მიგრანტები

დეზინფორმაცია, თითქოს მიგრაციის კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას და დაფინანსებას ავალდებულებს

4 თებერვალი, 2019

2019 წლის 28 იანვარს დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას განაცხადა, თითქოს გაეროს მიგრაციის კომპაქტზე ხელმოწერით საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ოდენობით მიგრანტების მიღების ვალდებულება აიღო. იგივე თემა 27 იანვარს ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა  გიორგი კასრაძემ განავრცო, რომლის მტკიცებით, გაეროს კომპაქტის საფუძველზე, მიგრანტების დასაფინანსებლად  საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 15 მლნ. ლარი გამოყო.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: “ახლა ამბობენ და არ ვიცი რამდენად მართალია, რომ ...მაროკოში საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულებას მოაწერა ხელი, უსაზღვრო რაოდენობის მიგრანტების შემოსვლაზე, სადაც კონტროლი პრაქტიკულად არ იქნება. უნდა შემოვიდნენ, საბუთები მისცენ და თან არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული სოფლები დაცლილია და მერე იმასაც გვეტყვიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ აბა ეს მიწები ტყუილად ცდება და აქ კიდევ ხალხი მშიერ-მწყურვალი კვდება და თქვენ როგორი ცივილიზებული ქვეყანა ხართ, რას ნიშნავს?”.

გიორგი კასრაძე, ობიექტივი : „რამდენად გამართლებულია მსგავსი ტიპის დოკუმენტის იმპლემენტაცია, ხელმოწერა ხელისუფლების მხრიდან და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაც [იგულისხმება მიგრაციის გლობალური კომპაქტი]. საუბარია 15 მილიონ ლარზე, რომელიც წინასწარ უკვე ხელისუფლებამ მიგრანტთა დასაფინანსებლად გამოყო. მაშინ, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი მოქალაქე შიმშილობის ზღვარზე იმყოფება და ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს..."

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის და ტვ “ობიექტივის” წამყვანის გიორგი კასრაძის განცხადებები გაეროს მიგრაციის კომპაქტის შესახებ დეზინფორმაციაა, რადგან აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივად სავალდებული არ არის და შესაბამისად, არც ფინანსურ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს. 

მიგრაციის გლობალური კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას არ ავალდებულებს.

მარაკეშის “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტის” არც ერთი დებულება არ შეიცავს მიგრანტების მიღების ვალდებულებას. აღნიშნული დოკუმენტის მიაზანია  ლტოლვილების და მიგრანტების გაზრდილი ნაკადების უკეთ მართვისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის  შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

მარეკეშის კომპაქტში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები თავად განსაზღრავენ მიგრაციის პოლიტიკას.

მიგრაციის გლობალური კომპაქტი  საქართევლოს ფინანსურ ვალდებულებებს არ აკისრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ნოზაძემ “მითების დეტექტორს”  გაეროს კოპაქტთან დაკავშირებით წერილობით განუმარტა, რომ “მიგრაციის გლობალური კომპაქტი წარმოდგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს და, შესაბამისად,  არანაირი ფინანსური ვალდებულება საქართველოს ამ მხრივ არ გააჩნია”.


განმეორებითი დეზინფორმაცია

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კრემლისტური  აქტორების, მათ შორის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების  მიერ ბოლო დროს გააქტიურდა თემა, თითქოს გაეროს “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი” საქართველოში მიგრანტების რიცხვის ზრდას გამოიწვევს. მიგრაციის კომპაქტის შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია გაავრცელა:  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა , პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, Sputnik-საქართველომ,  ტვ “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა.


პროპაგანდის მეთოდი

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.


ვრცლად გაეროს კომპაქტი შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული წინა მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს.

სპუტნიკის მანიპულაცია გაეროს კომპაქტისა და მიგრაციის ნაკადის ზრდის შესახებ.

პრორუსი აქტორების ახალი მესიჯბოქსი: გაეროს კომპაქტი = მიგრანტების ჩამოსახლების საფრთხეს.


მოამზადა ნიკა გურინმა
მითების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი