დეზინფორმაცია, თითქოს წითელას და წითურას ვაქცინები სიმსივნესა და ლეიკემიას იწვევს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47
VIEWS

2021 წლის 28 იანვარს Facebook მომხმარებელმა პაატა ზაქაიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აკადემიკოს ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გალინა კირილიჩევა ვაქცინაციაზე მოხსენებით გამოდის. ვიდეოში მომხსენებელი აღნიშნავს, რომ 1. უსაფრთხო არცერთი ვაქცინა არ არის და ის შეიძლება ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გართულებების მიზეზი გახდეს; 2. ადამიანის ორგანიზმს თვითმკურნალობის შესაძლებლობა აქვს, ხოლო ვაქცინაცია მის ეკოლოგიას აუარესებს და სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებას იწვევს; 3. ვაქცინები შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღად იქცეს და „ოპტიმალური საშუალებაა მოსახლეობის ჩიპიზაციისთვის“. Facebook პოსტის ავტორი ვიდეოში გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვაქცინაცია ადამიანებისთვის სახიფათოა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს ვაქცინაცია ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, სიმართლეს არ შეესაბამება: 1. ვაქცინები ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ იწვევს. 2. მოსაზრება, თითქოს, წითელასა და წითურის საწინააღმდეგო ვაქცინები სიმსივნესა და ლეიკემიას იწვევს, მცდარია და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. 3. მოსაზრება, თითქოს ვაქცინები მასობრივი განადგურების იარაღია და ადამიანების ჩიპიზაციას ისახავს მიზნად, გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს.  

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელშიც ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მოხსენებით გამოდის, არის ფრაგმენტი 2010 წლის 10 ივნისს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (რლდპ) საკონფერენციო დარბაზში გამართული კონფერენციისა, თემაზე „რუსი ხალხის გენოციდის აღიარების საკითხზე“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო რუსული საზოგადოებრივი მოძრაობა „აღორძინება. ოქროს საუკუნე“, რომელიც აკადემიკოსმა ნიკოლაი ლევაშოვმა ჩამოაყალიბა. ლევაშოვი, რომელიც ასევე იყო კონფერენციის მონაწილე, ნაციონალისტური და ანტი-სემიტური განწყობებით გამოირჩევა.  გარდა ამისა, იგი ვაქცინებზე კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა და აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა გონების ძალით შეეძლო. ორგანიზაცია საკუთარ YouTube არხზე 2012 წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ ლევაშოვი „გენეტიკური, ტალღური და რადიაციული იარაღის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა“.

;

ვაქცინები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ იწვევს

კირილიჩევა ვიდეომასალაში აღნიშნავს, რომ უსაფრთხო ვაქცინები არ არსებობს, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაცია ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას და გართულებებს იწვევს. სინამდვილეში, ნებისმიერი ვაქცინის დამტკიცებამდე და გამოყენებისთვის ლიცენზიის მოპოვებამდე, ტარდება კლინიკური კვლევები, ხდება რისკ-ფაქტორების შეფასება, შესაძლო გვერდითი მოვლენების დადგენა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს გამოქვეყნებული აქვთ მშობლების მიერ ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები. მშობლის კითხვაზე „საიდან ვიცოდეთ, რომ ვაქცინები გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ იწვევს?“, ცენტრი პასუხობს, რომ მეცნიერები მუშაობენ იმ რისკ-ფაქტორების დასადგენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე, ინსულტი, გულის დაავადება და ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა წითელი მგლურა ან რევმატოიდული ართრიტი. ასობით პოტენციური რისკ-ფაქტორის შესწავლის მიზნით ათასობით კვლევა ჩატარდა. არცერთი მათგანის შედეგი ვაქცინაციას, როგორც რისკ-ფაქტორს არ ავლენს.

გარდა ამისა, ცენტრი აღნიშნავს, რომ ლიცენზირებამდე ვაქცინის უსაფრთხოებას კლინიკური გამოკვლევების მეშვეობით აფასებენ და მუდმივად აკონტროლებენ მას. მეტიც, არ არსებობს დასაბუთებული ბიოლოგიური მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ ვაქცინებმა შეიძლება რაიმე სერიოზული გრძელვადიანი ეფექტი გამოიწვიოს. ვაქცინების გამოყენების 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ალბათობა იმისა, რომ ვაქცინამ მოულოდნელი გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, ძალიან დაბალია.

