დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას დე ფაქტო აღიარებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

russia-border-south-ossetia - Copy
196
VIEWS

11 ივლისს ონლაინ პორტალმა “საქინფორმმა” გამოქვეყნა სტატია, სათაურით „ევროკავშირი წინასწარ დაეთანხმა სასაზღვრო ბანერების განთავსებას ტერიტორიაზე, რომელსაც ევროკავშირი ქართულად არ მიიჩნევს! – საქინფორმის ვერსია დადასტურდა“.  მასალაში განვითარებულია მოსაზრება, თითქოს ევროკავშირმა უკვე დე ფაქტო აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხოლო დასავლეთი ოფიციალურ თბილისს აიძულებს რაც შეიძლება სწრაფად აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა საქართველო ნატოში მიიღონ. ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის ვიზიტი ცხინვალში და სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადება, რომ სასაზღვრო ბანერები არა 2017 წლის 4 ივლისს, არამედ  19 ივნისს დაიდგა, რაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ინფორმირებული იყო, რადგან მოგვიანებით განცხადებაში აღნიშნა, რომ ბანერები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსებულა.

საქინფორმი: “და აი, დღეს, 2 თვის შემდეგ, მეორედ დადასტურდა, რომ ევროკავშირმა დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სამხრეთ ოსეთის მხრის განცხადებით, სასაზღვრო ბანერები დაიდგა არა 2017 წლის 4 ივლისს, არამედ ჯერ კიდევ 19 ივნისს, “ და ამის შესახებ უეჭველად ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელმაც შემდეგ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბანერები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსებულა”.

საქინფორმის მტკიცება, თითქოს ევროკავშირმა უკვე დე ფაქტო აღიარა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხოლო დასავლეთი ოფიციალურ თბილისს ნატოში გასაწევრიანებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აიძულებს, დეზინფორმაციაა. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის, თავად ჰერბერტ ზალბერის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ოფისის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებები. მანიპულაციური ხასიათისაა ასევე მტკიცება, თითქოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ბანერები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსებულა.

ფაქტი #1: საქინფორმის მტკიცება, თითქოს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ბანერები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსებულა მანიპულაციურია. სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ  19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არის (თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე) რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა.

4 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბერშუეთში სავარაუდოდ განთავსებული ახალი მწვანე ბანერის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს ბერშუეთის მიდამოებში ივნისსში  განხორციელებულ საბორდერიზაციო ქმედებებს, თუმცა არ ადასტურებს ახალი მწვანე ბანერების დამონტაჟებას გასული კვირის განმავლობაში. ამასთან აღნიშნავს, რომ 2017 წლის 19 ივნისს, ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ) რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა. განცხადების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაუმართლებლად მიიჩნევს საბორდერიზაციო ქმედებებს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ამგვარი ბანერების განთავსებით.

ფაქტი #2: ევროკავშირი არ ცნობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ადასტურებს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების და თავად ჰერბერტ ზალბერის განცხადებები.

2017 წლის 16 მაისს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხზე გააკეთა კომენტარი, რაც ოფიციალური თბილისის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. 17 მაისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრის შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განმარტა, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მკაფიოდაა გაცხადებული მის არაერთ განცხადებასა თუ ოფიციალურ კომენტარში. ამასთან აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკასა და პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. 19 მაისს დავით დონდუასთან გამართული შეხვედრის შემდგომ, თავად ჰერბერტ ზალბერმა ასევე  განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს და მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სამხრეთ ოსეთში ე.წ არჩევნების ჩატარებამდე, 2017 წლის 8 აპრილს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ოფისმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ სცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ფაქტი #3. გზავნილი, თითქოს დასავლეთი ოფიციალურ თბილისს ნატოში გასაწევრიანებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აიძულებს,  ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის “ანტიდასავლური პროპაგანდა” თანახმად, გზავნილი, თითქოს ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს სხვადასხვა კრემლისტური და ეთნონაციონალისტური მედიასაშუალებების, ასევე პოლიტიკოსების მიერ ხშირად ვრცელდება და ერთგვარი მესიჯბოქსის სახეს ატარებს.

 

საქინფორმის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” 100%-იანი წილის მფლობელი გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. “საქინფორმი” საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო სააგენტო იყო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა, 2004 წლიდან კი გაუქმდა.  საქინფორმის სახელწოდებით სააგენტო 2010 წლიდან აღდგა.

საქინფორმი ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები)დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ნატო
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist