუხედავად, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო მაინც დაზარალდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ რუსეთში თევზის ექსპორტი შეწყვიტა, რის შემდეგაც ნორვეგიამ ალტერნატიული ბაზრის პოვნა ვერ შეძლო, ქვეყნის ეკონომიკამ დიდი ზარალი მიიღო და ამიტომაც აღნიშნული აკრძალვა გაუქმდა.

ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიო: “სამი წლის წინათ, როცა მსოფლიომ რუსეთს უმკაცრესი სანქციები დააკისრა, მსოფლიოში თევზის ერთ-ერთმა დიდმა მიმწოდებელი ქვეყნის - ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციებს უერთდებოდა და რუსეთში თევზის შეტანა შეწყვიტა… ზუსტად ერთი წლის შემდეგ იმავე მთავრობამ განაცხადა, რომ ნორვეგიული თევზის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში იყიდებოდა და რომ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ნორვეგიელებმა ალტერნატიული ბაზარი ვერ ნახეს და რუსეთში თევზის შეტანაზე უარის თქმის გამო მათმა ეკონომიკამ უზარმაზარი ზარალი მიიღო. სწორედ ამ მიზეზით ნორვეგიამ სანქციები ფეხებზე დაიკიდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და რუსეთში ზღვის პროდუქტების შეტანა განაახლა…”

“საქართველოს და მსოფლიოს” მტკიცება, თითქოს ნორვეგიამ რუსეთში თევზის ექსპორტის აკრძალვის შემდგომ ალტერნატიული ბაზარი ვერ ნახა და ამის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე უარი თქვა, დეზინფორმაციაა. 1. ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 2014 წელს ევროკავშირთან ერთად შეუერთდა და სხვა პარტინიორებთან ერთად სანქციების გახანგრძლივებას 2019 წელსაც დაუჭირა მხარი; 2. ნორვეგია რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ არის, ხოლო თევზის ექსპორტი 2014 წლის შემდეგაც მზარდია.

  • ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2014 წლიდან უერთდება

2014 წლის 31 ივლისიდან  რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ოფიციალურად ამოქმედდა. სანქციების მიღება რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიამ და უკრაინის ტერიტორული მთლიანობის დარღვევამ განაპირობა. სანქციების სიას ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიც შეურთდნენ, მათ შორის ნორვეგიაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერგე ბრენდემ განაცხადა, რომ ნორვეგიისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან წარმოებული პოლიტიკა და ის უერთდება სანქციებს, რადგან რუსეთმა მშვიდობიანი პოლიტიკის გასატარებლად სურვილი არ გამოხატა. 

ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივება პერიოდულად ხდება, რასაც ნორვეგია 2019 წელსაც შეუერთდა.

სანქციები ეხებოდა კონკრეტული ინდივიდებისა და კომპანიების აქციების გაყინვას, საბანკო ტრანზაქციების დაბლოკვას, ენერგო სფეროს, ასევე სამხედრო აღჭურვილობების გაყიდვის აკრძალვას და კონკრეტული ფრენების გაუქმებას. საპასუხოდ, 6 აგვისტოს რუსეთმა ევროპასა და აშშ-ს დაუწესა სანქციები და რუსეთის ტერიტორიაზე ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქტების შეტანა შეზღუდა, მათ შორის ნორვეგიიდან ზღვის პროდუქტების შეტანა აკრძალა. ამჟამად სანქციების ვადა გაგრძელებულია როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის მხრიდან.

  • ნორვეგიას თევზის გასაღების ბაზარი დივერსიფიცირებული აქვს და თევზის ექსპორტი 2014 წლის შემდეგაც მზარდია

რუსეთის მიერ საპასუხო სანქციების დაწესებისას ნორვეგიიდან რუსეთში გაშვებული იყო თევზეულობით სავსე გემი, რომელსაც უკან გამობრუნება და ახალი პარტნიორის მოძებნა მოუწია. ეს ასეც მოხდა, ნორვეგიამ ფასდაკლებით, თუმცა ევროპის ბაზარზე მაინც გაყიდა თევზეულობა. 

ნორვეგიის ზღვის პროდუქტების საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია სტატისტიკა, რომლის მიხედვიდაც, 2014 წლიდან ზღვის პროდუქტების ექსპორტის და მათ შორის გაყიდული თევზების რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2017 წელს კი ნორვეგიამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მსოფლიო ბაზარზე 2.6 მილიონი ტონა 94.5 მილიარდი ნორვეგიული კრონის ღირებულების ზღვის პროდუქტები გაყიდა. 

"

წყარო: Norwegian Seafood Council

2019 წლის მონაცემებით, ზღვის პროდუქტების, მათ შორის ორაგულისა და კალმახის (რაც დიდი რაოდენობით გადიოდა რუსეთის ბაზარზე) ექსპორტი კიდევ უფრო გაზრდილია. აშკარაა, რომ  ნორვეგიას არავითარი ზარალი არ მიადგა და მან ალტერნატიული პარტნიორები იპოვა. 

ნორვეგიას ზღვის პროდუქტები ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზარზე გააქვს. 10 ყველაზე მსხვილ პარტნიორს შორის კი პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ და დანია მოწინავე ადგილებს იკავებენ.

"

რუსეთი მუდმივად ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოს, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. “საქართველოს და მსოფლიოს” სტატია ნორვეგიის მაგალითით ცდილობს წარმოდგენა შექმნას, თითქოს რუსეთი ყველა ბაზრის გადამრჩენელია და მის გარეშე ზარალდება როგორც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, ასევე ისეთი გარდამავალი სახელმწიფოების ეკონომიკაც, როგორიც საქართველოა.

რუსეთისთვის ემბარგო ერთგვარი სადამსჯელო ბერკეტია, თუმცა, საქართველოს ასევე შეუძლია ალტერნატიული ბაზრით სარგებლობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ექსპორტმა ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 14 % რუსეთზე, ხოლო 23 % ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. დაახლოებით იგივე სტატისტიკა გვხვდება 2019 წლის მეორე კვარტლის (იანვარი-ივნისი) მონაცემებშიც

"

"

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


მოამზადა გიორგი იაგანაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია