დეზინფორმაცია: საფრანგეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

82
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალი”-ს 2017 წლის 6-12 მარტის ნომერში გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის კორესპონდენტის გიორგი ფოფხაძის ინტერვიუ, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ საფრანგეთი, როგორც წესი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ კი მან საინტოლოგებისა და იეჰოვას მოწმეების საქმე დაასახელა.

გიორგი ფოფხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის კორესპონდენტი: „საერთოდ საფრანგეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იგნორირებას უკეთებს! მაგალითად, საფრანგეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი რელიგიური დაჯგუფება, რომელზეც კათოლიკური ეკლესია იტყვის, რომ არის სექტა, საფრანგეთში კანონგარეშედ გამოცხადდეს და მისი საქმიანობა აიკრძალოს! ამ თვალსაზრისით იეღოველებისა და საინტოლოგების სექტების საქმიანობა საფრანგეთში აკრძალულია!..მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგმა საფრანგეთის სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, საფრანგეთმა თავისი მართლმსაჯულება დააყენა წინა პლანზე და გარკვევით თქვა, რომ პარიზი არ აპირებდა სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღიარებას!”

აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან საფრანგეთს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება აღსრულებული აქვს, ხოლო გადაწყვეტილებათა 6 %, დღეის მდგომარეობით, აღსრულების პროცესშია. რაც შეეხება რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, ECHR-ის სისტემაში მსგავსი შინაარსის საქმე არ იძებნება. რელიგიურ თემაზე იეჰოვას მოწმათა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კი იმ საქმეთა რიცხვშია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე აღასრულა.

N1: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “იეჰოვას მოწმეთა ასოციაცია საფრანგეთის წინააღმდეგ” საფრანგეთმა აღასრულა

ECHR-ის გადაწყვეტილება საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებისა და საინტოლოგების საქმიანობის შესახებ, რომლის შესახებაც გიორგი ფოფხაძე საუბრობს, არ იძებნება. ერთადერთი საქმე, რომელშიც მხარეებად იეჰოვას მოწმეების ასოციაცია და საფრანგეთი არიან წარმოდგენილები, გადასახადებს ეხება. 1995 წელს ასოციაციას 1993-1995 წლებში ხელზე მიღებული საჩუქრების დეკლარირება მოსთხოვეს. უარის შემდეგ ასოციაცია ავტომატურად დაბეგრეს. 2011 წელს ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. საფრანგეთს 4 მილიონამდე ევროს ასოციაციისთვის დაბრუნება და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა. ერთი წლის შემდეგ საფრანგეთმა 7 მილიონამდე ევრო გადაიხადა, ხოლო 2013 წელს, გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქმეთა აღსრულების პროცესს, საქმე დახურა.

N2: რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ECHR-ის გადაწყვეტილებებს გვერდი ადგილობრივი სასამართლოს მეშვეობით აუარა

რუსეთი ევროსაბჭოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ECHR-ის გადაწყვეტილებების უარყოფის შესაძლებლობა შიდა კანონმდებლობით განსაზღვრა. ეს პროცესი საქმით “იუკოსი რუსეთის წინააღმდეგ” დაიწყო , რომელზეც 2014 წლის დეკემბერში სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპანიის მემკვიდრეებისთვის 2 მილიარდამდე ევროს გადახდა დააკისრა, ასევე გადაწყვეტილებიდან 6 თვის მანძილზე კონპენსაციის გეგმის წარდგენა მოსთხოვა. რუსეთმა მოთხოვნა არ შეასრულა, ხოლო გეგმის წარდგენის ბოლო დღეს დუმის 90-მა დეპუტატმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს ECHR-ის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარის თქმა შეუძლია, თუ ის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საკონტიტუციო სასამართლოს განცხადების საფუძველზე, 2015 წელს რუსეთის დუმამ შესაბამისი კანონი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ECHR-ის გადაწყვეტილებების “გადახედვას” ითვალისწინებს.

ამასთანავე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად მათ გადაწყვეტილების შესრულებას რუსეთი (16%) ახანგრძლივებს, რასაც თურქეთი და მოლდოვა მოსდევს. რუსეთს ECHR-ის გადაწყვეტილებების მხოლოდ 17 % აქვს ამ დროისთვის შესრულებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა. აღსრულების გახანგრძლივება სხვადასხვა გარემოების გამო შესაძლოა გახანგრძლივდეს. ძირითადად, ეს უკავშირდება დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით თანხის გადახდას, რასაც სახელმწიფოები, დაგვიანების შემთხვევაში, დამატებითი პროცენტით იხდიან. ფულადი კონპენსაციის გარდა, გადაწყვეტილების სრულად აღსრულება, შესაძლოა, ადგილობრივი კანონმდებლობის გაუმჯობესებას საჭიროებდეს, რაც დამატებით დროს მოითხოვს.

P.S. საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა აღნიშნული განცხადება “ასავალ-დასავალთან” სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებითვის გააკეთა. 2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა, ხოლო 8 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist