მიგრანტები

დეზინფორმაცია, თითქოს ირანიდან საქართველოში მილიონობით მიგრანტი მოემართება

4 თებერვალი, 2019

2019  წლის 27 იანვარს  ფეისბუქ გვერდმა Made in Georgia  ვებ-გვერდის  vanoggg.ge სტატია სათაურით, ,,სამწუხარო და საშიში ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება ირანიდან მილიონობით მიგრანტთა ნაკადი საქართველოში მოემართება” გააზიარა.    აღნიშნული  ინფორმაციის პირველწყარო “პატრიოტთა ალიანის” ყოფილი წევრის სოსო მანჯავიძის 2018 წლის 7 სექტემბრის  ფეისბუქ პოსტი იყო, რომელიც vanoggg.ge-მა სარედაქციო კომენტარის გარეშე, Presa.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელა. სოსო მანჯავიძე აცხადებს, თითქოს საქართველოში ყოველდღიურად   “ირანელებით დატვირთული” 20-25 ავტობუსი ჩამოდის. მისი თქმით, საქართველოში ირანელების მასობრივად ჩამოსვლის მიზანი აღმოსავლეთ საქართველოზე ბატონობის დამყარებაა. სოსო მანჯავიძე ხელისუფლებასაგან ირანთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის გააუქმებას მოითხოვს  და საზოგადოებას უცხოელებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭების აკრძალვის მოთხოვნისაკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ სოსო მანჯავიძის პოსტს, რომელიც პირველად Presa.ge-მ გავრცელა, სარედაქციო კომენტარი ახლდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ  განცხადება ქსენოფობიური შინაარსის მატარებელია.

სოსო მანჯავიძე, “პატრიოტთა ალიანსის”  ყოფილი წევრი: “ყოველდღე 20-25, ირანელებით დატვირთული ავტობუსი ჩამოდის საქართველოში. წამოსვლამდე მათ ინსტრუქტაჟს უტარებენ – სად მოდიან, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ. ჯგუფები დაფინანსებულია… ამ სპეცოპერაციის მიზანია შექმნან საქართველოში შეკრული, კლასტერები, დაიკავონ ეკონომიკური ნიშები და კვლავ დაამყარონ ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში. ზუსატად ამას აკეთებენ თურქები დასავლეთში.”

"

ინფორმაცია,  თითქოს საქართველოში დიდი რაოდენობით ირანელი მიგრანტები შემოდიან, ტყუილია. 2004-2018 წლის აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 442 ირანელს მიენიჭა, ამ მონაცემებით ირანი მე-5 ადგილს იკავებს. ხოლო, საქართველოში  ბინადრობის ნებართვის გაცემის თვალსაზრისით ირანის მოქალაქეებს მინიმუმ 3 სხვა ქვეყნის მოქალაქეები უსწრებენ. ასევე, მანჯავიძის განცხადებაზე დართული ფოტო მანიპულაციურია, რადგან სინამდვილეში ფოტოზე  ნაჩვენებია ავღანელი მიგრანტები ირანში და არა ირანელი მიგრანტები საქართველოში.

ფაქტი 1. 2004-2018 წლის აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 442 ირანის მოქალაქეს მიენიჭა, ამ მონაცემებით ირანი მე-5 ადგილს იკავებს. მოქალაქეობის მინიჭების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რუსეთის შემთხვევაში იკვეთება და ეს ციფრი 21 660-ს შეადგენს.  

“მითების დეტექტორს” იუსტიციის სამინისტრომ 2004-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სტატისტიკა მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ 14 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობა ირანის 442 მოქალაქეს მიენიჭა და ამ მონაცემებით ის მე-5 ადგილს იკავებს. მოქალაქეობის მინიჭების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რუსეთის შემთხვევაში იკვეთება და ეს ციფრი 21 660-ს შეადგენს.  

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა:

"

ფაქტი 2. საქართველოში  ბინადრობის ნებართვის გაცემის თვალსაზრისით ირანის მოქალაქეებს მინიმუმ 3 სხვა ქვეყნის მოქალაქეები უსწრებენ.

საქართველოს მიგრაციის ეროვნული კომისის მიერ გამოქვეყნებული “საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის ” მონაცემების მიხედვით, ირანის მოქალაქეები საქართველოში  ბინადრობის ნებართვის მინიჭების თვალსაზრისით ბინადრობის მინიჭების 4 ტიპიდან მხოლოდ 2-ში ხვდებიან 5-ეულში. გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ თურქეთის, ინდოეთოსა და ჩინეთის მოქალაქეებისათვის ბინადდრობის ნებართვის მინიჭების შემთხვევები ბევრად ხშირია.

"

ფოტომანიპულაცია

სოსო მანჯავიძის განცხადებს, თითქოს საქართველოში ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ირანელი მიგრანტები შემოდიან, vanoggg.ge -მა და geonius.ge -მა ფოტო დაურთო, რომელზეც სინამდვილეში ავღანელი მიგრანტები ირანში და არა ირანელი მიგრანტები საქართველოშია ნაჩვენები. ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ის 2012 წლის 1-ელ აპრილს ირანულენოვანმა Deutsche Welle-მ გამოქვეყნა. ფოტოზე მითითებულია, რომ მასზე ირანში ავღანელი მიგრანტებია ასახული.

"

განმეორებითი დეზინფორმაცია

მიუხედავად იმისა, რომ სოსო მანჯავიძემ ირანელი მიგრანტების შესახებ განცხადება 2018 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნა, vanoggg.ge -მა და მასზე დაყრდნობით ფეისბუქ გვერდმა  Made in Georgia-მა ის 2019 წლის 27 იანვარს ხელახლა გაავრცელა.

"

აღნიშნულ ინფორმაციას იდენტური სათაურით geonius.ge-მა  და news.net.-მა გამოაწვეყნეს.

წყაროების შესახებ

vanoggg.ge geonius.ge და news.net ისეთ ვებ-გვერდებს მიეკუთვნება, რომელთა შემოსავალი განთავსებული ინფორმაციის ნახვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ანუ ისინი clickbait საიტებია. ასეთი ტიპის ონლაინ მედიისთვის დაკლიკვის რაოდენობიდან გამომუშავებული თანხა მთავარი შემოსავალია. სწორედ ამიტომ, მნახველთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ისინი მომხარებლებზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის გზით, საშიშ, პოპულისტურ ან ქსენოფობიურ ინფორმაციებს მყვირალა სათაურებით აქვეყნებენ.


მოამზადა გიორგი ბოლქვაძემ
მითების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი