სხვადასხვა

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები მიგრანტებისთვისაა განკუთვნილი

31 იანვარი, 2019

2018 წლის 30 იანვარს  ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო" (Geworld)  სტატია, სათაურით “ღალატი” გამოაქვეყნა. სტატია მიგრაციის საკითხებზე გაეროს პაქტის მოწინააღდეგეთა მიერ ორგანიზებულ აქციას ეხება, რომელიც 28 იანვარს საქართველოს პარლამენტთან გაიმართა. სტატიაში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კომენტარში აცხადებსს, თითქოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაეროს პაქტის ხელმოწერა ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტების ჩამოსახლებაზე თანხმობას ნიშნავს. მისი მტკიცებთ,  2018 წლის აგვისტოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგ საქართველოსთვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტი და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 3,4 მლრდ ევროს ოდენობის თანხა რეალურად მიგრანტთა ჩამოყვანისა და დასახლებისთვის არის განკუთვნილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ფრაუ მერკელის ვიზიტის შემდეგ საქართველომ სესხად მიიღო რამდენიმე მილიონი, ჩვენ გვითხრეს, რისთვის იყო გამოყოფილი ეს თანხა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ მერკელის ვიზიტიცა და ფულიც, სწორედ მიგრანტთა ჩამოყვანისთვის იყო განკუთვნილი. 3,4 მლრდ დოლარი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, სავარაუდოდ, საქართველოში მიგრანტთა ღირსეულ დასახლებას მოხმარდება. ბუნებრივია, რომ ევროპა შეეცდება, ევროკავშირითან ასოცირების ხელშეკულებაზე ხელმომწერი ქვეყნები ჩაერთონ მიგრანტთა მიღების პროცესში და გადაანაწილონ პასუხისმგებლობა, რადგან თავად ვეღარ აუდიან მიგრანტებს, რომლებიც შეესივნენ ევროპის ქვეყნებს და მათი დიდი ნაწილი დამნაშავეა...".

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებები დეზინფორმაციაა. 3,4 მლრდ ევრო არა მიგრანტებისთვის, არამედ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა განკუთვნილი: 193 მლნ ევრო (150მლნ. ევრო გრანტის სახით) - პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესებისთვის; ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T)-ის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 3,4 მლრდ ევრო კი 18 პროექტს - ავტომაგისტრალების, რკინიგზის, ლოჯისტიკური ცენტრებისა და ანაკლიის პორტის მშენებლობას აფინანსებს.

ფაქტი 1. გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი 193 მლნ. ევროს დაფინანსება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესებისთვისააა განკუთვნილი.

2018 წლის 24 აგვისტოს თბილისში გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის ფარგლებში  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით150 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის  გამოყო . გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის  დავალებით რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას და ასევე თანმდევ ღონისძიებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ფაქტი 2. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი 3.4 მილიარდ ევროს დაფინანსება 18 კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებას მომხარდება.

2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა გამოაქვეყნა. საინვესტიციო გეგმის მიხედვით, საქართველოში დაგეგმილია 18 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტის სრული ბიუჯეტო კი 13 მლრდ. ევროა.

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო  გეგმის თანახმად, საქართველოში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. 18 პროექტს შორის 10- ავტომაგისტრალი, 2- რკინიგზა, 1- აეროპორტი, 2-პორტი, 2 -ლოგისტიკური ცენტრი და 1 -გამშვები პუნქტია.

TEN-T-ის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი პროექტები:

  • ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში – 61,5 მლნ. ევრო;
  • ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი – 100 მლნ. ევრო;
  • ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი (მეორე ფაზა) – 233 მლნ. ევრო;
  • გრიგლეთი-ფოთის ხიდი – 25 მლნ. ევრო;​
  • გრიგოლეთი-ქობულეთი ავტომაგისტრალი – 101 მლნ.  ევრო;
  • ბათუმის შემოვლითი გზა სარფამდე – 115 მლნ.  ევრო;
  • ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61,5 მლნ.  ევრო;
  • ჩუმათელეთი – არგვეთის ავტომაგისტრალი – 1,006 მლრდ.  ევრო;
  • კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი – 78,3 მლნ. ევრო;
  • რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი – 115 მლნ.  ევრო;
  • ალგეთი-სადახლოს გზა – 90 მილიონი ევრო;
  • სადახლოს მეგობრობის ხიდი – ექვსი მილიონი ევრო.

"

წყარო: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო  გეგმა

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო  გეგმა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი)  2030 წლისთვის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული გეგმა ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს. აღნიშნულ  ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების  შედეგად აშენდება 4800 კილომეტრის სიგრძის გზა და რკინიგზა, 6 პორტი და 11 ლოგისტიკის ცენტრი.

განმეორებითი დეზინფორმაციები გაეროს პაქტისა და გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის შესახებ

დეზინფორმაციას,  თითქოს საქართველოს მიგრანტების მიღებას  დასავლეთი ავალდებულებს, კრემლისტური აქტორები ანტიმიგრანტული და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებენ.

განმეორებითი დეზინფორმაცია 1.

კრემლისტური აქტორები (მათ შორის სპუტნიკი, “პატრიტთა ალიანის” წევრი ირმა ინაშვილი, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბარათურია, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები)  ადრეც აცხადებდნენ, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ მარაკეშში მიღებული “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი” საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს. თუმცა, დოკუმენტში მიგრანტების გაზრდილი ნაკადის მიღების ვალდებულება არსად არის ნახსენები. თავად დოკუმენტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ მიგრაციის პოლიტიკას.

განმეორებითი დეზინფორმაცია 2.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თბილისში ვიზიტს საქართველოს მხრიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების მიღების პერსპექტივასთან რუსი პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი და  ულტრანაციონალისტური ფეისბუქ გვერდი ქართული ძალაც აკავშირებდნენ. თუმცა,  მიგრანტების მიღების შესახებ განცხადება მერკელის ვიზიტის ფარგლებში არ გაკეთებულა და ქვეყანას მოგრანტების მიღებას არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებს.


პროპაგანდის მეთოდი:

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.


ვრცლად აღნიშნული  დეზინფორმაციებზე შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული წინა  მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს

სპუტნიკის მანიპულაცია გაეროს კომპაქტისა და მიგრაციის ნაკადის ზრდის შესახებ

პრორუსი აქტორების ახალი მესიჯბოქსი: გაეროს კომპაქტი = მიგრანტების ჩამოსახლების საფრთხეს

ინფორმაცია, თითქოს მერკელმა საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღება მოსთხოვა, ტყუილია

“ეროვნული ძალის” დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში 500 000 მიგრანტის შემოყვანა იგეგმება


მოამზადა ანა ჩიტალაძემ