წითელასა და წითურის ვაქცინები სიმსივნესა და ლეიკემიას არ იწვევს

კირილიჩევა თავის მოხსენებაში ანტი-ვაქსერ პედიატრ რობერტ მენდელსონის მოსაზრებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, „ჩვენს ორგანიზმს თვითმკურნალობის წარმოუდგენელი შესაძლებლობა აქვს“. მომხსენებლის თანახმად, ვაქცინაცია ადამიანის ეკოლოგიას აუარესებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმის ადაპტირების სისტემები დატვირთვას ვერ უძლებს და საბოლოო ჯამში, შეიძლება მძიმე დაავადება განუვითარდეს. კირილიჩევა აღნიშნავს, რომ „წითელა და წითურა სიმსივნით და ლეიკემიით შევცვალეთ“.

ამერიკელი პედიატრი რობერტ მენდელსონი, რომელიც თავს „სამედიცინო ერეტიკოსად“ მიიჩნევდა, ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციას და ამტკიცებდა, რომ ვაქცინები უფრო მეტ ზიანის მომტანი იყო, ვიდრე სარგებლის. 1978 წელს გამოქვეყნებულ სამედიცინო საინფორმაციო ბიულეტენში (The People’s Doctor) მენდელსონი აღნიშნავს, რომ ვაქცინები უამრავ დაავადებებს იწვევდა, რომელთა შორისაა რევმატოიდული ართრიტი, პარკინსონის დაავადება და სიმსივნე.

აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინას (MMR) ლეიკემიის რისკი არ უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2000-2018 წლებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ მთელ მსოფლიოში წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების რაოდენობა  73%-ით შეამცირა. ამავე პერიოდში, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ მსოფლიოს 23.2 მილიონი ადამიანის გარდაცვალება ააცილა თავიდან. შედარებისთვის, 1963 წელს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე და მის ფართო გამოყენებამდე, ეპედიემიები დაახლოებით ყოველ 2-3 წელიწადში ხდებოდა, რის შედეგადაც წლიურად წითელასგან დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანი კვდებოდა.

რაც შეეხება წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობას, ვაქცინის გამოყენების მასშტაბების გაფართოების შედეგად, გამოვლენილი წითურას შემთხვევების რაოდენობა 2018 წელს (14 621 შემთხვევა 151 ქვეყანაში), 2000 წელთან (670 894 შემთხვევა 102 ქვეყანაში) შედარებით,  97%-ით შემცირდა.

ასევე მცდარია მოსაზრება, თითქოს უკეთესი იქნება, თუ იმუნიტეტი დაავადების გადატანის შედეგად გამომუშავდება და არა ვაქცინების მეშვეობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ისეთივეა, როგორც ინფიცირების შემდეგ, თუმცა, ინფიცირება ისეთ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა b ტიპის ჰემოფილუს ინფლუენსათი გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობა (ოლიგოფრენია), თანდაყოლილი წითურას ინფექციით გამოწვეული დაბადების დეფექტები, B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის კიბო ან წითელასგან გარდაცვალება.

მტკიცება, თითქოს ვაქცინები მასობრივი განადგურების იარაღია, კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს

კირილიჩევა აღნიშნავს, რომ ვაქცინები შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღად იქცეს. მისი თქმით, მასობრიობიდან გამომდინარე, ვაქცინები – ოპტიმალური საშუალებაა მოსახლეობის ჩიპიზაციისთვის. რეალურად, კირილიჩევას მტკიცება, თითქოს ვაქცინები მოსახლეობის ჩიპიზაციას და განადგურებას ისახავს მიზნად, კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. მოსახლეობის ჩიპიზაციას და დეპოპულაციას ხშირად ბილ გეიტს უკავშირებენ, რომლის სახელს Facebook პოსტის ავტორი ასევე ახსენებს. აღნიშნული მტკიცება, სიმართლეს არ შეესაბამება და უკვე გადამოწმებულია მითების დეტექტორის მიერ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ვაქცინები მიკროჩიპებს შეიცავდეს. გარდა ამისა, ვაქცინების შემუშავება მკაცრად დადგენილი წესების დაცვით ხდება.


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist