დემოგრაფია

დეზინფორმაცია: საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს

11 მაისი, 2017

2017 წლის 13 მარტს, agora.ge-ზე გამოაქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით "საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს", რომელიც 4 მაისს, ბლოგებზე "განათლების სახლი" და oknws.com, ხოლო 5 მაისს მედია პორტალმა "ჯეო დაიჯესტი" იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს. მასალაში მოყვანილია countrymeters.info-ის სტატისტიკა, რომელიც, თავის მხრივ, გაეროს მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმად, 1990 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,17%-დან 1,21%-მდე შემცირდა.

მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მცდარია.

1. "გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიას” არც countrymeters.info, არც გაერო არ აქვეყნებს.

არც პორტალ countrymeters.info-ზე, არც გაეროს ვებ-გვერდზე, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნების დემოგრაფიის შესახებ სტატისტიკას გვთავაზობენ, "გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სია” საერთოდ არ იძებნება.

2. სტატიის სათაური არც სტატიის შინაარსს და არც გაერო-ს მონაცემებს არ შეესაბამება

სტატიის სათაური არ შეესაბამება არც სტატიის შინაარსს, არც იმ გაეროს მონაცმებს. გაეროს მსოფლიო მოსახლეობის პროგნოზის მონაცემებისმიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 12.9%-იანი კლებაა მოსალოდნელი. იმავე მონაცემების თანახმად, საქართველოში მოსახლეობამ 2015 წელს 4 000 000 შეადგინა, 2050 წელს კი მოსახლეობა, შესაძლოა, 3 483 000-მდე შემცირდეს. კლების ტენდენციის მიუხედავად, გაერო საქართველოს "გადაშენების” შესახებ საერთოდ არ საუბრობს.

გაეროს ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სავარაუდო შემცირება 2015-2050 წლის შუალედში 48 ქვეყანაშია მოსალოდნელი. ეს პრობლემა კი ყველაზე აქტუალური შემდეგ ქვეყნებშია: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლატვია, ლიტვა, სერბეთი, ხორვატია და უნგრეთი. ამ სიაში საქართველო მე-15 ადგილზეა.

იდენტური რუსული წყაროები

ამ თემაზე იდენტური შინაარსის სტატია 2016 წლის 30 სექტემებერს, რუსულ Sputnik-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ოჯახების მსოფლიო კონგრესის დირექტორს თინათინ ხორბალაძეს ეყრდნობა. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა Geomigrant.com-მაც, რომელიც საქართველოს შესახებ სიახლეებს რუსულ ენაზე ქართველ ემიგრანტებს სთავაზობს.

ოჯახების მსოფლიო კონგრესის შესახებ:

ოჯახების მსოფლიო კონგრესი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახური ტრადიციების წამახალისებელ და ანტი-ლგბტ კონგრესებს აორგანიზებს. ამერიკული ირიდიული საკონსულტაციო ორგანიზაციის Southern Poverty Law Center-ს ინფორმაციით, ოჯახების მსოფლიო კონგრესი 2013 წელს რუსეთის ანტი-გეი კანონის შემუშავებაში იყო ჩართული. 2015 წლის 17 მაისს კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ოჯახების მსოფლიო კონგრესი თბილისში მოიწვია, რომლის ფარგლებშიც არაერთი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადება გაკეთდა.


მოამზადა ნიკა გურინმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია